დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.12.2015
საქმის ნომერი
2კ-338აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.12.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №338აპ-15. ქ. თბილისი

კ-ა ა., 338აპ-15 2 დეკემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ი. ჩ-ს

მსჯავრდებულ _ ა. კ-ს

ადვოკატ - ი. ბ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განაჩენით ა. კ-ა, _ ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ადამიანის დევნა აზრის, მის საზოგადოებრივ და პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2. 2014 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 16.00 საათზე, თბილისში, --- გამზ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. კ-მ ჩაიდინა ზ. დ-ს დევნა მის მიერ წლების განმავლობაში გამოთქმულ აზრთან, გაწეულ საზოგადოებრივ და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, კერძოდ, ა. კ-მ დაზარალებულს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა ჯანმრთელობის შემდგომი დაზიანებით.

3. აღნიშნული ქმედებისათვის ა. კ-ს საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განესაზღვრა ჯარიმა – 3500 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შეუმსუბუქდა და 2014 წლის 23 ოქტომბრიდან იმავე წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ განესაზღვრა 3000 ლარი ჯარიმა; მასვე 1 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. გაუქმდა ა. კ-სათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნა ვ. კ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას – რუსთავში, მ-ს ქ. №--ში მდებარე, 71,64კვ.მ. №12 საცხოვრებელ ბინას, საკადასტრო კოდი – ---, რომელიც დაყადაღებული იყო 5000 ლარის ფარგლებში.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ. ჩ-მა და მსჯავრდებულმა ა. კ-მ.

5. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო მსჯავრდებულმა – თავისი ქმედების სწორად დაკვალიფიცირება.

6. მსჯავრდებულმა ა. კ-მ შესაგებლით ასევე ითხოვა პროკურორისათვის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. კასატორი – მსჯავრდებული ა. კ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მან სცემა დაზარალებულ ზ. დ-ს, რასაც ინანიებს, და არ ჩაუდენია დევნა; აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განაჩენის გაუქმებას, გამართლებას საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებას.

9. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ა. კ-მ ითხოვა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მასში მითითებული მოტივებით.

10. პროკურორი ი. ჩ-ი არ დაეთანხმა კასატორის პოზიციას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულმა ზ. დ-მ აჩვენა, რომ არის ჟურნალისტი და მუშაობს გაზეთ „--“ რედაქციაში. სტუდენტობიდან აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. 2014 წლის 22 ოქტომბამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე მას ფიზიკურად გაუსწორდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „---“ წევრები. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები მის მიმართ ასევე მუქარის ზარებს ახორციელებდნენ. 2014 წლის 22 ოქტომბერს ის იმყოფებოდა თბილისში, -- გამზირის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტობუსის გაჩერებასთან, რა დროსაც მან შეამჩნია მის გვერდით მყოფი მამაკაცი, რომელიც დაჟინებით უყურებდა. აღნიშნულმა პირმა, რამდენიმე წამის შემდეგ ჰკითხა, იყო თუ არა ზ. დ-ა, რაზეც მან დაუდასტურა, რომ ნამდვილად ზ. დ-ა იყო. ამის შემდეგ მამაკაცმა თავი ჩაღუნა და შეერია ხალხს. დაახლოებით 5-6 წუთის შემდეგ, როდესაც დაზარალებული ავტობუსში ასვლას აპირებდა, ვიღაცამ მოქაჩა ქურთუკზე. როდესაც შემობრუნდა, დაინახა იგივე მამაკაცი, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დააზუსტა მისი ვინაობა. უცნობმა მამაკაცმა ჰკითხა, თუ რატომ თანამშრომლობდა რუსეთის უშიშროების სამსახურთან. ამ კითხვაზე ზ. დ-მ უპასუხა ,,შენ გიჟი ხომ არ ხარო“ (დაზარალებულის განმარტებით, ცოტა უფრო არაეთიკური გამონათქვამით), რის შემდეგაც უცნობმა მას ცხვირში დაარტყა. შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დაარტყა, თან უყვიროდა: ,,რით ვეღარ გაიგე, ქალაქში რომ არ უნდა გამოხვიდე, ყველა რუსეთის მიმდევარს ეს ბედი გელით, შე პუტინის მონა, შე პუტინის აგენტო.“

3. მსჯავრდებულმა ა. კ-მ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მუშაობს კერძო კომპანიაში პრომოუტერად. წარსულში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „--“ და პოლიტიკური პარტია --- წევრი. ახალი სამსახურის გამო იქ ვეღარ ახერხებს სიარულს და ამ ეტაპზე მხოლოდ მათი მხარდაჭერით შემოიფარგლება. მან განმარტა, რომ ზ. დ-ს იცნობს მედიასაშუალებებიდან. მისთვის ცნობილია, რომ დაზარალებული მოსკოვში ოკუპანტი ერის წარმომადგენლისგან - ვ. ხ-სგან იღებს საჩუქრებს, რაც მისთვის მიუღებელია. აგრეთვე არსებობს სურათები, რომლებზეც ზ. დ-ა აღბეჭდილია ე.წ. „---“ -- მონაწილეებთან ერთად. აღნიშნული გარემოებები მას აძლევს საფუძველს ეჭვისთვის, რომ ზ. დ-ა თანამშრომლობს რუსეთის უშიშროების სამსახურთან. 2014 წლის 22 ოქტომბერს მან გაჩერებაზე დაინახა პიროვნება და დააზუსტა, ნამდვილად იყო თუ არა იგი ზ. დ-ა. ამის შემდეგ ა. კ-ა წავიდა ბანკომატიდან ფულის ასაღებად. რამდენიმე წუთის შემდეგ, გაჩერებაზე რომ დაბრუნდა, კვლავ დაინახა ზ. დ-ა, რომელიც საუბრობდა მობილური ტელეფონით. აცალა საუბრის დასრულება და შემდეგ ჰკითხა, რატომ თანამშრომლობდა რუსეთის უშიშროების სამსახურთან. ამის გაგონებაზე ზ. დ-მ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ა. კ-მ დარტყმით უპასუხა. მოწმის განმარტებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იყო ორმხრივი.

4. ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის № -- დასკვნით ზ. დ-ს დაუდგინდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, დაზიანება მარცხენა თვალბუდის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

5. შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის №--/ტრ დასკვნით ზ. დ-სგან ამოღებული ჟილეტის ზედაპირზე არსებული დაზიანებები - გარღვევის და გახევის სახით წარმოქმნილია გამოგლეჯით, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

6. შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის №--/სბ დასკვნით ზ. დ-ს სისხლის ნიმუში და ზ. დ-ს ჟილეტზე, ცხვირსახოცსა და შემთხვევის ადგილზე ამოღებულ ანაწმენდებზე არსებული სისხლის ნიმუში მიეკუთვნება ერთსა და იმავე ჯგუფს.

7. CD დისკის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მასზე არსებულ ჩანაწერში ჩანს -- გამზირი, მიწისქვეშა გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორია, კორპუსის თაღი და ორი პიროვნება, რომელთაგან ერთი არის შედარებით მაღალი, ხოლო მეორე - დაბალი. დაბალი მაღალს მუშტებს ურტყამს ორივე ხელით, ხოლო გამვლელები ცდილობენ მათ გაშველებას.

8. ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ დაზარალებულ ზ. დ-ს წარედგინა ოთხი ფოტოსურათი; №3 ფოტოზე მან ამოიცნო ა. კ-ა და განმარტა, რომ 2014 წლის 22 ოქტომბერს სწორედ აღნიშნულმა პირმა მიაყენა სხეულის დაზიანება.

9. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ. დ-სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს მსჯავრდებული ა. კ-ა არ უარყოფს. ამასთან, იგი არ ეთანხმება სასამართლოს მისი ქმედების სამართლებრივ შეფასებაში და მიაჩნია, რომ მას არ ჩაუდენია დევნა ზ. დ-ს მიმართ; მან ზ. დ-ს მხოლოდ მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო სცემა; შესაბამისად, მის ქმედებაში სახეზეა არა საქართველოს სსკ-ის 156-ე, არამედ - სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

10. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის გარანტს და კრძალავს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის , რწმენის ან მრწამსის გამო, ასევე მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულის ქმედების შემადგენლობისთვის აუცილებელი არ არის ქმედებას ჰქონდეს მრავალჯერადი და განგრძობადი ხასიათი.

11. პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულისა და თავად მსჯავრდებულ ა. კ-ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ა. კ-ს მხრიდან ზ. დ-ს მიმართ გამოვლენილი აგრესიის მოტივი სწორედ ზ. დ-ს საქმიანობა გახდა; მსჯავრდებულმა თავადვე განმარტა, რომ დაზარალებულის პიროვნება მიუღებელია მისთვის (ა. კ-ს შეფასებით) რუსეთისადმი სიმპათიის გამო და რომ ზ. დ-ს საზოგადოებრივი საქმიანობა მას უჩენდა ეჭვს, რომ იგი რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობდა. საკასაციო პალატას არადამაჯერებლად მიაჩნია კასატორის განმარტება, რომ მას მხოლოდ დებატების გამართვა სურდა ზ. დ-სთან, ვინაიდან პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. კ-ს მიერ დასმული შეკითხვა თავისთავად იყო პროვოკაციული და ზ. დ-ს მიმართ შემდგომი ძალადობრივი ქმედების განხორციელებისკენ იყო მიმართული, კერძოდ: ა. კ-მ ზ. დ-ს ის კი არ ჰკითხა, თანამშრომლობდა თუ არა ის რუსეთის სპეცსამსახურებთან, არამედ ის, თუ რატომ თანამშრომლობდა მათთან. შესაბამისად, ა. კ-მ ფაქტობრივად ბრალი დასდო ზ. დ-ს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და სწორედ ამ, მისთვის მიუღებელი საქციელის გამო მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა. კ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალდ შერაცხული ქმედება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე