დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 10.04.2007
საქმის ნომერი
ას-100-445-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-100-445-07 10 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს. მ-ი (ძირითად სარჩელში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. მ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. მ-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1999 წელს მოსარჩელემ ს. მ-საგან 1200 აშშ დოლარად შეიძინა გაზ-53 მარკის ავტომანქანა თავისი სათადარიგო ნაწილებით. 2000 წელს რ.მ-მა მოპასუხეს გადაუხადა 800 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 400 აშშ დოლარი დაფარა მოსარჩელის შვილმა. 2000 წლის მაისში მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა სადავო ავტომანქანის გენერალური მინდობილობა. 2001 წლის ივნისში კი, ს. მ-ს საჩივრის საფუძველზე, პოლიციის მუშაკებმა მას აღნიშნული დოკუმენტი ჩამოართვეს, ხოლო ავტომანქანა გააჩერეს საჯარიმო მოედანზე. ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს ავტომანქანის გარდა მისთვის უნდა გადაეცა 4800 ლიტრიანი ავზი, ავტომანქანის სათადარიგო საბურავი, გადაცემის კოლოფი და აკუმულატორი, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან მატერიალური ზიანის _ 7400 ლარისა და მორალური ზიანის _ 1000 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა რ.მ-ს მიმართ შემდეგი დასაბუთებით: მხარეთა შორის დაიდო ს.მ-ს კუთვნილი ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება. უძრავი ნივთი გადაეცა მყიდველს, თუმცა რ.მ-ს შეთანხმებული თანხა არ გადაუხდია. 2001 წლის 1 ოქტომბერს მოპასუხემ აღიარა 1200 აშშ დოლარის სესხის არსებობის ფაქტი, თუმცა თანხა კვლავ არ დაუფარავს. ს.მ-მა მოითხოვა მატერიალური ზიანის _ 2982 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის _ 5000 ლარის ანაზღაურება.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. მ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, ხოლო ს. მ-ს სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე რ. მ-მა შეიტანა საჩივარი, რომელიც ამავე სასამართლოს 2006 წლის 5 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ზემოხსენებული განჩინება რ. მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინებით რ. მ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განჩინება და 2006 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, რ. მ-ს სარჩელს უარი ეთქვა, ხოლო ს.მ-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა, თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლო კოლეგიას არ მიუთითებია, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია დამტკიცებულად და ამართლებდა თუ არა ეს გარემოებები იურიდიულად შეგებებულ, სარჩელის მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2006 წლის 13 ივნისის სასამართლო სხდომაზე რ. მ-ი გამოცხადდა, თუმცა შემდგომ დატოვა სხდომა. აღნიშნულის მიუხედავად, რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ რ. მ-ს 2006 წლის 13 ივნისის სასამართლო სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ დაარღვია ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მეოთხე ნაწილი, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სხდომის ოქმი განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ენაზე შედგენილი არ არის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ს. მ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, ვინაიდან რ.მ-ს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 2006 წლის 13 ივნისის სხდომის შესახებ მისთვის ცნობილი იყო, იგი გამოცხადდა კიდევაც საქმის განხილვაზე და სასამართლო უწყების დროულად ჩაუბარებლობის გამო საქმის განხილვის გადადება არ მოუთხოვია. უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებანი იურიდიულად არ ამართლებს მხარის მოთხოვნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით ს. მ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. მ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.