საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე 124აპ-15 ქ. თბილისი
ბ-ი ა, 124აპ-15. 22 ივლისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ა. ბ-ი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ა. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 7 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 14 ივლისიდან იმავე წლის 21 ივლისის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე ა. ბ-ს 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გაუქმდა ა. ბ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ზ. დ-ის (პ/N 03001005497) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 61110300401500 და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
ავტომობილი ,,მაზდა“, სახელმწიფო ნომრით ,,…“, რომელიც განთავსებულია თბილისში, გლდანის მე-5 მ/რ-ნის #177-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს ,,ელგოს“ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელ ა. ბ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ა. ბ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი