გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №253აპ-15. ქ. თბილისი
ჯ-ი თ., 253აპ-15 19 ნოემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ლ. ხ-ს
ადვოკატ - გ. ჩ-ს
მონაწილეობით განიხილა პროკურორ ლ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ თ. ჯ-ს, _ ნასამართლევს, _ ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა გაუპატიურების, ე.ი. სქესობრივი კავშირის მცდელობა ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2. 2014 წლის 28 თებერვალს თბილისში, -- ტყეში, თ. ჯ-მა სცადა, ძალადობით დაემყარებინა სქესობრივი კავშირი საკუთარ ბიძაშვილთან – ნ. ჯ-თან, რითიც მას მიაყენა მორალური და ფიზიკური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენით თ. ჯ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან; მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლ. ხ-მ. მან ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და თ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. გამართლებულ თ. ჯ-ს ადვოკატებმა – ლ. კ-მ და გ. ჩ-მ შესაგებლით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი თ. ჯ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
7. კასატორი – პროკურორი ლ. ხ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლოს მოსაზრებები დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ამიტომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და თ. ჯ-ს მიმართ დადგინდეს გამამატყუნებელი განაჩენი შემდეგ გარემოებათა გამო:
8. დაზარალებულ ნ. ჯ-ს ჩვენებით, რომელიც სასამართლოში დაადასტურეს მოწმეებმა: ქ. ბ-მა, გ. გ-მ, ა. ლ-მა, გ. ლ-მ, მ. ხ-მა, დ. ე-მ, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთებით დადასტურებულია თ. ჯ-ს მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, მაგრამ სასამართლომ ეს მტკიცებულებები არ გაიზიარა და მოსამართლემ თავისი განაჩენით ფაქტობრივად თქვა, რომ დაზარალებულმა ყველაფერი მოიგონა, თუმცა საერთოდ არ იმსჯელა მისი ასეთი ქცევის მოტივზე; სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება თ. ჯ-ს მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის არსებულ სხვაობაზე; მან სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევისას „ააგო“ შემთხვევის ახალი ვერსია, რომელიც არ დასტურდება მტკიცებულებებითა და ლოგიკის კანონებით.
9. კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა შეფასების შედეგად ობიექტური პირი დარწმუნდება, რომ თ. ჯ-მა რეალურად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი ლ. ხ-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და თ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
11. გამართლებული თ. ჯ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. კ-ე შესაგებლით ითხოვენ პროკურორ ლ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
12. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ლ. ხ-მ ითხოვა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მასში მითითებული მოტივებით.
13. ადვოკატი გ. ჩ-ე არ დაეთანხმა კასატორის პოზიციას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა პროკურორ ლ. ხ-ს საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. როგორც დაზარალებულ ნ. ჯ-ს ჩვენებიდან ირკვევა, 2014 წლის 27 თებერვალს მის ოჯახში სტუმრად მივიდა მისი ბიძაშვილი თ. ჯ-ი. საღამოს მისმა მამამ და თ-მა დალიეს ალკოჰოლური სასმელი. მეორე დღეს მამისა და თ-ს თხოვნით გაჰყვა ამ უკანასკნელს პასპორტის ასაღებად, თუმცა გზაში თ-მა შესთავაზა, ეჭამათ ხინკალი. ამ მიზნით მივიდნენ ,,ხინკლის სახლში“, სადაც ბრალდებულმა დალია რამდენიმე ჭიქა არაყი. სახინკლეში მისვლამდე მათ შეიარეს ასევე ,,ვაგზალზე“, სადაც თ-მა შვილს უყიდა მობილური ტელეფონი. სახინკლეში ყოფნისას მან თ-ს ტელეფონით გააცნო თავისი შეყვარებული. ,,ხინკლის სახლიდან“ გამოსვლის შემდეგ, თ. ჯ-ს ინიციატივით, წავიდნენ --ის პარკში, სადაც ცოტა ხანს ისეირნეს, ხოლო შემდეგ ბრალდებულმა შესთავაზა -- ეკლესიაში შევლა. ისინი გაემართნენ კიბეებით ეკლესიის მიმართულებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს შესთავაზა კიბეების გვერდის ავლით, ტყის გავლით წასულიყვნენ, ვინაიდან ასე უფრო შეიმოკლებდნენ გზას. მას შემდეგ, რაც გადავიდნენ ბილიკიდან, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, მოულოდნელად, თ-მა შეაჩერა იგი და ხელებით დაუწყო შეხება სხეულის სხვადასხვა ადგილზე. დაზარალებულმა სცადა თავიდან მოეშორებინა ბრალდებული, რის გამოც იგი ბრაზდებოდა და ცდილობდა მისთვის ხელები გაეკავებინა. ამ დროს, ვინაიდან იმყოფებოდნენ ფერდობზე, თავი ვერ შეიკავეს და წაიქცნენ. ნ. ჯ-ი ზურგით იწვა მიწაზე, ხოლო თ. ზემოდან დააწვა და ჯერ ფეხსაცმელი გახადა ძალის გამოყენებით, შემდეგ კოლგოტიც და ცდილობდა საცვალიც გაეხადა, რა დროსაც ნ. ჯ-მა იქვე დაგდებული მინის ქილა ჩაარტყა თავში, ასევე ურტყამდა ქვასაც. ამ დროს ბრალდებულს მარჯვენა ხელის მტევნიდან წამოუვიდა სისხლი, რაც, ალბათ, ნამსხვრევებზე დაიზიანა. გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა თავი დაანება მას და ცოტა მოშორებით დაჯდა მიწაზე, რითიც ისარგებლა დაზარალებულმა და ჩაიცვა ფეხსაცმელი. ამ დროს ბრალდებულმა კვლავ სცადა მის მიმართ ძალადობა, თუმცა ვერ მოახერხა, ვინაიდან ნ. ჯ-მა ქვიშა შეაყარა თვალებში და გაიქცა. ბრალდებული უკან მიჰყვებოდა. ფერდობის ბოლოს ნ. ჯ-მა დაინახა საცხოვრებელი სახლი, სადაც ენთო შუქი. იმ მიზნით, რომ საშველად ვინმესთვის მოეხმო, დაიწყო ბრახუნი კარზე, რა დროსაც გამოხედა ქალბატონმა, რომელსაც დაუძახა ,,მიშველეთ, ამ კაცთან მარტო არ დამტოვოთო“, რის შემდეგაც ბრალდებული გაიქცა. ამის შემდეგ გამოჩნდნენ -- პარკის დაცვის თანამშრომლები და წაიყვანეს იგი მოლარე ოპერატორის ოთახში, სადაც მოუყვა მომხდარის შესახებ მოლარე გოგონასა და იმ ქალბატონს, რომელსაც პირველად სთხოვა დახმარება. დაზარალებულმა განმარტა, რომ ძალადობისას გაუვარდა თ-ს მიერ ნაყიდი ტელეფონი, რომელიც მას ეჭირა ხელში. ასევე დაკარგა ,,მეტრომანი“, პირადობის მოწმობა და საყურე.
3. მოცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: განსახილველი დანაშაული, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით; შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს დაზარალებულ ნ. ჯ-ს ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
4. მოწმე ქ. ბ-ს ჩვენებით, რომლის მიხედვითაც, მან 2014 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 17:00-დან 19:00 საათამდე პერიოდში, გაიგონა ბრახუნი ეზოს რკინის კარზე, გავიდა გარეთ და დაინახა მისთვის უცნობი პირი, რომელმაც ჰკითხა, თუ როგორ შეიძლებოდა ღობეზე გადმოსვლა. ამავდროულად გაიგონა გოგონას ხმა ,,მიშველეთ, ამ კაცთან მარტო არ დამტოვოთო“, რის გამოც ქ. ბ-ი ჩავიდა დაცვის თანამშრომლების დასაძახებლად. გ. გ-ა, გ. ლ-ე და ა. ლ-ი მივიდნენ დაზარალებულთან, გადმოიყვანეს პარკის ტერიტორიაზე და შეიყვანეს მოლარე-ოპერატორის ოთახში, სადაც ნ. ჯ-მა მას და მ. ხ-ს მოუყვა, რომ ბიძაშვილმა სცადა მისი გაუპატიურება.
5. მოწმეების - ქ. ბ-ს, მ. ხ-ს, გ. გ-ს, გ. ლ-სა და ა. ლ-ს ჩვენებებით, რომელთა მიხედვითაც, ნ. ჯ-ი იყო შოკურ მდგომარეობაში, ნამტირალევი, ცახცახებდა, ფეხები დაკაწრული ჰქონდა და არ ეცვა კოლგოტი, რაც მათთვის გასაკვირი იყო, ვინაიდან თებერვალი იყო და საკმაოდ ციოდა.
6. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, საიდანაც ირკვევა, რომ --ის პარკში, ნ. ჯ-ს მიერ მითითებული ადგილიდან, ნანახი და ამოღებულ იქნა ნ. ჯ-ს კოლგოტი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები და სისხლის ლაქა, რომელიც ბიოლოგიური ექსპერტიზის №---/სბ დასკვნის თანხმად (რომლის სისწორეც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ. ე-მა), ემთხვევა ნ. ჯ-სგან აღებული სისხლის ნიმუშის ჯგუფს; ამოღებულ იქნა ასევე ნ. ჯ-ს საყურე, ,,მეტრომანი“, პირადობის მოწმობა და თ. ჯ-ს მიერ ნაყიდი მობილური ტელეფონი თავისი ყუთით.
7. ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--/ტრ დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა - ს. ე-მ და ნ. კ-მ და რომლითაც დადგენილია, რომ ნ. ჯ-ს ქურთუკს, საცვალსა და კოლგოტს აღენიშნებოდა დაზიანებები (ნაკერის გარღვევისა და გახევის სახით), რომლებიც წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
8. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-- დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ნ. ო-მ და რომლითაც დადგენილია, რომ ნ. ჯ-ს ქვედა ბოლოსა და კოლგოტზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მყარ, ხორკლიან ზედაპირთან უხეში დინამიური კონტაქტის შედეგად. ტრუსზე აღინიშნება მექანიკური ზემოქმედების შედეგად რღვევით და ხევით განვითარებული დაზიანება.
9. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნით, რომლის სისწორეც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე. კ-მ, საიდანაც ირკვევა, რომ თ. ჯ-ს მარჯვენა ხელის მტევნის ზურგზე აღენიშნებოდა დაზიანება.
10. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნით, რომლის სისწორეც სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა - ე. ჭ-მ, ე. ჩ-მა და დ. გ-მ, საიდანაც ირკვევა, რომ ნ. ჯ-ს აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მუხლებისა და წვივის არეში, ასევე მარცხენა და მარჯვენა ხელის მტევნების უკანა ზედაპირზე.
11. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს დაზარალებულის ჩვენების არასარწმუნოობის თაობაზე, კერძოდ:
12. ის ფაქტი, რომ თ. ჯ-ს თავის არეში დაზიანება (რაც შესაძლოა, მისდგომოდა დაზარალებულის მიერ მინის ქილის ჩარტყმით) არ აღმოაჩნდა, თავისთავად, არ განაპირობებს დაზარალებულის ჩვენების არადამაჯერებლობას, ვინაიდან შემთხვევიდან სამედიცინო შემოწმებამდე გასულია დაახლოებით თვე-ნახევარი, რის გამოც, პალატის შეფასებით, შესაძლებელია გამქრალიყო დაზიანების კვალი. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაზარალებულის მითითებით, მან ბრალდებულს თავში ჩაარტყა მინის ქილა, თუმცა რა ტიპის დაზიანება მიიღო მან, ან საერთოდ, მიიღო თუ არა - ამის შესახებ დაზარალებულს არაფერი უთქვამს.
13. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვეს დამსხვრეული მინის ქილა, პალატას მიაჩნია, რომ ასეთის არსებობა იქნებოდა კიდევ ერთი არგუმენტი თ. ჯ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად, თუმცა მინის ქილის ნამსხვრევების არარსებობა მაშინ, როცა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებამდე შემთხვევიდან გასულია გარკვეული დრო (დაახლოებით 15 საათი), არ მიუთითებს ნ. ჯ-ს არაგულწრფელობაზე.
14. საკასაციო პალატას არასწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ნ. ჯ-ს ტანსაცმელზე თ. ჯ-ს სისხლის კვალის აღმოუჩენლობა მიუთითებს დაზარალებულის მიერ არასწორი ჩვენების მიცემაზე. პალატა აღნიშნავს: თ. ჯ-მა დაიზიანა ხელის მტევნის გარეთა მხარე. ამასთან, დაზარალებულის განმარტებით, თ. ჯ-ს ხელი გაეჭრა მას შემდეგ, რაც პირველად სცადა მასზე ძალადობა, ხოლო როდესაც უკვე მეორედ (მას შემდეგ, რაც გაიჭრა ხელი) სცადა მასზე ძალადობა - ფაქტობრივად მჭიდრო კონტაქტი აღარც ჰქონიათ, რადგან ნ. ჯ-მა ქვიშა შეაყარა თვალებში და გაიქცა. ამიტომ, სრულიად გასაგებია, თუ რატომ შეიძლება არ აღმოჩენილიყო დაზარალებულის ტანსაცმელზე თ. ჯ-ს სისხლის კვალი.
15. რაც შეეხება ბრალდებულ თ. ჯ-ს პოზიციას, მან წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2014 წლის 14 იანვარს ჩავიდა სოფელში, დმანისის რაიონის სოფელ --ში, სადაც დარჩა გარკვეული დროის განმავლობაში. თანასოფლელისგან შეიტყო, რომ მისი ბიძაშვილი ნ. ჯ-ი ,,უწესოდ“ იქცეოდა. საუბრისას ნ. ჯ-მა არ უარყო აღნიშნული; ამასთანავე, უთხრა, რომ ჰყავდა შეყვარებული, რუსთაველი ბიჭი, რომელსაც უნდა გაჰყოლოდა ცოლად. ხოლო თუ გაახმაურებდა მის საქციელს, იგი თავს მოიკლავდა. თურქეთში წასვლამდე ავიდა „ლოტკინზე“, ბიძამისის ოჯახში და კიდევ ერთხელ დაელაპარაკა ნ-ს პირად ცხოვრებაზე. მას აწუხებდა ნ-ს ცუდი საქციელი, ვინაიდან იგი ბავშვობიდან მის სახლში იზრდებოდა. შემდეგ წავიდა თურქეთში, სადაც დაჰყო 1 თვე და 10 დღე. თურქეთიდან ჩამოვიდა 2014 წლის 27 თებერვალს. ტაქსით ავიდა „ლოტკინზე“ ბიძამისთან. ვინაიდან მათ სახლში არ ჰქონდათ საჭმელი, გავიდა წ-ს ქუჩაზე და იყიდა 70 ლარის საჭმელი, არაყი და ლუდი. მან, ბიძამისმა და ბიძაშვილმა მიირთვეს საჭმელი, ასევე დალიეს რამდენიმე ჭიქა არაყი. დასაძინებლად დაწვნენ დაახლოებით ღამის 4 საათზე. მას მარტო სურდა ნ-თან საუბარი, რისთვისაც დილით შესთავაზა, რომ გაჰყოლოდა „ვაგზალზე“. ასევე, სურდა შეხვედროდა ნ-ს შეყვარებულს და დალაპარაკებოდა. ის და ნ. 10 საათზე გამოვიდნენ სახლიდან, ჩავიდნენ „ვაგზალზე“, სადაც იყიდა შვილისთვის მობილური ტელეფონი. შემდეგ გააჩერა ტაქსი და წავიდნენ რუსთაველზე. ,,ხინკლის სახლში“ შეუკვეთა ხინკალი და ერთი ბოთლი არაყი. დალია ზუსტად ერთი ჭიქა. ნ-მა უთხრა, რომ ელაპარაკებოდა თავის შეყვარებულს და მიაწოდა მობილური, რომ დალაპარაკებოდა. თ-მა გამოართვა ტელეფონი, გაეცნო პიროვნებას და სთხოვა შეხვედრა, მოკიდა ხელი ნ-ს და გამოვიდნენ ,,ხინკლის სახლიდან“, შემდეგ ტაქსით ავიდნენ მთაწმინდაზე. მას სურდა, რომ ნ-ს ის ბიჭი ამოეყვანა --ზე, რათა დალაპარაკებოდა და თუ არ დაურეკავდა, დაემუქრა მას, რომ ყველაფერს ეტყოდა მის ოჯახს. ნ-მა ტირილი დაიწყო და უთხრა, თუ ამას გააკეთებდა, თავს მოიკლავდა. ბრალდებულმა უთხრა ნ-ს, რომ სურდა მხოლოდ იმის გარკვევა, თუ რა მიზანი ჰქონდა მის შეყვარებულს. ვინაიდან ნ. იყო ძალიან აღელვებული და ტიროდა, დასვა „ეშმაკის ბორბალზე“, რათა დაწყნარებულიყო. როდესაც გადმოვიდნენ „ეშმაკის ბორბლიდან“, ნ-მა უთხრა, რომ მიეცა საშუალება დაწყნარებულიყო და თავად დაურეკავდა და დაითანხმებდა შეხვედრაზე შეყვარებულს. ნ. წინ წავიდა, რა დროსაც ამოიღო მობილური ტელეფონი და ლაპარაკობდა. თ. ფიქრობდა, რომ ნ. ელაპარაკებოდა შეყვარებულს შეხვედრასთან დაკავშირებით. იქვე დაჯდა და დაიწყო სიგარეტის მოწევა. ამასობაში ნ. დაშორდა მას დაახლოებით 30–40 მეტრით, რესტორნის მიმართულებით. როდესაც ნ. მიუახლოვდა რესტორანთან არსებულ ჩასასვლელ ბილიკს, სირბილით გააგრძელა გზა. ბრალდებული ამ დროს იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. იგი ნ-ს უკან არ გადევნებია, ვინაიდან მიხვდა, რომ მასთან ლაპარაკი უშედეგო იყო. ამ დროს თ-ს გაახსენდა ნ-ს სიტყვები, რომ თავს მოიკლავდა. თ. სწარფი ნაბიჯებით გაუყვა ბილიკს. მან ნ. ვერსად დაინახა, შემდეგ ავიდა კიბეებზე და ჩაიხედა დაბლა, რა დროსაც დაინახა, რომ ნ. იყო ძალიან დაბლა ჩასული. როდესაც მან დაინახა, რომ თ. უკან მიჰყვებოდა, გადავიდა კიბეებიდან ტყეში. თ-მაც გადაიხედა ტყის მიმართულებით, მაგრამ ნ. ვერსად დაინახა და კიბეებით ჩავიდა დაბლა. როდესაც თითქმის მთელი კიბეები ჩაიარა, დაინახა, რომ ნ. იდგა „სეტკასთან“. იქამდე მისასვლელ გზაზე იყო ძალიან ცუდი გადასასვლელი, რის გამოც იქ გადასვლისას დაიზიანა ხელი და წამოუვიდა სისხლი. ამოიღო ცხვირსახოცი, მაგრამ ვერ შეიჩერა სისხლდენა. გაიხადა მაისური, შეიხვია ხელი და მიუახლოვდა ნ-ს და უთხრა, რომ წასულიყო სახლში და მოეხსენებინა ყველაფერი თავისი ოჯახისათვის. „სეტკის“ მეორე მხარეს ჩანდა სახლები. თ. მივიდა კარებთან და დააბრახუნა, მაგრამ არავინ არ გამოხედა. გადაწყვიტა ზემოდან გადასულიყო. კარებზე რომ ავიდა, გამოიხედა ქალბატონმა, რომელსაც უთხრა რომ იქნებ კარები გაეღო, რათა ეზოდან გზაში მოხვედრილიყვნენ, სადაც ტრანსპორტთან მივიდოდნენ. ამ დროს ნ-მა დაიძახა, მიშველეთო, ქალბატონი უცებ შეტრიალდა და სახლში შევიდა. თ-მა ჩათვალა, რომ ნ-ს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ვინაიდან ქალბატონი გამოვიდოდა და დაეხმარებოდა. ხოლო თავად, ვინაიდან ხელი ძალიან სტკიოდა და ფიქრობდა, რაიმე შარს არ გადაყროდა, გადაწყვიტა გასცლოდა იმ ადგილს და ჭრილობისთვის მიეხედა. ისევ უკან ავიდა, სწრაფი ნაბიჯებით ჩაიარა კიბეები და გააჩერა ტაქსი. შემდეგ აფთიაქში იყიდა ბინტი და შეიხვია ხელი, რის შემდეგაც გავიდა ვაგზალზე, საიდანაც წავიდა --ში, თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც დაჰყო 10 დღე. შემდეგ ჩამოვიდა თბილისში, იქირავა ბინა 15 დღით, ხოლო შემდეგ გადაწყვიტა თურქეთში სამუშაოდ წასვლა. სარფის საზღვარზე რომ გადადიოდა, მესაზღვრემ უთხრა, რომ იყო შეფერხება, რის შემდეგაც მივიდნენ თანამშრომლები, დაადეს ხელბორკილი და შეიყვანეს ოთახში. დილით ჩასვეს მანქანაში და წამოიყვანეს თბილისში, სადაც გამომძიებელმა გააცნო ბრალდება, რომ ბრალი ედებოდა ბიძაშვილის გაუპატიურების მცდელობაში.
16. პალატის შეფასებით, თ. ჯ-ს ზემოაღნიშნული ჩვენება არადამაჯერებელია, არ გამომდინარეობს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების უტყუარობის კრიტერიუმს. პალატას მიაჩნია, რომ მისი ვერსია მოგონილია პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით შემდეგ გარემოებათა გამო: თ. ჯ-მა აღნიშნა, რომ ის აპირებდა ნ. ჯ-ს შეყვარებულთან შეხვედრას (და სწორედ ამიტომ წაიყვანა ნ. -- პარკში), თუმცა ეს ფაქტი არ დაადასტურა თავად მოწმე დ. ე-მ (ნ. ჯ-ს შეყვარებულმა), რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ იგი ნამდვილად ესაუბრა ტელეფონით თ. ჯ-ს, მაგრამ შეხვედრაზე უარი უთხრა, ვინაიდან არ ეცალა.
17. სასამართლოს ასევე არადამაჯერებლად მიაჩნია თ. ჯ-ს განმარტება იმის თაობაზე, რომ თითქოს მას შეეშინდა, ნ-ს თავი არ მოეკლა და ამიტომ გაჰყვა უკან, ტყისკენ. თუმცა, გაუგებარი რჩება, რატომ ერთხელაც აღარ მოიკითხა თ. ჯ-მა აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ნ. მაშინ, როდესაც იგი ასეთი აღელვებული უცხო ადამიანთან (ქ. ბ-თან) დატოვა.
18. საკასაციო პალატისთვის არალოგიკური და არადამაჯერებელია ასევე თ. ჯ-ს მითითება იმის შესახებ, თითქოს ნ. იმ მოტივით აბრალებდა ძალადობას, რომ არ გაეთქვა მისი (ნ. ჯ-ს) პირადი ცხოვრების დეტალები მაშინ, როდესაც თ. ჯ-ი თავად აცხადებს, რომ მთელმა სოფელმა იცის ნ-ს ,,უწესო“ საქციელის შესახებ. სასამართლოსთვის ასევე გაუგებარია, თ. ჯ-ს დაპატიმრება როგორ შეუწყობდა ხელს ნ-ს პირადი ცხოვრების დეტალების დაფარვას.
19. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ. ჯ-სთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
20. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს თ. ჯ-ს პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას და ისე განუსაზღვრავს მას სამართლიან სასჯელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308–ე მუხლის მე–2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ ლ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თ. ჯ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. მსჯავრდებულ თ. ჯ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 11 აპრილიდან 2014 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენი ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტის ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე