შუამდგომლობა
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-1881-შ-57-05 16 სექტემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
დავის საგანი: რუსეთის ფედერაციის ... პალატასთან არსებული საერთაშორისო ... საარბიტრაჟო სასამართლოს 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება საქართველოს ტერიტორიაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსეთის ფედერაციის ... პალატასთან არსებული საერთაშორისო ... საარბიტრაჟო სასამართლოს 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ა.-ს” „ი.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 29.108.866.07 აშშ დოლარის გადახდა, ასევე 76.309.00 აშშ დოლარი საარბიტრო მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
კომპანია „ი.-ს” წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ... პალატასთან არსებული საერთაშორისო ... საარბიტრაჟო სასამართლოს 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება საქართველოს ტერიტორიაზე.
სს „ა.-ის” წარმომადგენელს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დარღვეულია პროცესუალური ნორმები, კერძოდ, სასამართლო სხდომის შესახებ უწყებები გადაგზავნილია არა ა.-ის მისამართით, რომელიც მითითებულია სასარჩელო განცხადებაში, არამედ სულ სხვა მისამართზე და თავისთავად 2005წ. 18 იანვრის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი ვერ გამოცხადდებოდა, ხოლო 18 მარტის სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია ტელეფონით შეიტყვეს, ასევე, 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება გადაგზავნილია სხვა მისამართზე და მოპასუხეს გადაწყვეტილება არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი:
უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ კომპანია „ი.-ს” შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ კონვენციის (საქართველო შეუერთდა 1994 წელს) მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება.
ამავე კონვენციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც არ ხდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.
სს „ა.-ის” წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლო სხდომის შესახებ არ იყო ინფორმირებული და სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ, ვერ იქნება გაზიარებული.
აღნიშნული კონვენციის მე-5 მუხლის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება არ ხდება, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც არის მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის, საარბიტრაჟო გარჩევის თაობაზე ან სხვა მიზეზით ვერ შეძლო თავისი ახსნა-განმარტების წარდგენა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, მოპასუხემ დანიშნა თავისი არბიტრი, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში. სასამართლო სხდომების შესახებ მოპასუხეს ეცნობა უწყებებით, რომელიც მოპასუხეს ჩაბარდა, რაზედაც არსებობს შესაბამისი შეტყობინებები. მოპასუხეს წარდგენილი აქვს ახსნა-განმარტება, რომლითაც არ ცნობს სარჩელს, საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოპასუხის წარმომადგენელი პ.ფალილეევი. სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა როგორც მოპასუხეს, ასევე, გადაეცა მის წარმომადგენელს. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს. უფრო მეტიც, სს „ა.-ის” წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობდა „ა.-ის” წარმომადგენელი.
ამდენად, არ არსებობს კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული უცხოეთის გადაწყვეტილების არცნობის საფუძვლები და, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ... პალატასთან არსებული საერთაშორისო ... საარბიტრაჟო სასამართლოს 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს როგორც სავალდებულო და აღსრულდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის” შესახებ კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კომპანია „ი.-ს” შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
რუსეთის ფედერაციის ... პალატასთან არსებული საერთაშორისო ... საარბიტრაჟო სასამართლოს 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ა.-ს” დაეკისრა „ი.-ს” სასარგებლოდ 2910886607 აშშ დოლარისა და 76309,00 აშშ დოლარი საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა, დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას;
ამ განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი, იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.