დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
17I-15 ქ. თბილისი
ბ-ი მ. - 17I-15 11 სექტემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან _ გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. ზ-ის
ადვოკატ _ მ. ჭ-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ მ. ბ-ის
თარჯიმან _ მ. მ-ას
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2015 წლის 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა დ. ჯ-ამ და ითხოვა, დასაშვებად ყოფილიყო ცნობილი მ. ბ-ის ექსტრადიცია რუმინეთის რესპუბლიკაში, რუმინეთის რესპუბლიკის ქალაქ ბუქარესტის სისხლის სამართლის პირველი პალატის სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, რადგან მ. ბ-ის მიმართ ექსტრადიციის განხორციელებისათვის როგორც საერთაშორისო, ისე სამართლებრივი დახმარების შესახებ კანონმდებლობის თანახმად, დაცულია ყველა მოთხოვნა ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლების, პირის იდენტიფიკაციის, ორმაგი დანაშაულის პრინციპის, დანაშაულის ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის სტატუსის, non bis in idem, სამართალწარმოებისა და სხვა გარანტიების შესახებ.
2. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ქალაქ ბუქარესტის მესამე ოლქის სასამართლოს პროკურატურის განკარგულებით მ. ბ-ი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან რუმინეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
3. 2006 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ბუქარესტის მესამე ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლომ უარყო მომჩივან ე. ნ. პ-ას საჩივარი ქ. ბუქარესტის მესამე ოლქის სასამართლოს პროკურატურის განკარგულების გაუქმებასთან დაკავშირებით.
4. 2006 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. ბუქარესტის სასამართლოს სისხლის სამართლის პირველმა პალატამ დასაშვებად ცნო ე. ნ. პ-ას საჩივარი, გააუქმა ქ. ბუქარესტის მესამე ოლქის სასამართლოს პროკურატურის განკარგულება და საქმე განსახილველად გადასცა პირველი ინსტანციის სასამართლოს. 2009 წლის 18 დეკემბერს რუმინეთის რესპუბლიკის ქ. ბუქარესტის მესამე ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლომ უარყო ე. ნ. პ-ას სამოქალაქო სარჩელი და მ. ბ-ი, მტკიცებულებათა არარსებობის გამო, წაყენებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.
5. რუმინეთის რესპუბლიკის ქ. ბუქარესტის მესამე ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ე. პ-ამ, რის საფუძველზეც 2010 წლის 12 ნოემბერს რუმინეთის რესპუბლიკის ქ. ბუქარესტის სასამართლოს სისხლის სამართლის პირველმა პალატამ გააუქმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და მ. ბ-ი დამნაშავედ ცნო რუმინეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. მ. ბ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2004 წლის 1-2 ნოემბერს დაზარალებული ე. ნ. პ-ა მეგობრებთან ერთად სტუმრობდა კლუბ „ბ-ს“, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მ. ბ-ი და მისი მეგობრები. დაახლოებით 3.00 საათისათვის მ. ბ-მა დაზარალებულსა და მის მეგობრებს შესთავაზა კლუბ „მ-ნ დ-ში“ წასვლა. კლუბამდე მათ იმგზავრეს მ. ბ-ის ავტომანქანით. დაახლოებით 5.00 საათზე, როდესაც მათ კლუბის დატოვება დააპირეს, მ. ბ-მა ე. პ-ას ყავის დასალევად საკუთარ ბინაში წასვლა სთხოვა. ბინაში ყოფნისას მ. ბ-მა ე. პ-ას შესთავაზა სქესობრივი კავშირის დამყარება, რაზეც უარი მიიღო, თუმცა ისარგებლა დაზარალებულის მცდარი მოსაზრებით, რომ მ. ბ-ს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, და, შესაბამისად, მასში აღძრული შიშით, ე. პ-ა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარით აიძულა, დაემყარებინა მ. ბ-თან სქესობრივი კავშირი და სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით.
7. 2010 წლის 15 ნოემბერს რუმინეთის რესპუბლიკის ქ. ბუქარესტის მესამე ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოსცა მ. ბ-ის დაკავების ორდერი.
8. 2011 წლის 14 აპრილს რუმინეთის რესპუბლიკის ქ. ბუქარესტის მესამე ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოსცა მ. ბ-ის დაკავების ევროპული ორდერი.
9. 2011 წლის 21 იანვარს მ. ბ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის არხებით.
10. 2015 წლის 12 თებერვალს საქართველოს შსს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუმინეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ბ-ი.
11. 2015 წლის 14 თებერვალს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მ. ბ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
12. 2015 წლის 5 მარტს ინტერპოლის მეშვეობით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო მ. ბ-ის ექსტრადიციის თაობაზე რუმინეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობისა და შესაბამისი საექსტრადიციო მასალების ასლები, ხოლო აღნიშნული დოკუმენტების ორიგინალები – 2015 წლის 16 მარტს.
13. 2015 წლის 7 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუმინეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან მიიღო დამატებითი ინფორმაცია მ. ბ-ის რუმინეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
14. 2015 წლის 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ბ-ის მიმართ შეფარდებული საექტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით – 6 თვემდე – 2015 წლის 12 აგვისტომდე.
15. 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ბ-ის მიმართ შეფარდებული საექტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით – 9 თვემდე – 2015 წლის 12 ნოემბრამდე.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა სტაჟიორ-პროკურორ დ. ჯ-ას შუამდგომლობა: დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ბ-ის ექსტრადიცია რუმინეთის რესპუბლიკაში მის მიმართ განაჩენის აღსრულების განხორციელების მიზნით.
17. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – მ. ბ-ი და ადვოკატი მ. ჭ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:
18. საქმის სასამართლოში განხილვის პერიოდში მ. ბ-მა მიმართა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მისთვის თავშესაფრის მიცემის მოთხოვნით, რაც სასამართლოსათვის ცნობილი იყო; გარდა ამისა, დაცვის მხარემ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მ. ბ-ს არ სურდა რუმინეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მისთვის იქ არსებული საფრთხის გამო – სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილია ეთნიკურად ბოშა, ხოლო მ. ბ-ი თურქი ეროვნებისაა, რის გამოც მას რუმინეთის რესპუბლიკაში შეიძლება ფიზიკურად „გაუსწორონ ანგარიში“, რაც უკვე მოხდა იქიდან მის წამოსვლამდე და რაზეც რუმინეთის რესპუბლიკაში ცალკე მიმდინარეობის სისხლისსამართლებრივი დევნა; სასამართლომ ზემოაღნიშნული ფაქტები არ მიიჩნია დამაბრკოლებელ გარემოებებად, მიიღო ნაჩქარევი და უკანონო გადაწყვეტილება და მ. ბ-ის ექსტრადირება დასაშვებად ცნო.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება და მ. ბ-ს ექსტრადირებაზე ეთქვას უარი.
20. საკასაციო პალატის სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა - მ. ბ-მა და მისმა ადვოკატმა - მ. ჭ-ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
21. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. ზ-მა საკასაციო საჩივართან მიმართებით განმარტა, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სრულად არის დაცული ექსტრადიციისათვის სავალდებულო საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. რუმინეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ბ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2015 წლის 12 თებერვალს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება მ. ბ-ის მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.
4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის პერიოდში მ. ბ-მა მიმართა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მისთვის თავშესაფრის მიცემის მოთხოვნით, რაც სასამართლოსათვის ცნობილი იყო და, შესაბამისად, მისი ექსტრადიციის საკითხი არ შეიძლებოდა განხილულიყო ხსენებული უწყების მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე და მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასა და მ. ბ-ის ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სხდომაზე პროკურორმა ნ. ზ-მა წარმოადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილი, რომლითაც ირკევევა, რომ მ. ბ-ს 2015 წლის 24 ივლისს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
5. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ მ. ბ-ს რუმინეთის რესპუბლიკაში შეიძლება ფიზიკურად „გაუსწორონ ანგარიში“, პალატა მიუთითებს, რომ ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვება, რის გამოც პალატა კასატორის აღნიშნულ მოტივაციას ასევე არ იზიარებს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ბ-ის რუმინეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია ამავე სახელმწიფოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 21ივლისის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი