დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.06.2009
საქმის ნომერი
ას-1111-1264-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1111-1264-08 25 ივნისი, 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შ.პ.ს. “ .. ..”-ს დირექტორი ი. ა-ძე (მოპასუხე)

კასატორის წარმომადგენელი: ლ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, შპს „ .. ..-ის“ მიმართ და მოპასუხისათვის 1998-2005 წლებში სახელმწიფოს მიერ მიუღებელი დივიდენდის და დარიცხული პროცენტის – სულ 471 132 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შ.პ.ს. “ .. ..-ის” მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შ.პ.ს. “ .. ..-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტი მხარის მოსაზრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – არასათანადო მოსარჩელეობასთან დაკავშირებით, ვიაიდან მიიჩნია რომ რეესტრის ჩანაწერების თანახმად, დანარჩენ პარტნიორებთან ერთად 20%-იანი წილის მფლობელი ნაცვლად მერიისა, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროა. რეესტრის ჩანაწერების ცვლილება კი მხარეს სადაოდ არ გაუხდია.

პალატამ ასევე არ გიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ წილის ფლობა არ წარმოშობს პარტნიორთა უფლება-მოვალეობებს წილის წინა მფლობელის უფლება-მოვალეობათა მიმართ.

პალატამ მიიჩნია, რომ საზოგადოების საქმიანობით მიღებული მოგებიდან თავისი წილის მიღების უფლება გააჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, როგორც შპს „ .. ..-ის“ ახალ პარტნიორს.

პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმეში არ არსებობს მტკიცებულება პარტნიორთა შორის მოგების განაწილების შესახებ, შესაბამისად საზოგადოება არის მოცემულ შემთხვევაში ერთადერთი მოპასუხე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. “ .. ..”-ს დირექტორმა ი. ა-ძემ.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა კანონიერი და დასაბუთებული არგუმენტაცია იმის თაობაზე რომ მოცემულ დავაში შ.პ.ს .. ..” არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს. კერძოდ, სარჩელის თანახმად, შპს .. ..-ის“ ერთ-ერთი პარტნიორი, 20%-იანი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მოითხოვდა დღიური წმინდა მოგების თანხებს საზოგადოებისაგან.

კასატორს მიაჩნია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და მე-91 მუხლის მე-5 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის, მე-6 ნაწილის „ე“ პუნქტისა და მე-8 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, შპს–ის პარტნიორს უფლება არ აქვს წლიური წმინდა მოგების მოთხოვნა წაუყენოს საზოგადოებას, როცა მას (საზოგადოებას) უკვე შესრულებული აქვს დაკისრებული მოვალეობა წლიური ანგარიშების (თანხების) შედგენის თაობაზე. კანონის აღნიშნული ნორმები იმპერატიულად ადგენენ, რომ წლიური შედეგების დამტკიცებისა და პარტნიორთა შორის მოგების დივიდენდის სახით განაწილების უფლებამოსილება გააჩნია პარტნიორთა კრებას და არა შპს-ის ადმინისტრაციას. დივიდენდის განაწილების უფლებამოსილება, კასატორის განმარტებით, კანონის თანახმად მინიჭებული აქვს პარტნიორთა კრებას და არა შპს-ს.

კასატორის განცხადებით, შპს .. ..-ში“ ყოველწლიურად დგებოდა წლიური საბალანსო ანგარიშები; ხოლო წლიური წმინდა მოგების პარტნიორებს შორის განაწილების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ პარტნიორთა კრებას. კასატორის აზრით, მოცემულ დავაში შ.პ.ს “ .. ..” არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რის შესახებ მათ წერილობითი შუამდგომლობით მიმართეს ორივე ინსტანციის სასამართლოს, მაგრამ მათი მოთხოვნა უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის მითითებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-91 მუხლის მე-5 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის, მე-6 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-8 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე შპს-ს პარტნიორს უფლება არ აქვს წლიური წმინდა მოგების მოთხოვნა წაუყენოს საზოგადოებას, როცა მას უკვე შესრულებული აქვს წლიური ანგარიში (ბალანსი). აღნიშნული მოსაზრება საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით არ შეიძლება გაზიარებული იქნეს. მე-8 მუხლში მითითებულია პარტნიორთა კრების უფლებამოსილებაზე დაადგინოს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. მე-91 მუხლის მე-5 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში საუბარია პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე დაამტკიცოს წლიური შედეგები, ხოლო მე-6 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში პარტნიორთა კრების უფლებამოსილებაზე მიიღოს გადაწყვეტილებები დირექტორების დანიშვნის და გამოწვევის თაობაზე, მათი ანგარიშების დამტკიცებაზე და ა.შ. კასატორის მითითებული ნორმათა ანალიზიდან არ იკვეთება კასატორის მიერ მითითებული მოსაზრება. სწორედ წლიური შედეგების შეჯამების შემდეგ შესაძლებელია იმ ინფორმაციის მიღება, თუ რამდენად მომგებიანი იყო საზოგადოების საქმიანობა გასული წლისათვის და სწორედ აღნიშნულის შემდეგ შეიძლება დაისვას მოგების განაწილების საკითხი. ხოლო რაც შეეხება დივიდენდების განაწილებას, აღნიშნული საკითხი მართლაც პარტნიორთა კრების გადასაწყვეტია. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პარტნიორთა კრებამ დივიდენდის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, ამ გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს საზოგადოებამ და არა პარტნიორებმა, როგორც ამას უთითებს კასატორი. პარტნიორები ახორციელებენ მმართველობით უფლებამოსილებას პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საზოგადოების საქმიანობას კი ხელმძღვანელობს დირექტორი ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად. ანალოგიურად წესრიგდებოდა აღნიშნული საკითხები დავის არსებობისას ამ ურთიერთობათა მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმებითაც. ამდენად საზოგადოებისათვის თანხის გადახდის დაკისრება არ გულისხმობს საზოგადოების ადმინისტრაციისათვის თანხის დაკისრებას. როდესაც თანხის გადახდა ეკისრება საზოგადოებას, გადახდევინება ხდება არა ადმინისტრაციის, არამედ საზოგადოების ქონებიდან.

კასატორი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ წლიური მოგება განაწილებულია პარტნიორთა შორის და აღნიშნულის თაობაზე არ დავობს არცერთი პარტნიორი და თუ რომელიმე პარტნიორმა დივიდენდი ვერ მიიღო, კასატორის აზრით, იგი უნდა ედავოს პარტნიორთა კრებას და არა საზოგადოებას. აღნიშნულ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან სხვა პარტნიორთა მიერ დივიდენდის მიღების ფაქტი გულისხმობს იმას, რომ პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება განაწილებულიყო დივიდენდი პარტნიორებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია განხორციელდეს ასეთი აქტი. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შესრულება კი უნდა მოახდინოს საზოგადოებამ, მისი ხელმძღვანელი და სათანადო თანამდებობის პირების მეშვეობით (იგულისხმება ბუღალტერი მოლარე და ა.შ.) იმ შემთხვევაში კი, თუ დივიდენდი გაიცა სხვა პარტნიორებზე, იგი უნდა გაცემულიყო ბათუმის მერიაზეც. თუ პარტნიორთა კრებამ მიიღო სხვაგვარი გადაწყვეტილება ასეთი მტკიცებულება უნდა წარმოედგინა საზოგადოებას, როგორც ამ მტკიცებულებათა ხელთმქონე პირს. ასეთი მტკიცებულება კი საქმის მასალებში არ მოიპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მითითებული საფუძვლებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შეუძლებელია და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესს სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის განჩინებით, შ.პ.ს. “ .. ..”-ს დირექტორს ი. ა-ძეს სახელმწიფო ბაჟის სახით დაკისრებული 8000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმის საბოლოო განხილვამდე. შესაბამისად პალატა თვლის, რომ შ.პ.ს. “ .. ..”-ს დირექტორს ი. ა-ძეს უნდა დაევალოს სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს .. ..-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

შ.პ.ს. “ .. ..”-ს დირექტორს ი. ა-ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.