დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-808 (კ-25) 22 დეკემბერი, 2025 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ი. დ- (მოსარჩელე)
მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ. ი. დ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 23.01.2023 წლის №1000833393 უარყოფითი დასკვნა მოსარჩელის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე; დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტისათვის გადაგზავნა (ს.ფ.105).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.09.2023 წლის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს პრეზიდენტი (ს.ფ.106).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.10.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 21.10.2022 წელს მოსარჩელემ (კანონიერი წარმომადგენელი დედა) განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.
3.2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 05.01.2023 წლის №SSG 4 23 00001317 მიმართვით, სააგენტოს წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. 01.11.2022 წლის საქართველოს დაზვერვის სამსახურის №00005887 წერილის თანახმად, სააგენტოს ეცნობა, რომ 26.10.2022 წლის სააგენტოს №1000833389/1 წერილში მითითებული პირების, მათ შორის მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
3.3. 23.01.2023 წელს სააგენტომ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, მოამზადა მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე უარყოფითი №1000833393 დასკვნა.
3.4. 27.01.2023 წლის სააგენტოს №1000833393/2 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სააგენტოს დასკვნა გადაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 23.01.2023 წელს. აღნიშნული წერილით სააგენტომ მოსარჩელეს ასევე აცნობა, რომ მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა. სააგენტოს მიერ წარდგენილ დასკვნებზე, მათ შორის მოსარჩელის შესახებ უარყოფით დასკვნაზე, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.
3.5. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხები განსაზღვრულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლით. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
3.6. სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს რიგ გარემოებებს, კერძოდ, მოსარჩელე დაიბადა თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. სტამბოლში, სადაც ცხოვრობს და მუშაობს მისი საქართველოს მოქალაქეობის მქონე დედა ნ. დ-ი (ქორწინებამდელი გვარი - ხ-ე). საქმეში წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით ნათლად დასტურდება მოსარჩელის მჭიდრო კავშირები საქართველოსთან: მოსარჩელეს საქართველოში ჰყავს საქართველოს მოქალაქე ბებია და სხვა ნათესავები, რომლებთანაც გააჩნია მჭიდრო კავშირი და ურთიერთობები, დედას საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება ქალაქ თბილისში. მოსარჩელე ხშირად ჩამოდის საქართველოში.
3.7. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის დედას საქართველოს პრეზიდენტის 29.06.2020 წლის №166 ბრძანებულებით შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის დედას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობა, ბუნდოვანია, რომელ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს მოსარჩელე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტოს მიერ მომზადებული უარყოფითი დასკვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებას და დამატებით მიუთითა შემდეგი:
5.1. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სააგენტოს 23.01.2023 წლის №1000833393 დასკვნის კანონიერების შემოწმება, რომლითაც მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე მიეცა უარყოფითი რეკომენდაცია. ამდენად, პალატა შეაფასებს რამდენად არსებობდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლები.
5.2. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხები განსაზღვრულია ორგანული კანონის 211 მუხლით, რომლის მეორე პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
5.3. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, ხოლო ამავე კანონის 24-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საფუძვლებს მეტად აკონკრეტებს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-40 მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.
5.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 21.10.2022 წელს მოსარჩელემ (კანონიერი წარმომადგენელი - დედა ნ. დ-) განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა ორგანული კანონის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. 20.01.2023 წელს დედასთან ჩატარდა გასაუბრება. მოსარჩელე არის საქართველოს და თურქეთის მოქალაქე, ცხოვრობს თურქეთში მშობლებთან ერთად. დედა არის საქართველო-თურქეთის მოქალაქე, დასაქმებულია სამედიცინო კლინიკაში. მამა არის თურქეთის მოქალაქე და დასაქმებულია თურქეთში, ქ. სტამბოლის მერიაში ...ის სამსახურში. საქართველოში ჰყავს ბებია. კომისიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ აკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მიღებული ინფორმაციისა და მოსარჩელის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობის არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ მოსარჩელის მიმართ არ არსებობდა 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ორმა წევრმა: ნინო შარაშიძემ და ლია წიკლაურმა წარადგინეს განსხვავებული პოზიცია: მოსარჩელეს ჰყავს საქართველოს მოქალაქე დედა, ბებია და ნათესავები. მათ დააფიქსირეს მოსარჩელისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი პოზიცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ მის მიმართ არსებობს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა.
5.5. 23.01.2023 წელს სააგენტომ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, მოამზადა მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე უარყოფითი დასკვნა.
5.6. პალატამ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირის საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ შეიძლება მხედველობაში მიიღოს ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას, საქართველოში უძრავი ქონების ფლობა, საქართველოში საქმიანობა, ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან, თუმცა კანონმდებლობაში ჩამოთვლილი აღნიშნული კრიტერიუმები არ არის ამომწურავი, მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოების შემოწმება კომპლექსური პროცესია. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის თურქეთის სკოლაში სწავლა და იქ მშობლებთან ერთად ცხოვრება გულისხმობს მოსარჩელის მჭიდრო კავშირს არა საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყანასთან, ირელევანტურია, რადგან აღნიშნული საკითხი უნდა შეფასდეს განსხვავებულ ჭრილში. ის, რომ ამჟამად განმცხადებელს არ გააჩნია ყოველდღიური კავშირი საქართველოსთან, განპირობებულია მხოლოდ იმ გარემოებით, რომ მისი მშობლები ცხოვრობენ და მუშაობენ თურქეთში, ხოლო თავად არის არასრულწლოვანი და სწავლობს თურქეთში სკოლაში. ამ ვითარებაში, ცხადია, რომ სწავლის გამო ის ვერ იქნება წლის უმეტეს დროს საქართველოში, თუმცა სრულწლოვნობის მიღწევისა და სკოლის დასრულების შემდგომ, მას მიეცემა შესაძლებლობა დაბრუნდეს საქართველოში და სურვილისამებრ აქ გააგრძელოს უმაღლესი განათლების მიღება და ეს მით უფრო სარწმუნო ხდება, როცა განმცხადებელი ცხადად გამოხატავს სურვილს სამომავლოდ უფრო მჭიდროდ დაკავშირდეს საქართველოსთან, რაც მხედველობაში მისაღები ერთ-ერთი გარემოებათაგანია.
5.7. საგულისხმოა ისიც, რომ მოსარჩელის დედას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შენარჩუნებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა და მას აქვს უძრავი ქონება საქართველოში, რაც აძლევს განმცხადებელს შესაძლებლობას თავისუფლად იცხოვროს საქართველოში. გარდა ამისა, მისი ბებიაც ცხოვრობს საქართველოში, რომელთანაც საკმაოდ ხშირად ჩამოდის სანახავად თურქეთიდან, სკოლაში სწავლისგან თავისუფალ დროს. ამდენად, მითითებული გარემოებები სავსებით საკმარისია, რომ დადგინდეს არასრულწლოვანი განმცხადებლის მჭიდრო კავშირი საქართველოსთან. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე არის არასრულწლოვანი, მხედველობაშია მისაღები მისი საუკეთესო ინტერესი და გადაწყვეტილების მიღების დადებითად გადაჭრის აღმატებული საჭიროება. ამდენად, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ეს ძირითადი პრინციპი, რაც მოპასუხის მხრიდან უგულებელყოფილ იქნა. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის დასაბუთებული და არ შეიცავს მსჯელობას თუ რა არგუმენტები დაუპირისპირა ადმინისტრაციულმა ორგანომ ბავშვის ინტერესის საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა არსებითი ფაქტობრივი გარემოება მოპასუხისათვის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ცნობილი იყო, ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ შეუფასებია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის კავშირი საქართველოსთან იმთავითვე დასტურდებოდა, მისი ოჯახის წევრების საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის გათვალისწინებით, რაც ქმნიდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააგენტოს 23.01.2023 წლის №1000833393 დასკვნის ბათილად ცნობისა და მისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით მომზადდება დადებითი დასკვნა, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნება პრეზიდენტს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების წინაპირობების არსებობა. საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის განსაკუთრებული პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალურ-კულტურული კავშირი. იგი არის ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ინდივიდის სრულყოფილი ინტეგრაციის ერთგვარი გამოხატულება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.03.2025 წლის გადაწყვეტილება, საქმე №3/3/1601, II-17). ცალკეულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა განსხვავდება უცხოელის მდგომარეობისაგან, რაც განპირობებულია ამ ურთიერთობისა და თავად მოქალაქეობის ბუნებით. საქართველოს კონსტიტუციის რიგი დებულებები მიუთითებს, რომ ესა თუ ის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის გადაწყვეტილება, საქმე №2/9/810,927, II-10).
10. მართალია, მოქალაქეობის უფლება, როგორც ასეთი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით არ არის გარანტირებული (Usmanov v. Russia, 22.12.2020, №43936/18, §53), თუმცა გარკვეული გარემოებების არსებობისას მოქალაქეობაზე თვითნებურად უარის თქმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა (შდრ. Genoveze v. Malta, 11.10.2011, №53124/09, §30).
11. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში „ორგანული კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
12. ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტით, არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არასრულწლოვანია და მისი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის - დედის განცხადების საფუძველზე. წარდგენილ იქნა მეორე მშობლის თანხმობაც (ს.ფ.55-58; 67-68).
13. ორგანული კანონის 211 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობა საქართველოს სახელმწიფოსგან თანხმობის მიღების შემთხვევაში. თანხმობის გაცემის საფუძველს ქმნის საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირის სარწმუნოდ მიჩნევა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებთან შეუსაბამობის არარსებობა. საქმის მასალებში დაცული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 05.01.2023 წლის №SSG 4 23 00001317 მიმართვით, სააგენტოს წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია (ს.ფ.75). 01.11.2022 წლის საქართველოს დაზვერვის სამსახურის №00005887 წერილის თანახმად, სააგენტოს ეცნობა, რომ 26.10.2022 წლის სააგენტოს №1000833389/1 წერილში მითითებული პირების, მათ შორის მოსარჩელის შესახებ, ინფორმაცია არ გააჩნია (ს.ფ.76-77).
14. რაც შეეხება მოსარჩელის საქართველოსთან სარწმუნო კავშირის არსებობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოების შემოწმება კომპლექსური პროცესია და კანონმდებლობაში ჩამოთვლილი კრიტერიუმები არ არის ამომწურავი, თუმცა მათი სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილება დადებითი დასკვნის გაცემის წინაპირობას იძლევა (სუსგ №ბს-978(კ-23), 19.12.2023 წ.).
15. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-40 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირის საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიღებული იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე, რომელიც არასრულწლოვანია (დაბადებული 22.03.2009 წელს), ცხოვრობს თურქეთში მშობლებთან ერთად. მოსარჩელის დედას საქართველოს პრეზიდენტის 29.06.2020 წლის №166 ბრძანებულებით შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობა (ს.ფ.134). მოსარჩელეს საქართველოში ჰყავს საქართველოს მოქალაქე ბებია და სხვა ნათესავები, რომლებთანაც აქვს მჭიდრო კავშირი და ურთიერთობები, დედას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება ქალაქ თბილისში (ს.ფ.23). მოსარჩელე ხშირად ჩამოდის საქართველოში.
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ №ბს-758(2კ-24), 21.01.2025წ; №ბს-1377(2კ-24), 28.03.2025წ.), ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.2025 წლის განჩინება.
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ: 202307404) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №15411, გადახდის თარიღი 17.07.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
გიზო უბილავა