დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.12.2015
საქმის ნომერი
2კ-324აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №324აპ-15. ქ. თბილისი

ძ-ი ო., 324აპ-15 18 დეკემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ შ. ხ-ს

ადვოკატების – გ. ნ-ს, ნ. მ-ს

მსჯავრდებულების _ ო. ძ-ს, გ. დ-ს, მ. თ-ს, რ. დ-სა და თ. ც-ს

მონაწილეობით განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. ხ-ს, მსჯავრდებულების – გ. დ-სა და ო. ძ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს, მსჯავრდებულების – რ. დ-სა და თ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჯ-ს, ასევე – მსჯავრდებულ მ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით, ო. ძ-ს, _ ნასამართლევს; გ. დ-ს, –ნასამართლევს; მ. თ-ს, – ნასამართლობის არმქონეს; რ. დ-ს, – ნასამართლევს და თ. ც-ს, – ნასამართლევს, – ბრალი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – გამოძალვისათვის, ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნისათვის, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების, ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად; ასევე – ქურდული სამყაროს წევრობისათვის.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ო. ძ-ი, გ. დ-ე, მ. თ-ე, რ. დ-ე და თ. ც-ე ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ისინი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრათ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. მსჯავრდებულ მ. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 21 მარტიდან, ხოლო მსჯავრდებულებს – ო. ძ-ს, გ. დ-ს, რ. დ-სა და თ. ც-ს – იმავე წლის 20 მარტიდან.

4. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5. ო. ძ-ი, გ. დ-ე, მ. თ-ე, რ. დ-ე და თ. ც-ე, რომლებიც აღიარებდნენ ქურდულ სამყაროს, აქტიურად მოქმედებდნენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და ხელს უწყობდნენ ქურდული სამყაროს ფუნქციონირებას; ისინი, როგორც ქურდული სამყაროს წევრები, ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით, აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად ქურდულ გარჩევებში, ჰქონდათ კრიმინალური კავშირები კანონიერ ქურდებსა და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან; ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად პირთა გარკვეულ ჯგუფს აძლევდნენ დავალებებს დაშინების, იძულებისა და სხვა არამართლზომიერი მოქმედებების ჩასატარებლად.

6. ო. ძ-მა, გ. დ-მ, მ. თ-მ, რ. დ-მ და თ. ც-მ 2014 წლის 17 მარტს ქურდული გარჩევის გზით, მუქარით, იძულებით, დაშინებითა და ფიზიკური ძალადობით გადაწყვიტეს, ერთის მხრივ – ჯ. ბ-ს, ხ. შ-სა და მეორეს მხრივ – სხვა პირს შორის არსებული ფინანსური დავა და ჯ. ბ-სა და ხ. შ-ს დააკისრეს სხვა პირისათვის 1700 აშშ დოლარის, ხოლო ე.წ. „ქურდულ საერთოში“ – 600 აშშ დოლარის გადახდა და განუსაზღვრეს გადახდის ვადა.

7. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა შ. ხ-მ, მსჯავრდებულ მ. თ-ს ადვოკატმა პ. ბ-მ, მსჯავრდებულების – ო. ძ-სა და გ. დ-ს ადვოკატებმა – გ. ნ-მა და კ. ჯ-მ, ასევე მსჯავრდებულების – თ. ც-სა და რ. დ-ს ადვოკატმა კ. ჯ-მ.

8. პროკურორი შ. ხ-ა სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მათთვის სასჯელის განსაზღვრას სასჯელთა შეკრების წესით.

9. ადვოკატები – პ. ბ-ე, გ. ნ-ი და კ. ჯ-ა სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულების – ო. ძ-ს, გ. დ-ს, მ. თ-ს, რ. დ-სა და თ. ც-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: ო. ძ-ი, გ. დ-ე, მ. თ-ე, რ. დ-ე და თ. ც-ე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და განესაზღვრათ: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5-5 წლით, ხოლო 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით თითოეულ მსჯავრდებულს საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

11. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ. ხ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებებით, დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მსჯავრდებულებისათვის წარდგენილი ბრალდებების სისწორე და უტყუარობა, თუმცა მათ მიმართ გამოყენებული სასჯელები უსამართლო, ზედმეტად მსუბუქია და არ შეესაბამება მსჯავრდებულთა პიროვნებებს და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს; მათ მიმართ სასჯელთა მთლიანი შთანთქმის წესის გამოყენება ეწინააღმდეგება ანალოგიურ საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

12. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, პროკურორი შ. ხ-ა ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განაჩენის შეცვლას, მსჯავრდებულების – ო. ძ-ს, გ. დ-ს, მ. თ-ს, რ. დ-სა და თ. ც-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ამ მუხლების სანქციებით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის საბოლოო ზომად – სასჯელების სრულად შეკრებას.

13. მსჯავრდებულების – ო. ძ-სა და გ. დ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

14. მსჯავრდებულებისათვის ბრალდების დასადასტურებლად განაჩენში მითითებულია პოლიციელების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ირიბი ჩვენებები, რომლებიც, როგორც ბრალდება, ზოგადი ხასიათისაა და არანაირი, თუნდაც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ ახლავს, რაც დისონანსშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებასთან ირიბ მტკიცებულებებთან მიმართებით.

15. პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოები არ დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ჩაატარა ფირის წარმომდგენმა მხარემ ექსპერტიზა იმის გასარკვევად, იყო თუ არა ფირზე არსებული ჩანაწერი მონტაჟი; არ მომხდარა მასზე დაფიქსირებული მონაწილეების ხმების იდენტფიცირება და ფაქტობრივად, საეჭვო წარმოშობის, შეუსწავლელ ვიდეოფირზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ მსჯავრდებულებმა „ქურდული გარჩევის გზით, მუქარით, იძულებით, დაშინებითა და ფიზიკური ძალადობით გადაწყვიტეს, ერთის მხრივ – ჯ. ბ-ს, ხ. შ-სა და მეორეს მხრივ – სხვა პირს შორის არსებული ფინანსური დავა და ჯ. ბ-სა და ხ. შ-ს დააკისრეს სხვა პირისათვის 1700 აშშ დოლარის, ხოლო ე.წ. „ქურდულ საერთოში“ – 600 აშშ დოლარის გადახდა და განუსაზღვრეს გადახდის ვადა“, თუმცა ამის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.

16. კასატორის აზრით, განაჩენში დაფიქსირებული ფარული ვიდეოჩანაწერიდან ამოღებული ციტატები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და ვერ ასახავს 2014 წლის 17 მარტის შეკრებისა და ე.წ. „საქმის გარჩევის“ რეალურ არსს; 2014 წლის 17 მარტს გ. დ-ე აწერდა ხელს და ნამდვილად მივიდა ო. ძ-თან სახლში მეჯვარედ მისი წაყვანის მიზნით, თუმცა ჩქარობდა და არ უნდოდა, ხ. შ-ს მოსვლას დალოდებოდა; გ. დ-ს არ სურდა ამ საქმეში ჩარევა და ჯ. ბ-სა და ხ. შ-ს სატელეფონო ზარებს აღარც პასუხობდა, ხოლო შ. მ-სათვის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით ერთხელაც არ დაურეკავს მათთვის.

17. ქურდული სამყაროს წევრობის აღიარება თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ პიროვნება ქურდული სამყაროს წევრია, თუ სახეზე არ არის ქურდული სამყაროს ინტერესებისათვის აქტიური მოქმედების განხორციელების ფაქტები; გ. დ-სა და ო. ძ-ს ქმედებაში არ დაფიქსირებულა არც ერთი ამგვარი კონკრეტული ფაქტი; „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ 2005 წლის 20 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ქურდული სამყაროს წევრობა გამოიხატება შემდეგში: 1. პირმა უნდა აღიაროს ქურდული სამყარო; 2. პირმა აქტიურად უნდა იმოქმედოს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად; საქმეში არსებული მასალების მიხედვით, არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება იმის დასადასტურებლად, რომ ვინმე „---“ კანონიერი ქურდია და ო. ძ-სა და გ. დ-ს მასთან ჰქონდათ რაიმე სახის კავშირი; თუ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში არავინ ახსენებს რომელიმე კრიმინალური ავტორიტეტის სახელს, ქურდულ სამყაროს ან ქურდულ სალაროს, შეუძლებელია 2014 წლის 17 მარტის შეხვედრა ჩაითვალოს ქურდულ გარჩევად ან ქურდული სალაროსათვის თანხის შეგროვების მცდელობად.

18. ადვოკატის აზრით, თეორიული მსჯელობით, ქურდული სამყაროს წევრების ქმედება მოიცავს გამოძალვასაც; ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლით მსჯავრდებული ნებისმიერი პირი ავტომატურად მსჯავრდებული უნდა იყოს სსკ-ის 181-ე მუხლითაც, ანუ დანაშაულთა ერთობლიობით; სასამართლო პრაქტიკა უნივერსალურია, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სსკ-ის 2231-ე მუხლით მსჯავრდებულები ყოველთვის არ სამართლდებიან დანაშაულთა ერთობლიობით და ეს ყოველ კონკრეტულ საქმეში არსებულ კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი გ. ნ-ი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განაჩენის გაუქმებას და ო. ძ-სა და გ. დ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

20. მსჯავრდებულების – რ. დ-სა და თ. ც-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ჯ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია, უკანონოა და არ ემყარება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობას; სასამართლო სრულად დაეყრდნო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, რომლებითაც არ დგინდება მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები.

21. ადვოკატის აზრით, ვიდეოფირები გამოძიების მიერაა დამონტაჟებული და მათზე არ ჩატარებულა ექსპერტიზა შემდგომი იდენტიფიკაციისათვის; „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ 2005 წლის 20 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ქურდული სამყაროს წევრობა გამოიხატება შემდეგში: 1. პირმა უნდა აღიაროს ქურდული სამყარო; 2. პირმა აქტიურად უნდა იმოქმედოს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად; ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი არც ერთი ნიშანი არ იკვეთება თ. ც-სა და რ. დ-ს ქმედებებში.

22. რაც შეეხება გამოძალვის ნაწილს, რ. დ-ე თავად დაზარალებულის თხოვნით გაჰყვა მას ო. ძ-სა და სხვა პირებთან შესახვედრად, რომლებსაც, როგორც საქმის განხილვისას დადგინდა, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ მათთან, რაც სავსებით გამორიცხავს რ. დ-სა და თ. ც-ს მხრიდან რაიმე სახის ფულადი თანხის გამოძალვას და სარგებლის მიღების ფაქტს; ვიდეოჩანაწერიდანაც ნათლად ჩანს, რომ არანაირ ქურდულ გარჩევას და თანხის გამოძალვას მსჯავრდებულთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია; დაზარალებულებმა მიმართეს მსჯავრდებულებს თხოვნით, დაეცვათ მათი ინტერესები, რათა ჩეჩენი მოქალაქე მათ სიცოცხლის მოსპობით არ გასწორებოდა.

23. გამომდინარე ზემოთქმულიდან, ადვოკატი კ. ჯ-ა ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და რ. დ-სა და თ. ც-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

24. მსჯავრდებულ მ. თ-ს ადვოკატი პ. ბ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სასამართლოს განაჩენი არ ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას; სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიღო ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ეჭვი არ გადაწყვიტა ბრალდებულთა სასარგებლოდ; ბრალდების მხარის მოწმეების – პოლიციელების ჩვენებები, რომ, თითქოს მ. თ-ე იყო ქურდული სამყაროს წევრი, არის მხოლოდ ვარაუდი და არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით; დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით კი დადასტურდა ბრალდებულთა უდანაშაულობა.

26. ადვოკატ პ. ბ-ს აზრით, გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა ცალმხრივად, არაობიექტურად და განაჩენი დაეყრდნო სავარაუდო და საეჭვო მტკიცებულებებს, ამიტომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მ. თ-ს მიმართ უნდა დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ო. ძ-ს, გ. დ-ს, რ. დ-ს, თ. ც-სა და მ. თ-ს ბრალეულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მათ მიერ ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ჩადენა, კერძოდ:

3. დაზარალებულმა ჯ. ბ-მ აჩვენა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რ. შ-სთან ერთად ეწეოდა -- საბაჟო გამშვებ პუნქტზე დეპორტირებული პირების გადაყვანას, საიდანაც ე.წ ,,ქურდულ სალაროში“ იხდიდა გარკვეულ თანხას, რასაც ზედამხედველობას უწევდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები. ერთხელ მათ დაუკავშირდა პანკისელი შ. მ-ი და შესთავაზა თავისი ახლობელი გოგონასა და ორი არასრულწლოვანი ბავშვის გადაყვანა, რაზეც ისინი დათანხმდნენ და სანაცვლოდ მოითხოვეს 2500 აშშ დოლარი. მან და რ. შ-მ ვერ მოახერხეს ამ ხალხის გადაყვანა, ხოლო აღებული თანხა დაეხარჯათ, რის გამოც შეექმნათ პრობლემები. კერძოდ, მას და მის მეგობარს დაუკავშირდნენ ე.წ. ,,კანონიერი ქურდები“ - მ. გ-ე (---) და თ. ხ-ა და უთხრეს, რომ დაინტერესებულები იყვნენ ამ საქმით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2014 წლის 17 მარტს მას და ხ. შ-ს ქურდული სამყაროს წევრებმა – ო. ძ-მა, გ. დ-მ და მ. თ-მ მოუწყვეს ,,ქურდული გარჩევა“, რომელშიც ხ. შ-ის თხოვნით მონაწილეობდნენ ე.წ. ,,ძველი ბიჭები“ – თ. ც-ე და რ. დ-ე. ქურდული გარჩევის შედეგად მას და ხ-ს ერთად დააკისრეს მ. გ-ს (---) სასარგებლოდ 600 აშშ დოლარის, ასევე მოქალაქის საზღვარზე გადაყვანაში აღებული 1700 დოლარის გადახდა და განუსაზღვრეს ვადაც. ასევე მოსთხოვეს ,,ქურდული საერთოს“ ფული - 100 ლარი, რაც 21 მარტს გადასცა კიდეც მ. თ-ს. მოწმის განმარტებით, საქმის გარჩევას თან ახლდა მუქარა და ძალადობა ქურდების ,,იგნორის“ გამო. მანვე განმარტა, რომ ხ. შ-ს სცემეს, ხოლო თვითონ ცემას გადაურჩა მხოლოდ იმის გამო, რომ 24 მარტს სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო. მოწმემ დაადასტურა, რომ ხსენებული ქურდული გარჩევის დროს იგი აღჭურვილი იყო ვიდეო-აუდიოჩაწერის სპეციალური მოწყობილობით და მან განახორციელა ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

4. დაზარალებულ ხ. შ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ --- საზღვარზე ჯ. ბ-თან ერთად გადაჰყავდა დეპორტირებული პირები. 2013 წლის თებერვალში მას დაუკავშირდა შ. მ-ი, რომელმაც სთხოვა 2 მცირეწლოვანი ბავშვისა და ერთი ქალის გადაყვანა თურქეთში. ამ საქმეს თუ გააკეთებდა, 2300 დოლარს მისცემდა. მან უარი უთხრა, რის შემდეგაც შ. მ-მა სთხოვა ისეთი პიროვნების ტელეფონის ნომერი, ვინც ამ საქმეს გააკეთებდა. მან მისცა ჯ. ბ-ს ნომერი, რომელიც მასთან ცხოვრობდა ბინაში. იგი დათანხმდა ამ საქმის გაკეთებას. საზღვარზე გადაყვანა ვერ მოხერხდა და მათ მოითხოვეს თანხის უკან დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. მოწმის განმარტებით, ამ საქმით დაინტერესდნენ კანონიერი ქურდები, მათ შორის – მ. გ-ე (---). 2014 წლის 17 მარტს მას და ხ. შ-ს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქურდული სამყაროს წევრებმა – ო. ძ-მა, გ. დ-მ და მ. თ-მ მოუწყვეს ქურდული გარჩევა, რომელშიც მისი თხოვნით, ,,პატივისცემის სანაცვლოდ“, მონაწილეობდნენ ე.წ. ,,ძველი ბიჭები“ – თ. ც-ე და რ. დ-ე. გარჩევის შედეგად იგი გაამტყუნეს და ჯ. ბ-სთან ერთად დააკისრეს 2300 აშშ დოლარის, მათ შორის – მ. გ-ს სასარგებლოდ 600 აშშ დოლარის გადახდა და განუსაზღვრეს გადახდის ვადაც. მოწმემ აღნიშნა, რომ ო. ძ-მა და იქ მყოფმა სხვა პირებმა – გ. დ-მ, რ. დ-მ და თ. ც-მ მას სცემეს და აგინეს, ასევე დაემუქრნენ, რომ, თუ დაკისრებულ თანხას დროულად არ მიიტანდა, დადგებოდა მძიმე შედეგი.

5. 2014 წლის 17 მარტს სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ჯ. ბ-ს მიერ განხორციელებული ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერით დასტურდება, რომ ო. ძ-ი, გ. დ-ე, მ. თ-ე, რ. დ-ე და თ. ც-ე მონაწილეობენ ხ. შ-სა და ჯ. ბ-სათვის მოწყობილ „საქმის გარჩევაში“. კერძოდ, ისინი ესაუბრებიან ჯ. ბ-ს, რომ „ფულთან დაკავშირებით პრობლემები გქონია მ. გ-სთან... ეს პრობლემა არის პირველ რიგში მოსაგვარებელი... ამდენი ხანი ქურდებს რომ იგნორი გაუკეთე, დასალეწი ხარ, მაგრამ რადგან სასამართლო გაქვს ამ დღეებში დაფინგალებული და გიბსებით რომ მიხვიდე, ტეხავს... ისე არ მოიქცე, რომ ბათუმში, სადაც კარგი ბიჭი გნახავთ, ყველამ გცემოთ... მ-ს ფული 600 აშშ დოლარი უნდა მოიტანო... როცა ფულს მოიტან, დავურეკავ მ-ს და ავუხსნი, რომ აქამდე პრობლემების გამო ფულის მოტანა ვერ შეძელი... რაც საერთო საქმეს ეხება, მონაწილეობა მიიღეთ კეთილსინდისიერად... დვიჟენიები არ გააფუჭოთ....არ დავინახო, დაზარალებულმა იწივლოს-იკივლოს და დვიჟენიები გააფუჭოს... 24-მდე 100 ლარი გაქ დასადები...“. ამავე ჩანაწერით დასტურდება, რომ ხ. შ-ს მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, მუქარა და მას ჯ. ბ-სთან ერთად დაეკისრა 1700 დოლარის მესამე პირისათვის გადახდა. ამას გარდა, კანონიერი ქურდის, მ. გ-ს სასარგებლოდ 600 აშშ დოლარის, ქურდული სალაროს შესავსებად კი – 100 ლარის გადახდა. განესაზღვრათ აგრეთვე გადახდის ვადაც.

6. 2014 წლის 17 მარტს ო. ძ-ს მიერ გ. დ-სთან განხორციელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერით დადასტურებულია, რომ გ. დ-ს ელოდნენ საქმის გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად და ო. ძ-ი სთხოვდა დროულად მისვლას.

7. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2014 წლის 17 მარტს ო. ძ-ს სახლში გაიმართა ,,ქურდული გარჩევა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ო. ძ-ი, მ. თ-ე, გ. დ-ე, რ. დ.ე და თ. ც-ე. გარჩევის შედეგად ჯ. ბ-სა და ხ. შ-ს დაეკისრათ კანონიერ ქურდ მ. გ-სთვის (---სათვის) 600 აშშ დოლარის, შ. მ-სათვის –1700 აშშ დოლარის, ხოლო „ქურდული სალაროს“ შესავსებად კი – 100 ლარის გადახდა.

8. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ქურდული სამყაროს წევრია ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად; ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად კი, ქურდული გარჩევა გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტას, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო მოქმედება.

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქურდული სამყაროს წევრობა არ გულისხმობს მხოლოდ სიტყვიერი ფორმით მის აღიარებას. მეტიც, პირის ქურდული სამყაროს წევრად მიჩნევისთვის საერთოდ არ არის აუცილებელი, პირი ზეპირსიტყვიერად აცხადებდეს, რომ იგი აღიარებს ქურდულ სამყაროს. გადამწყვეტი პირის ქურდული სამყაროს წევრად მიჩნევისთვის არის ის ფაქტი, რომ პირი თავისი ქმედებებით გამოხატავდეს პატივისცემას ქურდული ტრადიციების მიმართ და ხელს უწობდეს ამ სამყაროს ფუნქციონირებასა და გაძლიერებას.

10. საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის – დაზარალებულების თანმიმდევრული, ურთიერთშეთავსებადი ჩვენებებითა და ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერით უტყუარადაა დადასტურებული, რომ სწორედ ქურდული გარჩევა შედგა ო. ძ-ს სახლში, რომელშიც ო. ძ-თან ერთად მონაწილეობდნენ მ. თ-ე, გ. დ-ე, რ. დ-ე და თ. ც-ე; ამავე ჩანაწერიდან ცხადია, რომ ხსენებული პირები აღიარებენ ქურდულ სამყაროს და როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი სტრუქტურის წევრები, ქურდული სამყაროს გაძლიერებისათვის ცდილობენ ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებას და მუქარისა და დაშინების გზით მატერიალური ფასეულობების შეგროვებას, რასაც მოწმობს საქმის გარჩევის დროს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის იმის შესახებ, რომ ,,ვინც ქურდებს პატივს არ სცემს, დასალეწია... კანონიერი ქურდისთვის ფულია გადასახდელი.... შესავსებია ქურდული საერთო და ა.შ.“ პალატა მიუთითებს, რომ 2014 წლის 17 მარტს ჯ. ბ-ს მიერ განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერიდან მკაფიოდ ირკვევა, თუ როგორ მიმდინარეობდა ქურდული გარჩევა და რამდენი პირი მონაწილეობდა მასში, რომ ყველა მათგანი ეთანხმებოდა თანხების დაკისრებას დაზარალებულებზე, ქურდული სამყაროს დადგენილი წესების შესაბამისად.

11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ასევე სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ო. ძ-ს, მ. თ-ს, გ. დ-ს, რ. დ-სა და თ. ც-ს მსჯავრდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიუთითებს, რომ ქურდული სამყაროს წევრობა არ მოიცავს გამოძალვის დანაშაულის შემადგენლობას, ვინაიდან გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონების გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, სცილდება ქურდული სამყაროს წევრის ამავე სამყაროს მიზნების განსახორციელებლად ჩადენილ აქტიურ მოქმედებას, როგორიც შეიძლება იყოს იძულება, მუქარა და სხვა. ამის დასტურია ის გარემოებაც, რომ გამოძალვის მე-3 ნაწილის სანქცია უფრო მკაცრია, ვიდრე 2231-ე მუხლის პირველი ნაწილი.

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულების – ჯ. ბ-სა და ხ. შ-ს ჩვენებებითა და ფარული აუდი-ვიდეოჩანაწერით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულებმა ჯგუფურად ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონების გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ, ისინი დაემუქრნენ დაზარალებულებს, რომ დაკისრებული თანხების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში დადგებოდა მძიმე შედეგი.

13. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოები უნდა დაინტერესებულიყვნენ, თუ რატომ არ ჩაატარა ფირის წარმომდგენმა მხარემ ექსპერტიზა იმის გასარკვევად, იყო თუ არა ფირზე არსებული ჩანაწერი მონტაჟი და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა. ისინი, თავიანთი შეხედულებისამებრ, მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. შესაბამისად, დაცვის მხარე უფლებამოსილი იყო, თავად მოეპოვებინა და წარედგინა სასამართლოსთვის ექსპერტიზის დასკვნა ზემოხსენებულ საკითხზე.

14. რაც შეეხება პროკურორის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების შესახებ, პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულთა პიროვნებების, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, მათთვის განსაზღვრული სასჯელები სამართლიანია.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. ხ-ს, მსჯავრდებულების – გ. დ-სა და ო. ძ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს, მსჯავრდებულების – რ. დ-სა და თ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჯ-ს, ასევე – მსჯავრდებულ მ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

მ. ოშხარელი