დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 24.03.2009
საქმის ნომერი
ას-1038-1230-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1038-1230-08 24 მარტი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

კასატორი (მოპასუხე) _ სს “თ.-ი”, წარმომადგენელი ვ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. გ-შვილი, წარმომადგენელი ე. ხ-ული

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 2 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. გ-შვილმა მოპასუხეების _ სს “თ.-ის”, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ა. მ-ძისა და ლ. მ-იანის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სს “თ.-ის” კუთვნილი სატრანსფორმატორო ქვესადგურის პირვანდელ ადგილზე დაბრუნება, კერძოდ, აღნიშნული ქვესადგურის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრიდან ზღვრული მანძილით დაშორება.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2005 წლის 18 ნოემბერს გ. გ-შვილმა შეიძინა თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთი ¹80. იმ მიზეზით, რომ მეზობელი ნაკვეთის მობინადრებს _ ა. მ-ძესა და ლ. მ-იანს მათსავე ნაკვეთზე დამონტაჟებული სატრანსფორმატორო ქვესადგურით ზიანი ადგებოდათ, ისინი შეუთანხმდნენ სს “თ.-ს” მითითებული ქვესადგურის მოსარჩელის საზღვარზე გადატანის შესახებ. გ. გ-შვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გაცემულია ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით. შესაბამისად, სს “თ.-მა” ამ ნაკვეთის საზღვარზე სატრანსფორმატორო ქვესადგურის განთავსებით დაარღვია მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლებები. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წერილები. მათში ცალსახადაა მითითებული, რომ სატრანსფორმატორო ქვესადგური საცხოვრებელი სახლის ფანჯრებიდან მინიმუმ 10 მეტრით უნდა ყოფილიყო დაშორებული.

მოსარჩელის მითითებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2006 წლის 29 სექტემბერს წერილობით მიმართა სს “თ.-ის” ხელმძღვანელობას. წერილში ხაზგასმით აღინიშნა, რომ სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საზღვრიდან 10 მეტრზე ნაკლები მანძილით დაცილების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ნორმები დაირღვეოდა, რასაც მათი სამსახურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა. გარდა ამისა, გ. გ-შვილმა არაერთხელ მიმართა თავად სს “თ.-ს” და დაწყებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვა. პასუხად სს “თ.-მა” მიუთითა, რომ მოქმედი ნორმებისა და წესების დაცვით მუშავდებოდა სადავო ტერიტორიაზე სატრანსფორმატორო ქვესადგურის განთავსების ახალი პროექტი, რაზეც მოგვიანებით აცნობებდნენ. სს “თ.-ის” პასუხი გ. გ-შვილისათვის იმთავითვე არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, რამდენადაც იგი მიიჩნევდა, რომ არ არსებობდა ახალი პროექტის შემუშავების რაიმე საფუძველი, რომელიც მისი მიწის ნაკვეთის საზღვართან სატრანსფორმატორო ქვესადგურის განთავსების შესაძლებლობას წარმოშობდა. აქედან გამომდინარე, სს “თ.-ისათვის” ხელმეორედ მიმართვისას გ. გ-შვილმა ითხოვა განემარტათ კანონის ნორმა, რომელიც მათ პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მისცემდა. მოსარჩელეს სს “თ.-ის” მხრიდან ზემოაღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ მიუღია. ნაცვლად ამისა, 2007 წლის 29-31 მარტს სატრანსფორმატორო ქვესადგური მისი მიწის ნაკვეთის საზღვარზე განთავსდა.

მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის არაკანონიერი ქმედებით გამოწვეული მისი უფლებების ხელყოფა შემდეგში გამოიხატებოდა: სატრანსფორმატორო ქვესადგური წარმოადგენდა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ფიზიკური ფაქტორის _ ხმაურის ზემოქმედების წყაროს, არღვევდა სანიტარულ ნორმებს, ასევე, წარმოადგენდა ხანძრის კერას, რადგან მუშაობდა ნავთობპროდუქტებზე, კერძოდ, ზეთზე, რაც ადვილად აალებადია; გარდა ამისა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს შესაბამისი სამსახურის მიერ მინიჭებული ჰქონდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სტატუსი, ე.ი. გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. სატრანსფორმატორო ქვესადგურის ნაკვეთის საზღვარზე დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს მოცემულ ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენების შესაძლებლობა არ მიეცემოდა, რამდენადაც მიწის ნაკვეთის სიგანე საშუალოდ 10 მეტრი იყო. აქედან გამომდინარე, საპროექტო სახლსა და სატრანსფორმატორო ქვესადგურს შორის მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული დაცილების მანძილის _ არანაკლებ 10 მეტრის დაცვა შეუძლებელი იქნებოდა (ს.ფ. 1-2, 16-18).

საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოირკვა, რომ აღნიშნული დროისათვის მიწის ნაკვეთი, რომელზეც სადავო ქვესადგური იყო განთავსებული, სს “თ.-ის” საკუთრებაში ირიცხებოდა. შესაბამისად, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოთხოვნის ადრესატი და საბოლოოდ მოითხოვა სს “თ.-ისათვის” მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურის ნაკვეთის საზღვრიდან არანაკლებ 10 მეტრის დაშორებით გადატანის დავალება (ს.ფ. 57-60).

მოპასუხე სს “თ.-მა” სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სადავო შემთხვევაში სამშენებლო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა და გ. გ-შვილს არანაირი უფლება არ ეზღუდებოდა. მოსარჩელის მოთხოვნა სატრანსფორმატორო ქვესადგურის კუთვნილი ნაკვეთის საზღვრიდან არანაკლებ 10 მეტრის დაშორებით გადატანის შესახებ დაუსაბუთებელი იყო, რამდენადაც იგი ვერ მიუთითებდა, თუ რა ტიპის ქვესადგური იყო განთავსებული მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვარზე _ ზეთზე თუ მშრალად მომუშავე, რა ზემოქმედებას განიცდიდა იგი. ასევე დაუსაბუთებელი იყო მითითება იმ გარემოებაზე, რომ მას ბინის მშენებლობაში შეიძლებოდა ხელი შეშლოდა და მშენებლობის ნებართვა ვერ მიეღო, ვინაიდან მტკიცებულება, რომელიც ასეთი უარის არსებობას დაადასტურებდა, საქმეში არ არსებობდა. ამასთან, მშენებლობის ნორმების დარღვევას ადგილი ვერ ექნებოდა, რადგან მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთზე ამ დროისათვის არანაირი შენობა არ იდგა (ს.ფ. 65-70).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “თ.-ს” დაევალა გ. გ-შვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვართან განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის გადატანა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის (მდებარე თბილისი, საირმის გორა, ნაკვეთი ¹80, ნაკვეთის ¹25/70) სასაზღვრო მიჯნიდან არანაკლებ 6 მეტრის დაშორებით.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-შვილის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთი გაცემული იყო ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით. აღნიშნული ნაკვეთის საზღვრიდან 60 სმ-ის დაცილებით დამცავი შენობის გარეშე განთავსებული იყო სს “თ.-ის” კუთვნილი სატრანსფორმატორო ქვესადგური.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სატრანსფორმატორო ქვესადგური მასში მიწოდებული ელექტროენერგიის გამო წარმოადგენდა მომეტებული საფრთხის წყაროს, რაც განაპირობებდა სპეციალური სამშენებლო ტექნიკური ნორმების არსებობას, რომელთა გათვალისწინებაც სატრანსფორმატორო ქვესადგურების პროექტირებისა და განთავსებისას აუცილებელი იყო, რომ მისგან გამომდინარე გარემოზე ზემოქმედების შესაძლებლობები მინიმუმამდე შემცირებულიყო.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა “ქალაქისა და სოფლის დასახლების დაგეგმარებისა და განაშენიანების შესახებ სამშენებლო ნორმებზე” (აღიარებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის ¹45 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და მოქმედების შესახებ წესით”), რომლის მიხედვით, ყველა სატრანსფორმატორო ქვესადგური და გამანაწილებელი მოწყობილობა უნდა იყოს დახურული ტიპის. ამავე ნორმების თანახმად, ტრანსფორმატორთა სხვადასხვა ტექნიკური მონაცემების შესაბამისად დადგენილია შენობებამდე მათი განთავსების დასაშვები მანძილის სტანდარტები. სატრანსფორმატორო ქვესადგურის სიმძლავრის, მისი სახეობის (მშრალად მომუშავე, ზეთზე მომუშავე), ასევე შენობის ხანძარმედეგობის, შენობის დანიშნულების კრიტერიუმების გათვალისწინებით, დადგენილია ქვესადგურის შენობიდან დაშორების მინიმალური და მაქსიმალური მანძილი 6 მეტრიდან 15 მეტრამდე.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სატრანსფორმატორო ქვესადგურის დაშორების დადგენილი სტანდარტების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, აგრეთვე გ. გ-შვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მახასიათებლების გათვალისწინებით, იმთავითვე აშკარა იყო, რომ მოსარჩელე შეიზღუდებოდა კუთვნილ მიწის ნაკვეთში სახლის განთავსების არჩევანში, ვინაიდან სახლის ადგილმდებარეობის შერჩევისას განმსაზღვრელი გახდებოდა მოსარჩელის ნაკვეთის საზღვარზე (60 სმ-ის დაშორებით) განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის ფაქტორი. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული გარემოება წარმოადგენდა მესაკუთრისათვის ნაკვეთით სარგებლობის უფლების დაუშვებელ ხელყოფას.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 176-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთზე ისეთი ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

რამდენადაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სადავო სატრანსფორმატორო ქვესადგურისათვის გათვალისწინებული იყო შენობის კედლის ფანჯრიდან მინიმუმ 10 მეტრით დაშორება, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, კერძოდ, დადგინდა, რომ სს “თ.-ის” მიერ დაცული უნდა ყოფილიყო შენობიდან სატრანსფორმატორო ქვესადგურის მინიმალური დაშორების, ანუ 6 მეტრის მანძილი (ს.ფ. 78-83).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “თ.-მა”, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად განიმარტა სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლი. კანონის დასახელებული ნორმა ნებისმიერ მესაკუთრეს თანაბრად იცავს, რის შესაბამისადაც სარჩელის საფუძვლიანობის გამორკვევისას ორივე მხარის უფლებები თანაბრად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. სს “თ.-ისათვის” თბილისის სხვადასხვა ტერიტორიებზე, მათ შორის, ... მიწის საკუთრებაში არსებობა დაკავშირებული იყო მხოლოდ ერთ მიზანთან _ განეთავსებინა მასზე სატრანსფორმატორო ჯიხური, რომ მომხდარიყო მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდება. მოცემული ინტერესი არ წარმოადგენდა მხოლოდ “თ.-ის” ინტერესს. დენის მიწოდებით ხორციელდებოდა საჯარო ინტერესიც. აღნიშნული ფუნქციის განხორციელებისას მნიშვნელოვანი იყო მიწის ნაკვეთის იმ რადიუსში მდებარეობა, სადაც ხდებოდა ელექტროენერგიით მომარაგება. სწორედ ამ მიზნით, სს “თ.-მ” თავისი საკუთრება უკვე გამოიყენა დანიშნულებისამებრ და მასზე განათავსა სატრანსფორმატორო ქვესადგური, ისე, რომ განთავსების დროს არ დარღვეულა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პარამეტრები.

აპელანტმა არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვარზე სატრანსფორმატორო ქვესადგურის არსებობით მოსარჩელე შემდგომში შესაძლოა მოქცეულიყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ბოჭვის ფარგლებში. ამგვარი მსჯელობით სასამართლომ შემდგომში განსახორციელებელი მშენებლობა ანუ მესაკუთრის სამომავლო უფლების რეალიზაცია უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია, ვიდრე სხვა მესაკუთრის უკვე რეალიზებული უფლება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეს არ წარუდგენია მისი ნაკვეთის საზღვართან განთავსებული ქვესადგურის ტიპის, ტექნიკური მონაცემების და ა.შ. დოკუმენტაცია, რის შესაბამისადაც ვერ დაადასტურა, რომ სადავო ქვესადგური იმ ტექნიკური მახასიათებლების შემცველი იყო, რომლისთვისაც სამშენებლო ნორმები ითვალისწინებდა შენობის კედლის ფანჯრიდან მინიმუმ 10 მეტრის დაცილების სტანდარტს. აღნიშნულით სასამართლომ აღიარა, რომ სატრანსფორმატორო ქვესადგურის სტანდარტები და მისი ნორმებთან შესაბამისობა (ან შეუსაბამობა) ვერ დგინდებოდა. შესაბამისად, ვერ დადგინდებოდა მისგან გამომწვევი ნებისმიერი ზემოქმედების არსებობა (ს.ფ. 88-90).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინებით სს “თ.-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია: თბილისში, ... (ნაკვეთი ¹80) მდებარე 390 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სექტორი _ საბურთალო, კოდი _ 10, კვარტლის ¹15, ნაკვეთი ¹25/70) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ. გ-შვილის სახელზე. თბილისში, ... (ნაკვეთი ¹81) მდებარე 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სექტორი _ საბურთალო, კოდი _ 10, კვარტლის ¹15, ნაკვეთი ¹25/73) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს “თ.-ის” სახელზე. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ მომიჯნავე, მეზობელ ნაკვეთებს. სს “თ.-ის” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, გ. გ-შვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრიდან 60 სმ-ის დაშორებით, დამცავი შენობის გარეშე, განთავსებულია სს “თ.-ის” კუთვნილი სატრანსფორმატორო ქვესადგური. სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობის თაობაზე შესაბამისი პროექტი გაცემული არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 176-ე მუხლები, რომელთა თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთზე ისეთი ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა “ქალაქისა და სოფლის დასახლების დაგეგმარებისა და განაშენიანების შესახებ სამშენებლო ნორმებზე” და სწორად ჩათვალა, რომ სს “თ.-მა” დაარღვია ამ ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც მოცემულ შემთხვევაში დაუშვებლად ხელყოფდნენ მოსარჩელის მიერ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარა იყო (ს.ფ. 135-142).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “თ.-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლი. კანონის დასახელებული ნორმა ნებისმიერ მესაკუთრეს თანაბრად იცავს, რის შესაბამისადაც სარჩელის საფუძვლიანობის გამორკვევისას ორივე მხარის უფლებები თანაბრად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. სს “თ.-ისათვის” თბილისის სხვადასხვა ტერიტორიებზე, მათ შორის, ... მიწის საკუთრებაში არსებობა დაკავშირებულია მხოლოდ ერთ მიზანთან _ განათავსოს მასზე სატრანსფორმატორო ჯიხური, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდება. მოცემული ინტერესი არ წარმოადგენს მხოლოდ სს “თ.-ის” ინტერესს. დენის მიწოდებით ხორციელდება საჯარო ინტერესიც. აღნიშნული ფუნქციის განხორციელებისას მნიშვნელოვანია მიწის ნაკვეთის იმ რადიუსში მდებარეობა, სადაც ხდება ელექტროენერგიით მომარაგება. სწორედ ამ მიზნით, სს “თ.-მა” თავისი საკუთრება უკვე გამოიყენა დანიშნულებისამებრ და მასზე განათავსა სატრანსფორმატორო ქვესადგური, ისე, რომ განთავსების დროს არ დარღვეულა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პარამეტრები.

არასწორია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვარზე სატრანსფორმატორო ქვესადგურის არსებობით მოსარჩელე შემდგომში შესაძლოა მოექცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბოჭვის ფარგლებში. ამგვარი მსჯელობით სასამართლო შემდგომში განსახორციელებელ მშენებლობას, ანუ მესაკუთრის სამომავლო უფლების რეალიზაციას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვიდრე სხვა მესაკუთრის უკვე რეალიზებულ უფლებას.

სასამართლოს არ გამოურკვევია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რომელ ნაწილს ემიჯნება სს “თ.-ის” მიწის ნაკვეთზე განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგური. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ქვესადგური განთავსებულია იმ მონაკვეთთან, სადაც მოსარჩელის მიწის ნაკვეთის სიგანე შეადგენს 6.09 მეტრს, მოსარჩელე ამ მონაკვეთში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას მაინც ვერ განახორციელებს, რადგან “ნაკვეთის საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ¹57 ბრძანების შესაბამისად, იგი ვალდებულია დაიცვას სამეზობლო მიჯნიდან 5-მეტრიანი დისტანცია. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ სადავო ქვესადგურის არარსებობის პირობებშიც მოსარჩელე მოქცეულია საკანონმდებლო ბოჭვის ფარგლებში.

სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, გ. გ-შვილს არ წარუდგენია მისი ნაკვეთის საზღვართან განთავსებული ჯიხურის ტიპის, ტექნიკური მონაცემების და ა.შ. დოკუმენტაცია, რის შესაბამისადაც მან ვერ დაადასტურა, რომ სადავო ქვესადგური იმ ტექნიკური მახასიათებლების შემცველი იყო, რომლისთვისაც სამშენებლო ნორმები ითვალისწინებდა შენობის კედლის ფანჯრიდან მინიმუმ 10 მეტრის დაცილების სტანდარტს. აღნიშნულით სასამართლომ აღიარა, რომ სატრანსფორმატორო ქვესადგურის სტანდარტები და მისი ნორმებთან შესაბამისობა (ან შეუსაბამობა) ვერ დგინდებოდა. შესაბამისად, ვერ დადგინდებოდა მისგან გამომწვევი ნებისმიერი ზემოქმედების არსებობა. საგულისხმოა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-მეტრიანი დისტანცია დადგენილია ზეთიანი ტრანფორმატორისათვის, ხოლო მშრალი ტრანსფორმატორებისათვის დისტანცია არ დგინდება, რადგან შესაძლებელია იგი მოექცეს თვით საცხოვრებელ შენობაში.

სასამართლო გადაწყვეტილებით სს “თ.-ს” დაევალა სატრანსფორმატორო ქვესადგურის გადატანა გ. გ-შვილის მიწის ნაკვეთის სასაზღვრო მიჯნიდან 6 მეტრის დაშორებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ მითითებული მიჯნიდან 6 მეტრის რადიუსზე არსებული ტერიტორია მოპასუხის საკუთრებას არ წარმოადგენს. ფაქტობრივად, სასამართლო გადაწყვეტილებით სს “თ.-ი” უნდა შევიდეს სხვის საკუთრებაში, რაც კანონმდებლობით დაუშვებელია (ს.ფ. 147-156).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ სს “თ.-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

თბილისში, ... (ნაკვეთი ¹80) მდებარე 390 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სექტორი _ საბურთალო, კოდი _ 10, კვარტლის ¹15, ნაკვეთი ¹25/70) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ. გ-შვილის სახელზე;

თბილისში, ... (ნაკვეთი ¹81) მდებარე 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სექტორი _ საბურთალო, კოდი _ 10, კვარტლის ¹15, ნაკვეთი ¹25/73) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს “თ.-ის” სახელზე;

დასახელებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ მეზობელ ნაკვეთებს;

სს “თ.-ის” კუთვნილ ნაკვეთზე, გ. გ-შვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრიდან 60 სმ-ში, დამცავი შენობის გარეშე, განთავსებულია სს “თ.-ის” კუთვნილი სატრანსფორმატორო ქვესადგური;

სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობის თაობაზე შესაბამისი პროექტი გაცემული არ ყოფილა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, გ. გ-შვილის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის საზღვრიდან 60 სმ-ში სატრანსფორმატორო ქვესადგურის არსებობა წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის საკუთრების დაუშვებელ ხელყოფას, რაც სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის საფუძველზე ხელშეშლის აღვეთის მოთხოვნის არსებობის აუცილებელი პირობაა.

ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სადავო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენისას მნიშვნელოვანია ნაკვეთის საზღვრიდან 60 სმ-ში განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის ზემოქმედების ხასიათის განსაზღვრა. სატრანსფორმატორო ქვესადგური მასში მიწოდებული ელექტროენერგიის გათვალისწინებით, თავისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის წერილები, რომლებშიც საუბარია სატრანსფორმატორო ქვესადგურის ზემოქმედების ისეთ სახეებზე, როგორიცაა: ხმაური, ხანძარწარმოშობის მაღალი რისკ-ფაქტორი და ა.შ. (ს.ფ. 7-8, 9, 23). სატრანსფორმატორო ქვესადგურის სწორედ ამგვარი მახასიათებლები განაპირობებს სპეციალური სამშენებლო ტექნიკური ნორმების არსებობას, რაც სატრანფორმატორო ქვესადგურების პროექტირებისა და განთავსებისას სავალდებულოა დაცული იყოს.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული სამართალურთიერთობის მიმართ “ქალაქისა და სოფლის დასახლების დაგეგმარებისა და განაშენიანების შესახებ” სამშენებლო ნორმების გამოყენებას, რომლის მიხედვით, ყველა სატრანსფორმატორო ქვესადგური და გამანაწილებელი მოწყობილობა უნდა იყოს დახურული ტიპის. ამავე ნორმების თანახმად, ტრანსფორმატორთა სხვადასხვა ტექნიკური მონაცემების შესაბამისად დადგენილია შენობებამდე მათი განთავსების დასაშვები მანძილის სტანდარტები. სატრანსფორმატორო ქვესადგურის სიმძლავრის, მისი სახეობის (მშრალად მომუშავე, ზეთზე მომუშავე), ასევე შენობის ხანძარმედეგობის, შენობის დანიშნულების კრიტერიუმების გათვალისწინებით, დადგენილია ქვესადგურის შენობიდან დაშორების მინიმალური და მაქსიმალური მანძილი 6 მეტრიდან 15 მეტრამდე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სატრანსფორმატორო ქვესადგურის დაშორების ზემომითითებული ნორმებით დადგენილი სტანდარტების აუცილებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დარღვეულია, ასევე გ. გ-შვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მახასიათებლები (ნაკვეთი გაცემულია ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით) სწორედ ის გარემოებებია, რომლებიც ცხადად ასაბუთებს მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კანონით დაცული უფლებების ხელყოფას. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ გ. გ-შვილს მისი ნაკვეთის საზღვართან განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის ტექნიკური მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარედგინა თავად კასატორს, რომლის საკუთრებაშიც ტრანსფორმატორია, რაც მას არ განუხორციელებია. ამასთან, ტრანსფორმატორის ტექნიკური მონაცემებისა და მისი ნორმებთან შესაბამისობის გამორკვევა აუცილებელი იყო მათი გათვალისწინებით ქვესადგურის სასაზღვრო მიჯნიდან დაშორების მანძილის განსასაზღვრად, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, 6 მეტრზე ნაკლები არ შეიძლება იყოს, ხოლო სხვა მანძილი მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, რომლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 176-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთზე ისეთი ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ ილახება სს “თ.-ის”, როგორც მესაკუთრის უფლებები, როგორც ამას კასატორი აღნიშნავს. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ საკუთრების უფლება თანაბრად უზრუნველყოფილია სამართლის ყველა სუბიექტის, მათ შორის, იურიდიული პირის მიმართ, მაგრამ აქვე განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უფლების ხელყოფა სახეზეა მოსარჩელესთან მიმართებაში, რისი დაცვის აუცილებლობაც მოქმედი კანონმდებლობით ცალსახადაა დადგენილი. გ. გ-შვილის საკუთრების უფლების დაცვის აუცილებლობას არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთზე არანაირი ნაგებობა არ დგას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მახასიათებლების (ნაკვეთის სიგანე შესასვლელიდან 6.09მ., ნაკვეთის უკანა მხარის სიგანე _ 15.35, სიგრძე 32.05) გათვალისწინებით სრულიად ნათელია, რომ გ. გ-შვილი ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის აღებისას შეიზღუდება საცხოვრებელი სახლის ადგილის განთავსების არჩევანში. ასეთ ვითარებაში ვერ ვიტყვით, რომ ამჟამად საკუთრების უფლების ხელყოფას ადგილი არ აქვს.

სასამართლო გადაწყვეტილებით სს “თ.-ს” დაევალა სადავო სატრანსფორმატორო ქვესადგურის გადატანა გ. გ-შვილის მიწის ნაკვეთის სასაზღვრო მიჯნიდან არანაკლებ 6 მეტრის და არა 6 მეტრის შემდგომ (როგორც კასატორი მიუთითებს) რადიუსში, რაც არ არის ერთი და იგივე. ამასთან, სასამართლო ვერ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთა ნაკვეთშიც აღნიშნული ტრანსფორმატორი უნდა დაიდგას, შესაბამისად, არ არსებობდა ამ პირთა საქმეზე მოწვევის აუცილებლობაც, რამდენადაც მოსარჩელის საზღვრიდან 6 მეტრის იქით პირთა წრე განუსაზღვრელია. დასახელებულ ნაკვეთში სატრანსფორმატორო ქვესადგურის განსათავსებლად მიზანშეწონილი ტერიტორიის შერჩევის უზრუნველყოფა თავად სს “თ.-მა” უნდა მოახდინოს, ისე, რომ ამით სხვისი საკუთრების უფლება არ ხელყოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “თ.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.