დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1082-1347-09 21 დეკემბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ბ. მ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. მ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ქონებიდან წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 25 თებერვალს ხულოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბ. მ-ძემ მოპასუხე ჯ. მ-ძის მიმართ პირადი მოხმარებისა და ნაჩუქარი ნივთების გადაცემის, ავტომანქანის გადაცემისა და თანაზიარი ქონებიდან წილის გამოყოფის მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ არის ჯ. მ-ძის ძმისშვილი. იზრდებოდა და ცხოვრობდა მოპასუხესთან. უთანხმოების შედეგად 2007 წელს ბ. მ-ძემ დატოვა მოპასუხის ოჯახი ისე, რომ რაიმე ქონება არ წაუღია. მოპასუხესთან ერთად ცხოვრების პერიოდში, 1998 წლიდან 2007 წლის შემოდგომამდე, ერთობლივი საოჯახო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული ქონების წილი, მოსარჩელის მეუღლის კუთვნილი პირადი მოხმარების ნივთები და ბ. მ-ძის კუთვნილი ავტომანქანა იმყოფებოდა მოპასუხესთან (ს.ფ. 3-5).
ხულოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელეს გადაეც პირადი მოხმარების ნივთების ნაწილი და ავტომანქანა “ზილ-131”. მოსარჩელის მოთხოვნა 2000 ლარის ღირებულების 5 ტონა კარტოფილის, 1 სული ძროხის და პირუტყვის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლიდან 800 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მას არ გააჩნია საკმარისი ოდენობის მიწის ნაკვეთი 10 ტონა კარტოფილის მოსაყვანად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ერთი სული ძროხის გადაცემისა და პირუტყვის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლიდან 800 ლარის დაკისრების ნაწილში იყო საფუძვლიანი, მაგრამ იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელეს ევალებოდა ავტომანქანის ღირებულების ნახევრის _ 1500 აშშ დოლარის გადახდა მოპასუხისათვის, უნდა მომხდარიყო მოთხოვნათა გაქვითვა (ს.ფ. 99-101).
აღნიშნული გადაწყვეტილება ავტომანქანის გადაცემის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ავტომანქანის გადაცემის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტი მიუთითებდა, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ავტომანქანა ერთობლივი საქმიანობის შედეგად შეძენილ ქონებად, რადგან ავტომანქანის შეძენა მოხდა 1999 წელს, ხოლო ბდრი მ-ძე მასთან საცხოვრებლად გადავიდა 2000 წელს. ავტომანქანის გადაცემის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სადავო ავტომანქანის მფლობელობაზე ბ. მ-ძისათვის გაცემული მინდობილობის არსებობა და არ გაითვალისწინა აღნიშნული მინდობილობის გაუქმების ფაქტი (ს.ფ. 134-144).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხულოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება ბ. მ-ძისათვის ავტომანქანის გადაცემის ნაწილში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. მ-ძის სახელზე გაცემული მინდობილობა ავტომანქანის მართვისა და განკარგვის შესახებ გაუქმდა 2008 წლის 13 აგვისტოს მინდობილობით. ბ. მ-ძეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა სადავო ავტომანქანის შესაძენად მის მიერ ღირებულების ნაწილის გადახდის ფაქტი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ერთ ოჯახად ცხოვრება არ წარმოადგენს ერთობლივ საქმიანობას და სადავო ავტომანქანა არ წარმოდგენს საზიარო ნივთს, ბ. მ-ძის მიერ მხოლოდ ავტომანქანით სარგებლობის ფაქტი ვერ გახდებოდა მისი სადავო ნივთის მესაკუთრედ ცნობის საფუძველი (ს.ფ. 230-236).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახლა განსახილველად. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული საბანკო დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ ბ. მ-ძის მეუღლემ სამკაულების დაგირავებით აიღო კრედიტი და გადაიხადა ავტომანქანის საფასური ჯ. მ-ძესთან ერთად. კასატორის მითითებით, ჯ. მ-ძეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ ავტომანქანის საფასურის გადახდის შესახებ (ს.ფ. 245-253).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ბ. მ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 2009 წლის 30 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.