დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.08.2015
საქმის ნომერი
2კ-15-I-15
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.08.2015

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №15I-15 ქ. თბილისი

კ-ი ა.- 15I-15 6 აგვისტო, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, ზაზა მეიშვილი

სხდომის მდივან - ანა ვარდიძის

პროკურორ - ნ. ზ-ის

ადვოკატ - ე. კ-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. კ-ის

თარჯიმან - ბ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით 2013 წლის 6 სექტემბერს კალუგის ოლქში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ჟუკოვსკის რაიონის საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოცემული ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად, ა. კ-ს ბრალი ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (განზრახ მკვლელობა).

2. 2013 წლის 9 სექტემბერს კალუგის ოლქში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ჟუკოვსკის რაიონის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ა. კ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა, ხოლო 2013 წლის 11 სექტემბერს - საერთაშორისო ძებნა.

3. 2013 წლის 12 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის ჟუკოვსკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ა. კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

4. 2013 წლის 10 დეკემბერს ა. კ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

5. 2014 წლის 7 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. კ-ი.

6. 2014 წლის 9 დეკემბერს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. კ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

7. 2014 წლის 19 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

8. 2015 წლის 14 იანვარს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა ა. კ-ის ექსტრადიციის თაობაზე რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა. აღნიშნული შუამდგომლობის და შესაბამისი საექსტრადიციო მასალების დედანი მიღებულ იქნა 2015 წლის 4 თებერვალს.

9. 2015 წლის 15 იანვარს ფოსტის მეშვეობით, ხოლო 2015 წლის 20 იანვარს, ინტერპოლის არხებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ა. კ-ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობისა და საექსტრადიციო მასალების დედანი მიღებულ იქნა 2015 წლის 28 იანვარს.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით ა. კ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით.

11. 2015 წლის 7 აპრილს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის რაიონული განყოფილების მიერ მომზადებული დასკვნა ა. კ-ის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი პირობების შესახებ.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით ა. კ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით.

13. ამჟამად ა. კ-ი მოთავსებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში.

14. 2015 წლის 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა ნ. ზ-მა და ითხოვა ა. კ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა) ჩადენისათვის მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით:

§ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორ ნ. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

§ დასაშვებად იქნა ცნობილი ა. კ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა) ჩადენისათვის მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ექსტრადიციისათვის დაქვემდებარებული პირის ა. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. კ-მა. საჩივარს ეთანხმება ა. კ-ი. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას, ა. კ-ის ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობასა და პატიმრობიდან გათავისუფლებას შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:

§ საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოცემულ შემთხვევაში ა. კ-ი დაიბადა საქართველოში 1980 წელს, იგი და მისი ოჯახი ცხოვრობს ახალქალაქის რაიონის სოფ. კ-ში. მისი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე. მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი. ა. კ-ის მშობლები, მათი ბებია-ბაბუები და ყველა ახლო ნათესავი შვილების ჩათვლით არიან საქართველო მოქალაქეები. მან 1995 წელს დაამთავრა ახალციხის რაიონის სოფელ ბ-ის სკოლა. ა. კ-ის ქორწინების მოწმობაში აღნიშნულია, რომ იგი არის საქართველოს მოქალაქე, რომელზეც უარი არ განუცხადებია. 2015 წლის 30 ივნისს ა. კ-მა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსაგან მოითხოვა მის სახელზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემა. შესაბამისად, ამ პირობებში ა. კ-ის სხვა ქვეყნისათვის გადაცემით ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და ეს საკითხი არ შეიძლება განხილულ იქნეს მინიმუმ მანამ, სანამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე.

§ ა. კ-ის არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ იგი არ არის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მისი ოჯახი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელები მას მაინც მიიჩნევენ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქედ;

§ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მოჰყვა მის მითითებას, რომ რუსეთის ფედერაციაში დანაშაული არ ჩაუდენია და მას დევნიან პოლიტიკურ მოსაზრებათა გამო;

§ იგი სომხეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტის გამოყენებას დაკავების პირველივე დღიდან აღიარებს, რასაც ასევე არ მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება;

§ იმის გამო, რომ ა. კ-ს მიიჩნევენ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქედ, მის მიმართ შემდგომი პოლიტიკური მრწამსის გამო დევნის თავიდან აცილების მიზნით, იგი იძულებული გახდა 2015 წლის 30 ივლისს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიემართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიუღია;

§ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა. კ-ის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე განჩინება გამოიტანა საქართველოს კანონმდებლობის სრული იგნორირებით.

17. საკასაციო პალატის სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა - ა. კ-მა და მისმა ადვოკატმა - ე. კ-მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

18. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. ზ-მა საკასაციო საჩივართან მიმართებით განმარტა, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სრულად არის დაცული ექსტრადიციისათვის სავალდებულო საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშიროსო შეთანხმებების მოთხოვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. კ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2014 წლის 7 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ა. კ-ის მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

4. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ ა. კ-ი, მისი ოჯახის წევრები და ნათესავები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში დაამთავრა საშუალო სკოლა, ცხოვრობს საქართველოში, შესაბამისად, მისი უცხო ქვეყნისათვის გადაცემა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით არ დასტურდება, რომ ა. კ-ნი საქართველოს მოქალაქეა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 28 მაისის და 2015 წლის 15 ივლისის წერილების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაცული მონაცემების მიხედვით ა. კ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ, შესაბამისად, მისი მითითება, რომ არის საქართველოს მოქალაქე, უსაფუძვლოა. რაც შეეხება ა. კ-ის ქორწინების მოწმობას, რომელშიც თითქოსდა კასატორის მითითებით აღნიშნულია, რომ ა. კ-ი საქართველოს მოქალაქეა, ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილ 2010 წლის 11 თებერვლის ქორწინების მოწმობის ასლში მის მოქალაქეობად მითითებულია - ,,სომხეთი”.

5. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე საკასაციო საჩივარში აღნიშნულ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 30 ივნისს ა. კ-მა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა თხოვნით მის სახელზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ, ხოლო ვინაიდან პასუხი ამ ეტაპზე არ მიუღია, მისი სხვა ქვეყნისათვის გადაცემით ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მისი ექსტრადირების საკითხი არ შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასა და ა. კ-ის ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას. ამასთან, საყურადღებოა, რომ ა. კ-მა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის გაცემის თხოვნით საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებას მიმართა მას შემდეგ, რაც დაიწყო მისი ექსტრადიციის თაობაზე პროცედურები, ხოლო ამ მოცემულობაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის აღნიშნული მოქმედება, რომელიც რეალურად მაღალი ალბათობით ემსახურება მისი ექსტრადიციის თავიდან აცილების მიზანს, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. ასევე საქმის მასალებში არსებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 16 ივლისის წერილით დგინდება, რომ არ არსებობს ა. კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, კასატორის ყველა მითითება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის კუთვნილების თაობაზე უსაფუძვლოა და საკასაციო პალატა არ იზიარებს.

6. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ა. კ-ს რუსეთის ფედერაციაში დანაშაული არ ჩაუდენია და მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებში არსებული შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით, რომლებიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა დაედგინა მითითებული ფაქტი. ამდენად, კასატორის მითითება ამ ნაწილშიც მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

7. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური მრწამსის გამო შემდგომი დევნის თავიდან აცილების მიზნით, ა. კ-ი იძულებული გახდა 2015 წლის 30 ივლისს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიემართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიუღია, ხოლო აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 15/07/2015 წლის წერილის მიხედვით ა. კ-ი არ სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით საქართველოში. ასევე მას არ მიუმართავს პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნით აღნიშნული სამინისტროსათვის. ამდენად, მხოლოდ მისი 2015 წლის 30 ივლისის მიმართვა დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ამ ეტაპზე არ წარმოადგენს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. კ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია ამავე სახელმწიფოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა) ჩადენისათვის მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 21ივლისის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ე. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება ა. კ-ის ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

ზ. მეიშვილი