გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №294აპ-15. ქ. თბილისი
ა-ი რ., 294აპ-15 30 ნოემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ კ. ს-ს
ადვოკატ – თ. გ-ს
მსჯავრდებულ _ რ. ა-ს
თარჯიმან - მ. მ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით რ. ა-ი, _ ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2. რ. ა-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა – 126 ცალი ვაზნა, ორი ქარხნული წესით დამზადებული „Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა და ქარხნული წესით დამზადებული „УЗРГМ“ ტიპის ხელის მსხვრევადი საბრძოლო ფალია. მან ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა კუსტარული წესით გადაკეთებული, 1943 წლის, 7,62 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც თავდაპირველად წარმოადგენდა ქარხნული წესით დამზადებულ, 1947 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიან „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატის „АКМ“ სასწავლო ნიმუშს. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა რ. ა-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე საგარეჯოს რაიონის სოფელ ---ში, საიდანაც ამოიღეს 2014 წლის 21 იანვარს, ჩხრეკის დროს.
3. აღნიშნული ქმედებისათვის რ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 21 იანვრიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ა-მა. მან ითხოვა განაჩენის გაუქმება და გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ რ. ა-ს კუთვნილებად ჩათვალა მისი მამის – ა. ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღი; არ დაუკითხავთ ამ სახლში მცხოვრები ა. ა-ი და მისი მეორე შვილი – მ. ა-ი იმის გასარკვევად, იქნებ, ეს იარაღი რომელიმე მათგანის იყო; ამოღებულ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე არ ჩატარებულა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა თითის ანაბეჭდების აღმოჩენის მიზნით.
7. ადვოკატის აზრით, რ. ა-ს დაკავებისას და ჩხრეკის ჩატარებისას დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნები.
8. გარდა ამისა, რ. ა-ი დააკავეს ჩხრეკის დაწყებამდე, ხოლო დაკავების ოქმში მიუთითეს, რომ ჩხრეკის ჩატარების შემდეგაა დაკავებული; ჩხრეკის დაწყებამდე პოლიციელებმა გარეთ გაიყვანეს სახლში მყოფი ყველა პირი, ჩადეს საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი, ა-ს ოჯახის წევრები ისევ დააბრუნეს და ამის შემდეგ ჩაატარეს ჩხრეკა-ამოღება.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი თ. გ-ი ითხოვს რ. ა-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
10. საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა თ. გ-მა ითხოვა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მასში მითითებული მოტივებით.
11. პროკურორი კ. ს-ი არ დაეთანხმა კასატორის პოზიციას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას რ. ა-ს ბრალეულობის თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ. ა-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტს, კერძოდ:
3. საკასაციო პალატას საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: მოწმეების - ბ. რ-ს, გ. ბ-ს, ი. შ-ს, ა. რ-ს ჩვენებებითა და რ. ა-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმით დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ. ა-ს საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მასზე მორგებული ერთი მჭიდით, რომელშიც მოთავსებული იყო 30 ვაზნა, ასევე - ორი ხელყუმბარა, ორი ფალია, ორი ცარიელი მჭიდი და ხუთი მუყაოს კოლოფი, რომელშიც იდო 96 ვაზნა.
4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას დაკავებისა და ჩხრეკის დროს კანონის დარღვევის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ დადასტურდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების არსებითი დარღვევის ფაქტი.
5. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება, რომ ბრალდების მხარეს უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა. ისინი თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. შესაბამისად, დაცვის მხარე უფლებამოსილი იყო, საჭიროების შემთხვევაში თავად დაეკითხა საკასაციო საჩივარში მითითებული მოწმეები და ჩაეტარებინა ექსპერტიზა.
6. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას იმ ნაწილში, რომ გამოძიებამ უტყუარად ვერ დაადგინა, თუ ვის ეკუთვნოდა რ. ა-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, კერძოდ:
7. სასამართლო სხდომაზე მოწმე მ. ქ-მ აჩვენა, რომ სახლი, საიდანაც ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ეკუთვნის მის მეუღლეს - ა. ა-ს, რომელიც ცხოვრობს ხსენებულ სახლში თავის პირველ ცოლთან, მეორე ცოლთან - მ. ქ-სთან, შვილებთან - რ. და მ. ა-ებთან და უმცროს, 4 წლის გოგონასთან ერთად. მისივე განმარტებით, მ. ა-ი (რ. ა-ს ძმას) იმ ოთახში იძინებდა ხოლმე, საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა.
8. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე ა. ბ-მა.
9. ბრალდებულმა რ. ა-მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნულ სახლში მის გარდა ცხოვრობენ მისი მამა -ა. ა-ი ცოლებთან ერთად, ძმა - მ. ა-ი და უმცროსი და. ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა არ არის მისი და მიაჩნია, რომ ისინი პოლიციელებმა ჩაუდეს.
10. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ კი ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ. ა-ს გარდა კიდევ სხვა პირებიც - მათ შორის მისი მამა და ძმა ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ. ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ. ა-ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. მსჯავრდებული რ. ა-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. გამართლებულ რ. ა-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე