დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 19.03.2009
საქმის ნომერი
ას-1028-1221-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1028-1221-08 19 მარტი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობა, თ. კ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ც-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

...-ის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობამ და თ. კ-ძემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მ. ც-ძის მიმართ.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ც.-ის 4 მაღაზია აშენდა 1954 წელს ც.-ის კოლმეურნეობის მიერ. აღნიშნულ ობიექტს სავაჭრო დანიშნულებით იყენებდა ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივი. 1986 წელს ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად დაიწვა, რის შემდეგაც იგი საკუთარი სახსრებით აღადგინა ...-ის კოოპერატივმა და აიყვანა თავის ბალანსზე. 2000 წლის 15 აპრილს ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივის გადაწყვეტილებით აღნიშნული მაღაზია მიეყიდა მეპაიე - თ. კ-ძეს. მიუხედავად ამისა, 2001 წლის 14 სექტემბერს მ. ც-ძემ საკრებულოს გამგეობისაგან შეიძინა სადავო ობიექტი. მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება ობიქტის გასხვისების თაობაზე ბათილია, რადგან ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივს გააჩნდა აღნიშნული ობიექტის უპირატესი შესყიდვის უფლება. ც.-ის კოლმეურნეობა არ იყო სადავო ქონების მესაკუთრე და, შესაბამისად, იგი არ იყო უფლებამისილი, განეკარგა აღნიშნული ქონება. ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივი დაახლოებით ნახევარი საუკუნე ფლობდა სადავო ობიექტს, ხოლო 1986 წლიდან იყო მისი მესაკუთრე. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქობულეთის რაიონის სოფელ ც.-ში მდებარე 4 მაღაზიის მ.ც-ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, მოპასუხის დავალდებულება, ჩააბაროს მოპასუხეს სადავო ქონება, აგრეთვე, ქობულეთის რაიონის სოფელ ც.-ში ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივის 51,8 მიწის ნაკვეთზე მდებარე 4 მაღაზიის 44,8 კვ.მეტრი საერთო სარგებლობის ფართის თ. კ-ძის საკუთრებად აღიარება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის - 380 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. მოხსნეს მოთხოვნა ც.-ის კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 2001 წლის 14 სექტემბრის ¹2 ოქმის ბათილად ცნობის, ც.-ის კოლმეურნეობისა და საკრებულოსათვის სადავო ობიექტის განკარგვის აკრძალვისა და სადავო ობიექტის ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრებად აღიარებასთან დაკავშირებით, იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეწყვეტა მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივისა და თ. კ-ძის სარჩელი, მ. ც-ძის მიმართ ქობულეთის რაიონის სოფელ ც.-ში მდებარე ¹4 მაღაზიაზე თ. კ-ძის საკუთრების უფლებით აღიარებისა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივმა და თ. კ-ძემ გაასაჩივრეს, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე სასამართლო ხარჯის - 530 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივისა და თ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ც.-ის კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 2001 წლის 14 სექტემბრის ¹2 ოქმით მ. ც-ძეს მიეცა უფლება, შეესყიდა კოლმეურნეობის ბალანსზე რიცხული ც.-ის ¹4 მაღაზია. დადგენილად ცნო ასევე ის გარემოებაც, რომ გამგეობის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. კ-ძის განცხადება კოოპერატივის ბალანსზე რიცხული ც.-ის ¹4 სასურსათო მაღაზიის მიყიდვის შესახებ და მთავარ ბუღალტერს დაევალა შემოსული თანხის შემოსავალში აღება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ფაქტობრივი გარემოების შესახებ, კერძოდ, მ.ც-ძესა და ც.-ის კოლმეურნეობას შორის არსებული შეთანხმების ბათილობისა და კოოპერატივის მიერ მაღაზიის უპირატესი შესყიდვის უფლების თაობაზე, ასევე 2001 წლის სექტემბრის ც.-ის კოლმეურნეობის ¹2 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს ქონების ნასყიდობის შესახებ გარიგება, ასევე ქონების უპირატესი შესყიდვა ან ოქმის ბათილობა და ზემოთ დასახელებული ფაქტებით ვერ დადგინდება საკუთრების არსებობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სადავო ქონება წარმოადგენს ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრებას, ამასთან საქმეში წარმოდგენილი არ არის კანონით დადგენილი წესით გაფორმებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

სააპელაციოHGპალატამ განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვინ წარმოადგენდა ქონების მესაკუთრეს, რომელსაც ასევე, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, შეეძლო ქონების გასხვისება. სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივმა და თ. კ-ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივი არის სადავო ფართის კანონიერი მესკუთრე და მისი მოთხოვნა სასამართლოს უნდა დაეკაყოფილებინა, მით უმეტეს, რომ მ. ც-ძეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე არ ჰქონდა სადავო ფართის ფლობის უფლება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. ც-ძეს მიეცა უფლება, შეესყიდა კოლმეურნეობის ბალანსზე რიცხული ც.-ის მე-4 მაღაზია, რამდენადაც აღნიშნული მაღაზია ვერ იქნებოდა კოლმეურნეობის ბალანსზე, რადგან ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივის ბალანსზე ირიცხებოდა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივისა და თ. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე მ. ც-ძემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივისა და თ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივისა და თ. კ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივისა და თ. კ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ. კ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.