შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №315აპ-15 ქ. თბილისი
ს-ი ი 315აპ-15 26 ნოემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 იანვრის განაჩენით ი. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 14 ოქტომბრიდან.
2. მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე–3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. ნივთმტკიცება - 2014 წლის 14 ოქტომბერს ი. ს-ნ ამოღებული 11 აბი, რომლებიც მათ საერთო წონაზ -ე 44,4 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 0,088 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ და ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის სამმართველოში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ი. ს-ს სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტი უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ი. ს-ს ან მისი ნდობით აღჭურვილს პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4. განაჩენით მსჯავრდებულ ი. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: რ-ს ფედერაციის მოქალაქე ი. ს-ა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,088 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც 2014 წლის 14 ოქტომბერს ხ-ს რაიონის სოფელ ს-ი მდებარე სგპ „ს-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
5. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
6. მსჯავრდებული ი. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ი. ს-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული აბებით, მოწმეების - ი. ბ-ს, ა. ა-ს, ი. ა-ს ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.
3. საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას კანონიერად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, დამნაშავის პიროვნება, რის საფუძველზეც მის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და განუსაზღვრა ამ მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, შემსუბუქდა რა აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის გათვალისწინებული სასჯელი, საკასაციო პალატა ახალი ცვლილების ფარგლებში მსჯელობს მსჯავრდებულ ი. ს-ს მიმართ სასჯელის დანიშვნაზე. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განაჩენი უნდა მოვიდეს შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ: ი. ს-ს დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას.
5. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული ი. ს-ი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს ოჯახი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ი. ს-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია). ამასთან, ი. ს-ს მიმართ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 7 წელი უნდა მოექცეს მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და განესაზღვროს სასჯელის მინიმუმი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. ს-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ი. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2014 წლის 14 ოქტომბრიდან.
4. მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე–3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი