დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-103-448-07 26 მარტი, 2007 წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ფ-ს, ზ. გ-სა და ი. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 18 ივლისს ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ. ფ-მ, ზ. გ-მ და ი. ჩ-მ მოპასუხეების სს “ .. ..”-ის დირექტორ გ. გ-ისა და დამფუძნებლის ა. ს-ის მიმართ და მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოპასუხეზე დაკისრება, სს “ .. ..”-ის დირექტორის გ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება და ასევე სასამართლო ხარჯებისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების გადახდა.
ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ს, ზ. გ-სა და ი. ჩ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს “ .. ..”-ს დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეთა სასარგებლოდ, კერძოდ ნ. ფ-ს სასარგებლოდ - 1006.9 ლარის, ზ. გ-ს სასარგებლოდ _ 722.4 ლარის და ი. ჩ-ს სასარგებლოდ _ 602.4 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ფ-მ, ზ. გ-მ და ი. ჩ-მ და მოითხოვეს მისი გაუქმება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2006 წლის 19 დეკემბერს, მოპასუხე სს “ .. ..”-ის გამოუცხადებლობის გამო, აპელანტთა შუამდგომლობის საფუძველზე, გამოიტანა გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ფ-ს და ი. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცვლილება იქნა შეტანილი ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-4 ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების ნაწილში. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს “ .. ..”-ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის გადახდა 70 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტების მოთხოვნა გ. გ-ის “ .. ..”-ის დირექტორობიდან გათავისუფლების შესახებ იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან, აღნიშნული სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ფ-მ, ზ. გ-მ და ი. ჩ-მ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნ. ფ-ს, ზ. გ-სა და ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ს, ზ. გ-სა და ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება სააქციო საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნ. ფ-ს, ზ. გ-სა და ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1 ნ. ფ-ს, ზ. გ-სა და ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.