გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-112-391-08 9 ივლისი, 2008 წ
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ თ. და ნ. დ.-ა, კ. ა.-ა, ნ. ხ.-ი, ქ. ო.-ი, მ. თ.-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ გ. ძ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – გ. და ი. გ.-ები, ვ. შ.-ე, ლ. ჭ.-ი (მოპასუხე)
მესამე პირები--- გ. ლ.-ა, დ. კ.-ი, თ. ჟ.-ი, მ. შ.-ე, ტ. კ.-ი, დ. ა.-ე და მ. მ.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი –საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული შენობის დემონტაჟი და მიწის ფართის განთავისუფლება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 13 დეკემბერს დ. დ.-მ, კ. ა.-მ, თ. ლ.-მ, გ.- ლ.-მ და მ. თ.-მ სარჩელით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: გ. და ი. გ.-ის, ვ. შ.-ის, ლ. ჭ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს თბილისში, ...-ის ქუჩა ¹28\47-ის მცხოვრებთა საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე მოპასუხეთა მიერ უკანონოდ აღმართული 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მიწის გამონთავისუფლება.
მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ ორსართულიან სახლში, სახლის მიმდებარე 1300 კვ. მეტრი იყო მობინადრეთა საერთო საკუთრება. მოპასუხეები ამ საერთო საკუთრებიდან 250-300 კვ.მ ფართს თვითნებურად დაეპატრონენ, ისე რომ რეალური წილი არ ჰქონიათ გამოყოფილი და მეზობლებთან შეუთანხმებლად ააშენეს 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელეების განმარტებით, აღნიშნული სახლის აშენებით მათ სახლებს მიადგათ ზიანი და შეეზღუდათ საერთო ეზოთი სარგებლობის უფლება, ამასთან მოპასუხეებს არ გააჩნდათ მშენებლობის დასაწყებად სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების ნებართვა. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. დ.-მ, კ. ა.-მ, თ. ლ.-მ, გ. ლ.-მ და მ. თ.-მ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. დ.-ს, კ. ა.-ის, თ. ლ.-ის, გ. ლ.-ისა და მ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ხოლო დ. დ.-ს, კ. ა.-ის, თ. ლ.-ის, გ. ლ.-ის და მ. თ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს კ. ა.-მ, თ. ლ.-მ, მ. თ.-მ და მოითხოვეს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით, კასატორთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. დ.-ს უფლებამონაცვლის ნ. დ.-ს, კ. ა.-ის, თ. ლ.-ის, მ. თ.-ის და დ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება, ხოლო მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ...-ის ქუჩა ¹28\47 საცხოვრებელი სახლის ეზო (მიწის ნაკვეთის საერთო ფართობით 1102 კვ.მ, წარმოადგენდა ამ სახლში მობინადრეთა საერთო საკუთრებას.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ფართი არ წარმოადგენდა მეზობლების (აპელანტები, მოწინააღმდეგე მხარე და სხვა მეზობლები) საერთო საკუთრებას, ვინაიდან რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია და რეესტრის ჩანაწერებით დასტურდებოდა, რომ თბილისში, ...-ის ქუჩა ¹28\47 საცხოვრებელი სახლის ეზო (მიწის ნაკვეთის საერთო ფართობით 1102 კვ.მ ს\ფ 76), წარმოადგენდა ამ სახლში მობინადრეთა საერთო საკუთრებას.
პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტებმა ვერ შეძლეს დაესაბუთებინათ რაში გამოიხატა მოწინააღმდეგე მხარის მიერ საზიარო უფლების მიწის ნაკვეთზე სადავო სახლის აშენებით მათთვის მიყენებული ზიანი, რადგან მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე შენობის აგებით განხორციელდა თანასაკუთრებაში არსებული ნივთით იმგვარი სარგებლობა, რომელსაც არ გამოუწვევია სხვა თანამესაკუთრეთათვის ზიანის მიყენება.
პალატამ მიიჩნია, რომ შენობის დანგრევის შემთხვევაში დაირღვევოდა მეორე მხარის ინტერესები, მათ მიადგებოდათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და გარდა ამისა, ამით შეილახებოდა მათი საკუთრების უფლება, კერძოდ, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთით სარგებლობის უფლება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მათ უფლების განხორციელება სადავო შენობის დანგრევით მიმართული იყო მოწინააღმდეგე მხარისათვის ზიანის მიყენებისაკენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ნ. დ.-ს, კ. ა.-ს, ნ. ხ.-ის, ქ. ო.-ის და მ. თ.-ის წარმომდაგენელმა გ. ძ.-მ.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება განპირობებული იყო სასამართლოს დაინტერესებით მოპასუხე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო საქმე.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებები, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა მორიგებას არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან არანაირ კომპენსაციაზე, რის გამოც მოსარჩელე მხარეს უნდა ეთმინა საკუთრების უფლების ხელყოფა მოპასუხე მხარისაგან საუბარი არ ყოფილა.
კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის 2001 წლის 14 მაისს გაცემული ¹118 ნებართვა ბათილად იქნა ცნობილი, უკანონო იყო ყველაფერი რაც ამ ნებართვით განხორციელდა დღიდან მისი გაცემისა. მოპასუხეებმა კასატორის მითითებით სხვადასხვა დროს უხეშად დაარღიეს კასატორთა უფლებები და ხელყვეს კანონის მოთხოვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ თბილისში, ...-ის ქუჩა ¹28\47 საცხოვრებელი სახლის ეზო (მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 1102 კვ.მ) წარმოადგენს ამ სახლში მობინადრეთა საერთო საკუთრებას. სწორია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საზიარო უფლება თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბრად. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადავო სახლის აშენებაში გამოყენებულია ნ. გელოვანისა და ლ. ჭოღოშვილის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და ნაწილობრივ მათი წილი საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან, ხოლო თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე შენობის აგებით განხორციელდა თანასაკუთრებაში არსებული ნივთით იმგვარი სარგებლობა, რომელსაც არ გამოუწვევია სხვა თანამესაკუთრეთათვის ზიანის მიყენება. აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ. დავის წარმოშობისას არსებული სამოქალაქო კოდექსის 220-ე მუხლის თანახმად ბინის მესაკუთრეს აქვს საერთო საკუთრებით სარგებლობის უფლება. ყოველი ბინის მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს საერთო საკუთრებაში მისი წილის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, თითოეულ მესაკუთრეს აქვს საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის სარგებლობის და არა განკარგვის უფლება. ნივთის განკარგვა კი მესაკუთრეთა შეთანხმებით უნდა მოხდეს. მოცემულ შემთხვევაში თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე შენობის აშენებით სხვა თანამესაკუთრეებს შეეზღუდათ კანონით მინიჭებული უფლება ისარგებლონ იმ მიწის ფართით, რომელზეც განლაგებულია ახალი შენობა. ამასთან შენობა აშენდა ნაკვეთზე რვა მესაკუთრის თანასაკუთრებაში არსებულ მიწაზე. ხოლო მიწაზე, რომლებზეც არ არის გამოყოფილი მესაკუთრეთა რეალური წილები, ახალი სახლის მესაკუთრეებსაც წარმოეშვათ თანასაკუთრებაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლება, რითაც ბუნებრივია მცირდება სხვა მესაკუთრეთა წილი საერთო საკუთრებაში, აღნიშნული კი მიწის მესაკუთრეებს კანონის ზემოთ მითითებული ნორმით მინიჭებული უფლების უგულვებელყოფას განაპირობებს. ასეთი მოქმედება კი არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს როგორც უფლების ბოროტად გამოყენება. იგი წარმოადგენს კანონით მინიჭებული უფლების დარღვევას.
ამასთან ის გარემოება, რომ თითქოს შენობა აშენებულია გელოვანისა და ჭოღოშვილის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ და საერთო საკუთრებაში არსებულ მათ წილ მიწის ნაკვეთზე ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან შეუძლებელია ათსართულიანი შენობის განთავსება 37 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მათი წილი საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოყოფილი არ არის, შეუძლებელია მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც აშენდა შენობა სწორედ მათი წილია საერთო საკუთრებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა დაადგინოს გაიზარდა თუა არა მესაკუთრეთა რაოდენობა მიწის ნაკვეთზე და შემცირდა თუ არა ძველ მესაკუთრეთა წილი საერთო საკუთრებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. და ნ. დ.-ს, კ. ა.-ს, ნ. ხ.-ის, ქ. ო.-ის, მ. თ.-ის წარმომადგენლის გ. ძ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;