გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-11-366-07 25 ივლისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ფ-ე, გ. ზ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – საერთოO სარგებლობის მიწის ნაკვეთის გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 10 ნოემბერს მ. მ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ლ. ფ-ის მიმართ და მოითხოვა საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთიდან საცხოვრებელი ფართის პროპორციულად მისი წილი მიწის გამოყოფა.
2005 წლის 10 მაისის განჩინებით, აღნიშნულ საქმეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. ზ-ე, რომელმაც თავის დამოუკიდებელ სარჩელში მოპასუხეებად დაასახელა ლ. ფ-ე და მ. მ-ე და მიუთითა, რომ მოპასუხეებთან ერთად იყო სადავო საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე და მოითხოვა თანაბარწილად გაყოფა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის, საცხოვრებელი ფართის პროპორციულად გაყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო გ. ზ-ის სარჩელი, საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის თანაბარწილად გაყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ფ-მ და გ. ზ-მ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. მ-ისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გ. ზ-ის სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ლ. ფ-ისა და გ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹20-ში მდებარე სახლთმფლობელობა განთავსებულ. საერთო სარგებლობის 412 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე, საიდანაც მ. მ-ე საკუთრების უფლებით ფლობს განაშენიანებულ ფართს 258,32 კვ.მ.-ს, გ. ზ-ე – 92,28 კვ.მ.-ს, ხოლო ლ. ფ-ე კი 48,27 კვ.მ.-ს. გაუშე.ანებელი 83,9 კვ.მ მიწის ნაკვეთი მხარეთა საერთო საკუთრებაა. სააპელაციო სასამართლომ ექსპერტის დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ საერთო საკუთრების ფართი, ნაცვლად 83,9 კვ.მ-ისა, შეადგენს 69,19 კვ.მ.-ს.
სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 212-ე მუხლი და მ. მ-ს გამოუყო 43.01 კვ.მ ეზოს ჩრდილოეთით, ხოლო ლ.ფ-სა და გ.ზ-ს კი ერთად გამოუყო 26,41 კვ.მ ეზოს სამხრეთით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ფ-მ და გ. ზ-მ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გ. ზ-ის სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არ გაიზიარა ზ-ის კანონიერი მოთხოვნა, კერძოდ, სასაზღვრე მიჯნა ისე გაყოფილიყო, რომ არ შელახულიყო არც ერთი მხარის საკუთრების უფლება, შესაბამისად, კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 953-954-ე მუხლები. სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მითითებული ნორმის თანახმად, საზიარო უფლებების მიმართ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის საზიარო უფლებების შესახებ თავის წესები. ამასთანავე, ეს მუხლი შეიცავს დათქმას, რომ კანონმა შესაძლებელია ამ თავისაგან განსხვავებული წესები გაითვალისწინოს. ასეთ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური ნორმები საზიარო უფლებებთან დაკავშირებული ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. მრავალბინიან სახლებში ბინის მესაკუთრეებს აქვთ საზიარო უფლებები, თუმცა სამოქალაქო კოდექსი მრავალბინიან სახლებში საკუთრების რეგულირების განსხვავებულ წესს ადგენს, რის გამოც მრავალბინიან სახლებში მესაკუთრეთა საზიარო უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობების რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს 208-232-ე მუხლები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹20-ში მდებარე სახლთმფლობელობა განთავსებულია საერთო სარგებლობის 412 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე, საიდანაც მ. მ-ე საკუთრების უფლებით ფლობს განაშე.ანებულ ფართს 258,32 კვ.მ.-ს, გ. ზ-ე – 92,28 კვ.მ.-ს, ხოლო ლ.ფ-ე კი 48,27 კვ.მ.-ს. გაუშე.ანებელი 83,9 კვ.მ მიწის ნაკვეთი მხარეთა საერთო საკუთრებაა. სააპელაციო სასამართლომ ექსპერტის დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ საერთო საკუთრების ფართი ნაცვლად 83,9 კვ.მ-ისა, შეადგენს 69,19 კვ.მ.-ს.
სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 212-ე მუხლი და მ. მ-ს გამოუყო 43.01 კვ.მ ეზოს ჩრდილოეთით, ხოლო ლ. ფ-სა და გ.ზ-ს კი ერთად გამოუყო 26,41 კვ.მ ეზოს სამხრეთით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლი და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 212-ე მუხლი.
მრავალბინიან სახლებში პირი, ერთდროულად არის როგორც განსაზღვრული ბინის მესაკუთრე (ინდივიდუალური მესაკუთრე), ისე საერთო საკუთრების თანამესაკუთრე. ინდივიდუალურ საკუთრებაში პირს შეიძლება ჰქონდეს ბინა და ასევე შენობის ის ნაწილი, რომელსაც ბინად არ იყენებს (არასაცხოვრებელი ფართი). ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი, შენობის ის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ საკუთრებას (შენობის საძირკველი, მზიდი კედლები, სახურავი, კიბეები, ლიფტი და ა.შ.). ამდენად, მხოლოდ იზოლირებული ბინა ან შენობის სხვა იზოლირებული ნაწილი შეიძლება იყოს ინდივიდუალური საკუთრება (სკ-ის 208-ე მუხლი).
მრავალბინიან სახლებში საერთო საკუთრებიდან ფართის გამოყოფის შესაძლებლობას სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს. სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლი ისეთი ფართის მიერთების, გადაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც წარმოადგენს 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფართის შემადგენელ ნაწილს. ამასთან, აქვეა დათქმა, რომ ამით არ უნდა შეილახოს საერთო საკუთრების რეჟიმი ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ანდა არ შეიცვალოს შენობის გარეგნული სახე.
სამოქალაქო კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბინის მესაკუთრეთა წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობთან. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ ბინის მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს საერთო საკუთრებით მისი წილის შესაბამისად.
წილის შესაბამისად საერთო საკუთრებაში სარგებლობის ინდივიდუალიზაცია ხშირად შეუძლებელია, როცა ბინის მესაკუთრე სარგებლობს სახლის კიბეებით, ლიფტით, საერთო ეზოთი, მაშინ ამ სარგებლობის ფარგლების დადგენა შეუძლებელია. მრავალბინიან სახლებში წილის განსაზღვრა არ ნიშნავს, რომ შემდგომში შესაძლებელ. ამ წილის საერთო საკუთრებიდან გამოყოფა და ინდივიდუალურ საკუთრებაში მოქცევა. წილის განსაზღვრის მიზანია ამ ფართით სარგებლობა მრავალბინიან სახლებში საერთო საკუთრების ინსტიტუტისათვის დადგენილი წესებით, ასევე წილის გაანგარიშებას მნიშვნელობა აქვს ბინის მესაკუთრეთა ვალდებულებების განსაზღვრაში. ყოველი ბინის მესაკუთრე სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია, თავისი წილის შესაბამისად გასწიოს საერთო საკუთრების ხარჯები, კერძოდ, სახლის სათანადო მდგომარეობაში შენახვის, მიმდინარე რემონტის, მართვისა და საერთო საკუთრების ერთობლივი სარგებლობის ხარჯები (სკ-ის 220-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
საერთო საკუთრების განაწილება ბინის მესაკუთრეთა შორის შეიძლება ამხანაგობის დაშლისას, რაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ ინგრევა (სკ-ის 217-ე და 221-ე მუხლები).
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაუშვებელია მრავალბინიან სახლებში საერთო საკუთრების ტრანსფორმაცია ინდივიდუალურ საკუთრებაში. მრავალბინიან სახლებში ინდივიდუალური საკუთრება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იზოლირებულ ბინებზე ან შენობის სხვა იზოლირებულ ნაწილზე (სკ-ის 208-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეების მოთხოვნა, საერთო საკუთრების ეზოდან ფართის გამოყოფის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ლ. ფ-ისა და გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
მ. მ-ისა და გ. ზ-ის სარჩელები საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.