საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №111აპ-15 ქ. თბილისი
ა-ო ს 111აპ-15 13 ივლისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გ. ლ-ა და მსჯავრდებულ ს. ა-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განაჩენით:
ს. ა-ო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ს. ა-ო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 25 სექტემბრიდან.
გ. ტ-ე საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გ. ტ-ს უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ს. ა-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ს. ა-ო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 25 სექტემბრიდან.
გ. ტ-ე საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
გ. ტ-ს უფლება აქვს, საქართველოს სსკ-ის 92-ე მუხლის დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულებები - ს. ა-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული სამხედრო ზურგჩანთა, ხისტარიანი სამზარეულოს დანა, ყვითელი ფერის სამხედრო ფეხსაცმელი, სამხედრო შარვალი, სამხედრო ზედა, ქურთუკი, მწვანე ფერის ზურგჩანთა, ყვითელი ფერის მცირე ზომის ხელჩანთა, ლითონის ნაჭრები, მავთული, თოკი და ძუა, რაც დალუქული ინახება შსს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ს. ა-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთლულიანი, ჩახმახიანი სანადირო თოფი, რომლის ლულასა და ცივიოზე ამოტვიფრულია k 44262, შავი ფერის ტყავის ვაზნების ჩასალაგებელი, რომელშიც არის ორი ლითონის ვაზნა, რაც დალუქული ინახება შსს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით, უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
ს. ა-ა და ო. გ-ს სისხლის ნიმუშები, ო. გ-ს თმის და ფრჩხილის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, გ. ტ-ა და ს. ა-ს დენთის კვალის ნიმუშები, რაც დალუქული ინახება შსს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 3 ტომარა, ყვითელი ფერის ,,ბათინკი“, 2 სპორტული შარვალი და ერთი სვიტერი, ლურჯი ფერის ქურთუკი, გატეხილი ანკესი, რაც დალუქული ინახება შსს კახეთის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. გარდაცვლილ ო. გ-ს ტანისამოსი, რაც დალუქული ინახება შსს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მისი ოჯახის წევრს.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ს. ა-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გ. ლ-ა და მსჯავრდებულ ს. ა-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი