დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.07.2015
საქმის ნომერი
2კ-11-I-15
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №111-15 ქ. თბილისი

ე-ი ჰ. ა.- 11I-15 14 ივლისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან _ ლელა სანიკიძის

პროკურორ _ დ. ჯ-ას

ადვოკატ _ დ. ი-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ჰ. ა. ე-ის

თარჯიმან _ მ. ა-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ა. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ი-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2014 წლის 25 დეკემბერს საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ჰ. ა. ე-ი.

2. 2012 წლის 6 მარტის თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. ა. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ძარცვაში, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მიერ; ძარცვის მცდელობაში, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მიერ და თავისუფლების ხელყოფაში, ჩადენილი მუქარის თანხლებით, იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად; დანაშაული, გათვალისწინებული თურქეთის რესპუბლიკის სსკ-ის 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა 19 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2010 წლის 9 თებერვალს ჯ. და ა. ი-ები ,,ი-ის ტაქსის“ გაჩერებაზე (თურქეთის რესპუბლიკის ქ.ორდუ) სექსუალური მომსახურების მიღების მიზნით შეხვდნენ ნ. თ-ს, ე. ხ-სა და ე. ფ-ს. მოგვიანებით მათ შეუერთდათ ჰ. ა. ე-ი. დაახლოებით 21.00 საათზე ისინი წავიდნენ ფ-ის რაიონულ ცენტრში. გზაზე ისინი ვერ შეთანხმდნენ სექსუალურ მომსახურებასთან დაკავშირებით ანგარიშსწორების თაობაზე. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჰ. ა. ე-მა, ჯ. და ა. ი-ებმა გადაიფიქრეს სექსუალური კავშირის დამყარება და გადაწყვიტეს მათი გაძარცვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ა. ი-მმა თავი გაასაღა პოლიციელად, ამოიღო იარაღი და დააშინა ნ. თ-ი, ე. ხ-ი და ე. ფ-ი, შემდეგ ჩამოართვა ჩანთები, გაჩხრიკა, ამოიღო პასპორტები, ნ. თ-ის კუთვნილი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო სამივეს ერთად მოსთხოვა 4.000 თურქული ლირა, რაზეც ისინი დათანხმდნენ. თანხის მოტანის მიზნით ე. ხ-ი გადავიდა ა/მანქანიდან. მას თან გაჰყვა ჰ. ა. ე-ი. ე. ხ-მა დაიწყო ყვირილი და საშველად მოუხმო პოლიციას. ჰ. ა-ს შეეშინდა და გაიქცა ა/მანქანისკენ. ამ დროს ჯ. და ა. ი-ები ნ. თ-სა და ე. ფ-თან ერთად გადაადგილდებოდნენ ა/მანქანით. ისარგებლეს რა მანქანის ნელი სვლით, ისინი გადახტნენ მანქანიდან.

4. 2013 წლის 18 მარტის თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩა ძალაში.

5. 2014 წლის 28 თებერვალს უნიეს რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის მიერ გამოიცა ჰ. ა. ე-ის დაკავების ბრძანება.

6. 2014 წლის 15 მაისს ინტერპოლმა ჰ. ა. ე-ის მიმართ გამოაცხადა საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით.

7. 2014 წლის 25 დეკემბერს საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ჰ. ა. ე-ი.

8. 2014 წლის 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. ა. ე-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

9. 2015 წლის 24 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. ა. ე-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის 3 - თვიანი ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით, 6 თვემდე - 2015 წლის 25 ივნისამდე, ხოლო იმავე სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის განჩინებით საექსტრადიციო პატიმრობის 6 - თვიანი ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით, 9 თვემდე - 2015 წლის 25 სექტემბრამდე.

10. 2015 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა დ. ჯ-ამ და ითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ჰ. ა. ე-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის განაჩენის აღსრულების მიზნით.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივნისის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორის - დ. ჯ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ა. ე-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის განაჩენის აღსრულების მიზნით, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სსკ-ის 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივნისის განჩინების თაობაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ა. ე-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ი-მა კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან აღნიშნა, რომ ჰ. ა. ე-ს დანაშაული არ ჩაუდენია; თურქეთში მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული, რადგან მას იქ ჰყავს მტრები; ჰ. ა. ე-ს გაეროსა და საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შეტანილი აქვს განცხადება მისთვის თავშესაფრის მიცემის შესახებ, მაგრამ სამინისტროდან პასუხი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ამ დრომდე არ არის მოსული. ამდენად, ადვოკატმა ითხოვა თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირებული პირის ექსრადიციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმება და მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობა.

13. საკასაციო პალატის სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა - ჰ. ა. ე-მა და მისმა ადვოკატმა - დ. ი-მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

14. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დ. ჯ-ამ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ მითითებული საფუძვლებით ჰ. ა. ე-ის ექსტრადიციაზე უარის თქმა სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ითხოვა ჰ. ა. ე-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ა. ე-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2014 წლის 25 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ჰ. ა. ე-ისათვის წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან იგი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სურვილი. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს იმ მოტივით, რომ ჰ. ა. ე-ს თურქეთში ჰყავს მტერი და იქ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რის გამოც არ უნდა თურქეთში დაბრუნება - მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას, ცნობს და აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივნისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა ჰ. ა. ე-ის ექსტრადიციის შესახებ, თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის განაჩენის აღსრულების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 21ივლისის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ა. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ი-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივნისის განჩინება ჰ. ა. ე-ის ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი