შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
#182აპ.-15 ქ. თბილისი
მ-ი ა.-182ap.-15 15 ოქტომბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენით ა. მ-ი, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 273-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2. ა. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2014 წლის 19 ოქტომბერს გ-ში, --- პირადი ჩხრეკის შედეგად ა. მ-ს შარვლის წინა, მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს თეთრ ქაღალდში გახვეული მოყავისფრო ნივთიერება, რომელიც, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 0,0260 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
3. ა. მ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 თებერვლის დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის. მიუხედავად ამისა, მან ექიმის დანიშნულების გარეშე კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ: 2014 წლის 19 ოქტომბერს გ-ში, --- გ-ს რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს ა. მ-ი, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
4. აღნიშნული ქმედებისათვის ა. მ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მიესაჯა 6 თვით, ხოლო 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ა. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 19 ოქტომბრიდან; მასვე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მა. მან ითხოვა ა. მ-სათვის სასჯელის საბოლოო ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
6. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა. ა-მა შესაგებლით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. კასატორი – მსჯავრდებული ა. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ჰყავს დედა, მეუღლე და ხუთი შვილი, რომელთა მარჩენალი თვითონაა და მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება არის ძალიან მცირე ოდენობის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ა. მ-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ: ა. მ-ს დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შეიცვალა დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
4. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:
6. მსჯავრდებულ ა. მ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).
7. რაც შეეხება სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან კანონმდებლის მიერ მნიშვნელოვნად შემსუბუქდა მსჯავრდებულ ა. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა, სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ა. მ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია), რისთვისაც მას სასჯელის სახით განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქას სსკ-ის 273-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ ა. მ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2014 წლის 19 ოქტომბრიდან.
4. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე