საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო
გადაწყვეტილების ტექსტი
#476აგ-15 22 დეკემბერი,2015 წელი
ა-ე ი, 476აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ა-ს განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა 2014 წლის 15 დეკემბერს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. ჩ-ა და ბრალდებულ ი. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ი. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განაჩენით ი. ა-ს მიმართ სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.
მსჯავრდებულ ი. ა-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 3 სექტემბრიდან.
2015 წლის 7 აგვისტოს მსჯავრდებულმა ი. ა-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მისი ქმედების საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის ახალ რედაქციაზე გადაკვალიფიცირება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ ი. ა-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებულ ი. ა-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედ სსკ–ის 260–ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია). განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ა-მ.
2015 წლის 21 დეკემბერს წარმოდგენილი განცხადებით ი. ა-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ ი. ა-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე