დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 05.05.2009
საქმის ნომერი
ას-1055-1239-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1055-1239-08 5 მაისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი (მოსარჩელე) _ სს „ს. ს. ბ.“, წარმომადგენელი გ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს „ბ. ს. ნ.“, წარმომადგენლები: მ. ქ-ძე, კ. ფ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 6 ივლისს სს „ს. ს. ბ.“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შპს „ბ. ს. ნ.“ მიმართ და მოპასუხისათვის 486 312.5 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2002 წლის 28 ივლისს მოსარჩელემ სს „ს. ს. ნ.“ გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხად გაიცა 700 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წელი, ხოლო წლიური პროცენტის სახით _ 14%. ხელშეკრულებით დადგინდა, რომ კრედიტისა და კუთვნილი საპროცენტო სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ვადაგადაცილებულ დღეზე კრედიტორისთვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო კრედიტის თანხის თვიური 2% რაოდენობით, ხოლო გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის თვიური 2%. ხელშეკრულებითვე იქნა განსაზღვრული მსესხებლის ვალდებულების შესრულების კონკრეტული გრაფიკი, რომლის თანახმად ვალდებულების შესრულების პერიოდად მითითებულ იქნა ყოველი თვის ბოლო, ხოლო ყოველთვიურ გადასახდელ თანხაში განისაზღვრა როგორც ძირითადი, ისე დარიცხული პროცენტის თანხის ნაწილი.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შპს „ბ. ს. ნ.“ მიერ სრულდებოდა ნაწილობრივ 2004 წლის სექტემბრამდე, შემდგომ მან შეწყვიტა ვალდებულების შესრულება, აღარ გადაიხადა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხა, რის გამოც დავალიანების თანხამ შეადგინა 1 050 646.56 Aაშშ დოლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ. ს. ნ.“ დააკისრა სს „ს. ს. ბ.“ სასარგებლოდ 546 334.26 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროს არ ყოფილა მოთხოვნილი სესხის პროცენტი და ვადაგადაცილების პროცენტი.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 486312.5 აშშ დოლარის დაკისრება სესხის ძირითადი თანხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით, რაც სარჩელის აღძვრის პერიოდისათვის შეადგენდა 486 312.5 აშშ დოლარს _ დარიცხული პროცენტის სახით 379409.8 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით _ 107 902.7აშშ დოლარს (ს.ფ.1-4).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ს. ბ.“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ბ. ს. ნ.“ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 353 662 ლარის გადახდა. თანხის დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წლის 28 ივლისს სს „ს. ს. ბ.“ და შპს „ბ. ს. ნ. შ.“ გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკის მიერ მოპასუხეზე სესხად გაიცა 700 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წელი, ხოლო წლიური პროცენტის სახით _ 14%. ძირითადი ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ კრედიტისა და კუთვნილი საპროცენტო სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ვადაგადაცილებულ დღეზე კრედიტორისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო კრედიტის თანხის თვიური 2% რაოდენობით, ხოლო გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის თვიური 2%. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ ვადაზე ადრე შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეს ძირითადი თანხის სახით დავალიანებად გააჩნდა 546 334.26 აშშ დოლარი, რომლის გადახდაც დაეკისრა სასამართლოს გადაწყვეტილებით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული თანხა მოპასუხეს ნებაყოფლობით არ გადაუხდია, ხოლო მოსარჩელეს მისი მოთხოვნა ძირითადი თანხის გადახდის მოთხოვნასთან ერთად არ დაუყენებია.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სასამართლოს მითითებით, მხარეები საკრედიტო ხელშეკრულების დადების დროს შეთანხმებული იყვნენ ძირითადი თანხისა და შესაბამისი პროცენტის გადახდის თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, 2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ივნისამდე მოპასუხეს პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 275 206 აშშ დოლარი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული თანხა მოპასუხეს გადახდილი არ ჰქონდა და შესაბამისად, ამ თანხის გადახდაზე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ასევე უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა გრაფიკით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის თვიური 2%-ის ოდენობით. დასახელებულმა თანხამ ხელშეკრულების მე-5 პუნქტით დადგენილი გაანგარიშებით 2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ივნისამდე პერიოდში შეადგინა 78 456 აშშ დოლარი. M

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა პროცენტის გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც. მოსარჩელემ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა და ძირითადი თანხის გადახდა მოითხოვა 2006 წლის სექტემბერში და სასამართლოს მითითებით, ამ დროიდან მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის თანხების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკს შეუჩერდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ამიტომ მას ბანკის სასარგებლოდ აღარ უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტებისა და პირგასამტეხლოს გადახდა. “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან კომერციულ ბანკს ეკრძალება ამ ლიცენზიით მინიჭებული საქმიანობა. „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესით დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის ¹159 ბრძანების მეორე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან ბანკში წყდება პროცენტებისა და საურავების დარიცხვა დეპოზიტებზე და სხვა ვალდებულებებზე. Aსასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ნორმის მიხედვით პროცენტებისა და საურავების დარიცხვა წყდება ბანკის კრედიტორების მიმართ არსებულ დეპოზიტებზე და სხვა ვალდებულებებზე. მანამდე დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები მხარეებმა უნდა შეასრულონ პირნათლად. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება ან შეჩერება ბანკს არ ართმევს უფლებას, მოპასუხეს მოსთხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურება (ს.ფ.47-54).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ. ს. ნ.,“ რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ.58-70).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, Gგაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „ს. ს. ბ.“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, მტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2006 წლის 4 ივნისის მდგომარეობით, 2002 წლის 28 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ბ. ს. ნ. საბანკო დავალიანება სს „ს. ს. ბ.“ წინაშე დარიცხული პროცენტებით შეადგენდა 564 334.26 აშშ დოლარს, რაც განსახილველი სარჩელის წარდგენის დროისათვის გადახდილია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს მის წინაშე გააჩნდა 2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ივნისამდე პერიოდის საპროცენტო სარგებლის გადახდისა და ვალდებულების არაჯეროვანი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ 2006 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული საპროცენტო სარგებელი მოიცავდა მხოლოდ 2004 წლის სექტემბრამდე წარმოშობილ სარგებელს. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ივნისამდე პერიოდში, შპს „ბ-ის ს. ნ-ის“ დავალიანებამ (საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო) შეადგინა 486 312.5 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან კომერციულ ბანკს ეკრძალება ამ ლიცენზიით მინიჭებული ყოველგვარი საქმიანობა. ამავე კანონის მე-20 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბანკო საქმიანობად მიიჩნევა როგორც დეპოზიტების მოზიდვა, ისე სესხების გაცემა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის” მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: „საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან, ბანკში წყდება პროცენტებისა და საურავების დარიცხვა დეპოზიტებსა და სხვა ვალდებულებებზე“. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ სესხებზე პროცენტებისა და საურავების დარიცხვის აკრძალვასაც, ვინაიდან ნორმაში მითითებულ „სხვა ვალდებულებად“, რაც დეპოზიტებთან ერთად შეიძლება ითვალისწინებდეს პროცენტებისა და საურავების დარიცხვას, “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლიდან გამომდინარე, შეიძლება მიჩნეულ იქნას გაცემული სესხიდან წარმოშობილი ვალდებულებებიც (ს.ფ. 109-118).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. ს. ბ.“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 353 662 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია ბანკის წინაშე არსებული მოპასუხის ვალდებულება შესრულებულად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ს. ბ.“ სასარგებლოდ შპს „ბ. ს. ნ.“ ვალდებულების დარღვევის გამო დაევალა სესხის ძირითადი თანხის _ 564. 334.26 აშშ დოლარის ვადაზე ადრე გადახდა, რითაც დადგენილ იქნა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. მითითებული გადაწყვეტილების მიღების დროს არ ყოფილა მოთხოვნილი სესხის პროცენტი და ვადაგადაცილების პროცენტი. ბანკმა შემდგომ აღძრა სარჩელი და ზიანის ანაზღაურების სახით მოითხოვა ზემოაღნიშნული თანხების დაკისრება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით განისაზღვრა არა მიყენებული ზიანის ოდენობა, არამედ დადგენილი იქნა ზიანის არსებობის ფაქტი.

2002 წლის 28 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, კრედიტორს პროცენტთან ერთად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა თანხის თვიური 2%, ხოლო გადახდის გრაფიკის დარღვევისთვის _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის თვიური 2%. კასატორის აზრით, აღნიშნული მუხლების გათვალისწინებით, ზიანის ოდენობა უნდა გამოთვლილიყო 2004 წლის სექტემბრიდან ანუ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობიდან იმ მომენტამდე, როცა მოპასუხეს დაეკისრებოდა შესაბამისი თანხის გადახდა.

კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონის პირველი მუხლი და მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი, რადგან ამ ნორმებით ბანკს ეკრძალება ახალი გარიგებების დადება ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, თუმცა მას უნარჩუნდება უფლებამოსილება, დაასრულოს ლიცენზიის არსებობის პირობებში დადებული გარიგებები და მიიღოს მისგან წარმოშობილი სარგებელი. კასატორის მოსაზრებით,Aასევე არასწორია „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის ¹159 ბრძანების მეორე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენება, რომლის თანახმად, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან ბანკში წყდება პროცენტებისა და საურავების დარიცხვა დეპოზიტებსა და სხვა ვალდებულებებზე.Aამ ნორმის მიხედვით, პროცენტებისა და საურავების დარიცხვა წყდება ბანკის კრედიტორების მიმართ არსებულ დეპოზიტებზე, რომელთა მიმართ არსებული დავალიანება გადაიტანება შესაბამისი პირის ძირითადი თანხის ანგარიშზე (ს.ფ. 123-129).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. ს. ბ.“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის” მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის განმარტებას იმგვარად, რომ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან ბანკს აღარ აქვს უფლება, საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ სესხებზე მოითხოვოს პროცენტისა და საურავის დარიცხვა. „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის” მე-2 მუხლის მითითებული ნორმა ითვალისწინებს, რომ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან ბანკში წყდება პროცენტებისა და საურავების დარიცხვა დეპოზიტებსა და სხვა ვალდებულებებზე და ამ თარიღისათვის დარიცხული გაუცემელი პროცენტები გადაიტანება შესაბამისი პირის ძირითად ანგარიშზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ ნორმაში გათვალისწინებულ “სხვა ვალდებულებებში” იგულისხმება ბანკის ვალდებულებები სხვა პირთა მიმართ, მაგალითად, როგორიცაა დეპოზიტებიდან გამომდინარე ვალდებულებები და აქ არ არის საუბარი მოვალეთა ვალდებულებებზე ბანკის მიმართ. „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის” მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომერციულ ბანკს ევალება, სრულად გამოიყენოს კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად მის ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სრულად ამოიღოს მის მიმართ არსებული დავალიანებები. „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის” მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს, რომ ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია, მსესხებელთა და სხვა დებიტორთა მხრიდან დავალიანების წერილობითი დასტურით ან რესტრუქტურიზაციით გათვალისწინებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სასამართლო ორგანოებში საქმეების აღძვრის ჩათვლით. უფრო მეტიც, ამავე წესების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ბანკის ლიკვიდაციის პროცესს დასრულებულად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სესხებისა და სხვა აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებულები არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება. ამდენად, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკს სრული შესაძლებლობა აქვს, მოვალეთა მიმართ წარადგინოს საპროცენტო და სხვა დავალიანების მოთხოვნები არამარტო საბანკო ლიცენზიის გაუქმებამდე არსებულ პერიოდზე, არამედ ამ პერიოდის შემდეგაც, თუკი ასეთი დავალიანება არსებობს.

მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს მიერ ნორმის არასწორი განმარტებისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულს არ გამოუწვევია საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. მოსარჩელე სს “ს. ს. ბ.” სარჩელით ითხოვდა 2004 წლის სექტემბრიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდში მოპასუხე სს “ბ. ს. ნ.” პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ვადაგადაცილების პროცენტის) დაკისრებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების განხილვის საგანი იყო როგორც სესხის ძირითადი თანხა, ისე საპროცენტო დავალიანება და ვადაგადაცილების პროცენტი. მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ს. ბ.“ სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ 2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ივნისამდე პერიოდის პროცენტისა და პირგასამტეხლოს თანხის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენი პერიოდის მოთხოვნის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სს „ს.ს.ბ-ს“ სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. ამდენად, საკასაციო საჩივრის დავის საგანია 2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ივნისამდე პერიოდის პროცენტისა და პირგასამტეხლოს დავალიანება, რაც მოცულია კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ს. ს. ბ.“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.