განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №74აგ-15 22 დეკემბერი, 2015 წელი
ბ-ი შ, 74აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 მაისის განაჩენით:
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს. კ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა 2014 წლის 16 მაისს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს. კ-ს (ზემდგომი პროკურორის გ. ვ-ს თანხმობით), ბრალდებულ შ. ბ-ა და ადვოკატ ზ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
შ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 141–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ორი ეპიზოდი).
საქართველოს სსკ–ის 141–ე მუხლით (2013 წლის 27 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), (2013 წლის 6 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ–ის 141–ე მუხლით (2014 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 63–64–ე მუხლების გამოყენებით, პირობით არ იქნა გამოყენებული, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 63–64–ე მუხლების გამოყენებით, პირობით არ იქნა გამოყენებული, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 12 იანვრიდან.
2015 წლის 1 ივლისს მსჯავრდებულმა შ. ბ-ა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და მიუთითა, რომ მისი ბრალდების საქმის განხილვის დროს დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური კოდექსების მოთხოვნები, ასევე საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია, კერძოდ: მსჯავრდებულის განმარტებით, მას მოტყუებით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. შუამდგომლობის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ორივე ეპიზოდისათვის დანიშნულ სასჯელებზე. მისთვის გაუგებარია, რატომ შეეფარდა ასეთი მკაცრი სასჯელი; შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ მის საქმესთან დაკავშირებით დაკითხული მოწმეებიდან 13 მოწმის ჩვენება არის ირიბი, რითაც მის მიმართ დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 76–ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა; მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მის მიმართ ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რამდენადაც მისი დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ მის ტელეფონში მითითებულ ყველა პირს და აცნობეს მისი მდგომარეობის შესახებ; შუამდგომლობაში მსჯავრდებული ასევე მიუთითებს, რომ მას სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომამდე უარი განუცხადეს საქმის მასალების გაცნობაზე; შუამდგომლობის ავტორმა შუამდგომლობასთან ერთად წარმოადგინა ადვოკატ ზ. მ-ს მიერ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიაში გაკეთებული განმარტების ასლი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 იანვრის განჩინების ასლი.
აღნიშნულ ორ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მსჯავრდებულმა შ. ბ-ა მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით დანიშვნა და განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ბ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული შ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმებას განაჩენის გადასინჯვის მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული შ. ბ-ი მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად, სხვა საფუძვლებთან ერთად, მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ განაჩენი ეყრდნობა 13 მოწმის ირიბ ჩვენებას.
სააპელაციო სასამართლო კი მსჯავრდებულ შ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული კონკრეტულად არ მიუთითებს, რომელი მოწმის ჩვენებაა ირიბი. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ შ. ბ-ს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განაჩენში მითითებულია როგორც დაზარალებულების ჩვენებები, ისე თავად შ. ბ-ს ჩვენება, ასევე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ტელეფონის დათვალიერების ოქმი და სხვა არაერთი მტკიცებულება. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, თბილისის სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტები, ინფორმაციული თვალსაზრისით, არ შეიცავს რაიმე ისეთ გარემოებას, რაც შ. ბ-ს მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გახდებოდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული საფუძველი, რომ განაჩენში მითითებული იყო 13 მოწმის ირიბი ჩვენება, წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო შუამდგომლობის დასაშვებობის ეტაპზე უფლებამოსილი იყო, განაჩენში მითითებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ემსჯელა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორის მიერ შუამდგომლობაში აღნიშნული გარემოება, რომ მისი ბრალდება ეყრდნობა 13 მოწმის ირიბ ჩვენებას, გახდებოდა განაჩენის გადასინჯვის საფუძველი შუამდგომლობის დაშვებისა და კანონით დადგენილი წესით განხილვის შედეგად.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის შესახებ იყო დასაბუთებული, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ შ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და შუამდგომლობა დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ შ. ბ-ს მიმართ.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე