დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 23.07.2009
საქმის ნომერი
ას-1174-1319-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1174-1319-08 23 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ზ. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “.. ..” (მოპასუხე)

დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გაზეთ „ა.. ..სა“ და ა. კ-ის (ჟურნალისტ ა. კ-ის ფსევდონიმია ნ. ს-ე) მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. საქმის განხილვისას მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე ნ. ს-ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო გაზეთი „ა.. ..“ შეიცვალა სათანადო მოპასუხით – შპს „.. ..თ“.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2007 წლის 15 მარტს გაზეთ „ა.. ..ში“ დაიბეჭდა სტატია სათაურით - „შანტაჟი სააკაშვილთან გადაღებული ფოტოთი“. მოსარჩელის განმარტებით, ამ სტატიის მიხედვით, ზ. ს-ე აღნიშნული ფოტოსურათით აშანტაჟებს ხალხს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სტატია შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი იყო მისთვის. სტატიის შინაარსის მიხედვით, კონკრეტულად ვის აშანტაჟებდა, გაურკვეველია. სტატიაში მითითებული პირები – გ-ი და გ-ე, რომლებსაც თითქოს ზ. ს-ე აშანტაჟებდა, სიცრუეა, გასარკვევია, ის სიტყვები, რომელიც სტატიაშია მოყვანილი, მას ეკუთვნის თუ არა; სტატიის შინაარსშიც ზ. ს-ე იმგვარადაა წარმოდგენილი, თითქოს იგი მექრთამეობის წამქეზებელია (სტატიის მე-10 გვერდი, მე-4 სვეტი) - “ათას დოლარს შენ მისცემ, ორი ათასს – მე“. სტატიის მე-11 გვერდზე არის ზ. ს-ის ფოტო, რომელსაც მიწერილი აქვს ზ. ს-ე, იგივე წ-ი და გამოსახულია ქალბატონი „არანორმალური” სახით. სტატიაში „ზ. და მისი რაზმი” მითითებულია, რომ „ეგენი შაოსნების სახელს ეფარებიან, შვილმკვდარობანას თამაშობენ, სინამდვილეში, ზნედაცემული ქალები არიან, რომლებიც ყველას აშანტაჟებენ, ვისთანაც შეხება აქვთ“. გაზეთის მე-12 გვერდზე, მეორე სვეტში, მოსარჩელე მოხსენიებულია, როგორც ქალების ბანდის წევრი. „აქ არც მარტო ზ. და არც მარტო ნ.ა. მე ყველას სახელი არ ვიცი, ეს დიდი ჯგუფია, ბანდაა ქალების“.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სტატიის ყველა სიტყვა, ყველა აბზაცი გამიზნულია მის დასამცირებლად, სახელის გასატეხად და ეს გაკეთებულია არა შემთხვევით, არამედ შეგნებულად, რის გამოც მას მიადგა მორალური ზიანი.

მოსარჩელემ განმარტა, რომ გაზეთმა ადრეც – 2004 წლის 25-26 მაისში გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „ფრთხილად, თბილისში გამომძალველ ქალთა ბანდა მოქმედებს“, ხოლო მის სურათზე მინაწერია - „ნაციონალური მოძრაობის წევრი – პროფესიონალი გამომძალველი?“ ამ სტატის გამო მხარეებს შორის სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, შემდეგ მოპასუხემ 2007 წლის 15 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში, კვლავ დაუშვა შეცდომა, როცა სტატიაში მის მიმართ დაწერა საშინელი სიტყვები და ისედაც გაუბედურებული, შვილმკვდარი დედა გამოიყვანა დამშანტაჟებელი და წამქეზებელი. ასეთი საქციელით გაზეთმა შეურაცხყო არა მხოლოდ მისი, არამედ, გარდაცვლილი შვილის სახელიც. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელემ მოითხოვა თავის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 400.000 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ს-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დასკვნები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის პირველი ინსტანციის განმხილველმა სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილები და ამავე მუხლის მე-4 პუნქტი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას ასევე სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი და განმარტა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით ვერ დაადასტურა ის გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა განმარტება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს პრესის თავისუფლების შეზღუდვისა და პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, რადგან სტატიის სათაური და სტატიაში მოყვანილი ის ფრაზები, რომელსაც მოსარჩელე მიიჩნევს მისი პატივისა და ღირსების შემლახველად, არის ჟურნალისტური მოსაზრებები, რომლებიც ეფუძნება სტატიაში მითითებულ რესპოდენტებისაგან ჩამორთმეულ ინტერვიუებს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არ შეიცავს მტკიცებას ზ. ს-ის მიერ კონკრეტული დასჯადი ქმედების ჩადენის შესახებ, ხოლო მის შესახებ გამოთქმული შეფასებები ეფუძნება თავად მოსარჩელისა და სტატიაში მითითებული პირების მოსაზრებებს. გაზეთმა გააშუქა საზოგადოებისათვის საინტერესო მოვლენა, როდესაც თავად მოსარჩელემ საჯაროდ დაადანაშაულა პარლამენტის წევრი გ.ჯ-ა მძიმე დანაშაულში.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკვშირებით, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მიერ პატივისა და ღირსების შემლახველ გარემოებად გაზეთის მე-11 გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოსურათზე მითითება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს პირს, მაშინ, როცა მისი გამოსახულების გამოქვეყნებით ილახება პატივი და ღირსება. მოცემულ შემთხვევაში, გაზეთის მე-11 გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ზ. ს-ე არ არის გამოსახული დამახინჯებული, შეურაცხმყოფელი ან ისეთი რაიმე ფორმით, რის გამოც გაზეთის მკითხველს შესაძლებელია ზ. ს-ის შესახებ უარყოფითი აზრი ჩამოუყალიბდეს.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. ს-მ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილები და ამავე მუხლის მე-4 პუნქტი, ასევე, “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპული კონვენციის 53-ე მუხლი მოთხოვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, “პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა”.

იმისათვის, რომ სწორად განიმარტოს განსახილველი ნორმა, ყურადღება უნდა გავამახვილოდ იმ უფლებაზე, რომლის დაცვას ითხოვს მოსარჩელე. კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას შეელახა პატივი და ღირსება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ შემთხვევაში რეპუტაციის უფლებით დაცული სფეროები შეიძლება მოიცავდეს ღირსების უფლებით დაცულ სფეროებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი იცავს პიროვნების პატივს, ღირსებას, საქმიან რეპუტაციას. პიროვნების ღირსება წარმოადგენს იმ ღირებულებას, რომლის შეფასების უნარი გააჩნია თვით ამ პირს და რომელიც მოიცავს საკუთარი მორალური თვისებების, საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის, საკუთარი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეფასებას. პატივი წარმოადგენს იმ ღირებულებათა თვისებას, რომელსაც პიროვნების ობიექტური საზოგადოებრივი შეფასებაა.

აქედან გამომდინარე, პატივი, ღირსება, რეპუტაცია შეფასებითი კატეგორიებია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ღირსება პიროვნების ისეთი არაქონებრივი სიკეთეა, რომლის შეფასება შესაძლებელია იმ პიროვნების მიერ, რომელიც მოითხოვს თავისი ღირსების დაცვას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელსაც ემყარება მოთხოვნა თუ შესაგებელი, შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტიზის დასკვნით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, კანონით არ არის დადგენილი, რომ პატივის, ღირსების, რეპუტაციის შელახვის ფაქტები უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით; ამდენად, აღნიშნული ღირებულებების შელახვის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებათა სახეების მეშვეობით, მათ შორის, თვით მოსარჩელის ახსნა-განმარტებითაც. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გავამახვილოდ იმაზე, რომ მხარეთა ახსნა-განმარტების ის ნაწილი წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობა-არარსებობას ადასტურებს. ამასთან, მხარეთა ახსნა-განმარტებები უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც გასათვალისწინებელია კონკრეტული სამართალურთირთობის სპეციპიკა.

მიუხედავად ამისა, კასატორი ვერ უთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც აუცილებელია მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

იმისათვის, რომ სტატიაში გავრცელებილი ინფორმაცია შეფასდეს უარყოფითად, უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ის სტანდარტი, რომელიც აუცილებელია კონკრეტულ შემთხვევის გათვალისწინებით, პრესის თავისუფლების შეზღუდვისათვის, სტანდარტი, რომელიც მოითხოვება მწვავე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე გამოთქმული აზრის შეზღუდვას, რაც საბოლოოდ უნდა მიუთითებდეს გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ისეთ ჩარევაზე, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად, რაც არ იქნა დადასტურებული ს-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში და რაზედაც იგი არ უთითებს საკასაციო საჩივარში.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ს-მ ვერ დაადასტურა ის გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას.

ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის შესაბამისად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას. განსახილველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად...”.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებებში ჩარევის შესაძლებლობებს, რითაც ასევე განსაზღვრულია ამ უფლებებში ჩარევის ის პირობები, რომლის არსებობისას აღნიშნული ჩარევა შეიძლება შეფასებულ იქნეს დადებითად.

განსახილველი მუხლის ორივე პუნქტი წარმოადგენს იმ ერთობას, რომლებიც არ არსებობენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ქმნიან გამოხატვის თავისუფლების ერთიან დაცვის მექანიზმს.

კონკრეტული დავის თავისებურებების გათვალისწინებით, განხილულ უნდა იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის შორის ბალანსი და აღნიშნულთან მიმართებაში დასაშვები კრიტიკის ფარგლები. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პრესის თავისუფლების ინსტიტუტი, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში სწორად რომ პრესის მეშვეობით გავრცელდა სადავო გამონათქვამები.

კასატორი აღნიშნავს, რომ სტატიაში ხშირად არის ნახსენები ზ. ს-ის მისამართით შემდეგი სიტყვები: “გამომძალველი”, “სძალავდა”, “აშანტაჟებდა.” საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სტატიის შინაარსშიც ზ. ს-ე წარმოდგენილია როგორც მექრთამეობის წამქეზებელი. ასევე კასატორი აღნიშნავს, რომ სტატიაში ჟურნალისტი ავითარებს ისეთ მოსაზრებას, რომ “ქალბატონი სხვადასხვა დამუშავებული მაქინაციებით გავლენიან ადამიანებს ფულს სძალავდა”.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ აღნიშნული გამონათქვამები არ ქმნის პრესის თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივ წინაპირობას.

როგორც აღინიშნა, კონვენციის მე-10 მუხლით ასევე დაცულია პრესის თავისუფლება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება პრესის ფუნქციაში გაავრცელოს საზოგადობის სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაცია და იდეები. აღნიშნულ ფუნქციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული საზოგაოების განვითარებისათვის და მისი შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს ისევ და ისევ დემოკრატიულ საზოგადოებაში დასახული კანონიერი მიზნის მისაღწევად.

ამასთან, უნდა არსებობდეს სამართლიანი ბალანსი დაპირისპირებულ ღირებულებებს შორის. კერძოდ, ერთ შემთხვევაში ჩვენს წინაშეა გამოხატვის თავისუფლების უფლება, ხოლო მეორე შემთხვევაში _ სხვა პირთა უფლებები და ინტერესები.

უნდა აღინიშნოს, რომ პრესის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია შესაძლებელია შეიცავდეს სხვა პირთა უფლებების და მათი რეპუტაციის შელახვის რისკს. გავრცელებელი ინფორმაცია შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელი, მაგრამ არ არსებობდეს ამ უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) ისეთი აუცილებელი წინაპირობა, რაც დაცულია განსახილველი კონვენციის მე-10 მუხლით, კერძოდ, ამ უფლების შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში დასახილი კანონიერი მიზნის მისაღწევად.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განხილულ იქნეს “დასაშვები კრიტიკის” კონტექსტში. ამ საკითხის გარკვევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ მიზანს, რასაც ისახავდა სტატია-სტატიით გავრცელებული ინფორმაცია და იდეები თუ რამდენად ითვალისწინებდა ფართო საზოგადოება აუცილებელი, საჭირბოროტო საკითხების გაცნობასა და მიწოდებას და რამდენად არსებობდა საზოგადოებისათვის ამ ინფორმაციის მიღების აუცილებლობა.

სამართლიანი ბალანსის სწორად განსაზღვრისათვის მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ გამოთქმული კრიტიკა საზოგადოებრივი ინტერესების საკითხს რამდენად ეხებოდა და აღნიშნულთან მიმართებაში პრესის მიერ თავისი თავისუფლების გამოხატვის უფლების განხორციელებაში საზოგადობრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო თუ არა სადავო გამონათვამების გავრცელება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად, პრესის მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორცილებისას, როდესაც სტატიაში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების ინტერესის საგანს და საზოგადოებრივი დებატების ნაწილს, ეთითება სტატიის მიზანზე _ საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებაზე. რასაც, თავისთავად შეიძლება შეეწიროს კონკრეტული პირის რეპუტაცია.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინტერესი გამოწვეულ იქნა თვით მოსარჩელეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციით.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ს-ე მონაწილეობდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების სფეროში. ამ შემთხვევაში “დასაშვები კრიტიკის” ფარგლები ფართოვდება, რა დროსაც კრიტიკის თმენის მეტი ვალდებულება არსებობს.

ზემოაღნიშნულის გათვალისინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გაზეთის მიერ გაშუქებულ იქნა საზოგადოებისათვის საყურადგებოFფაქტი, ხოლო საზოგადოების ყურადღება გამოიწვია თავად მოსარჩელის მიერ საჯაროდ, პარლამენტის წევრის გ. ჯ-ს დადანაშაულებამ მძიმე დანაშაულში. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ს-ის შესახებ გამოთქმული შეფასებები ეფუძნება თავად მოსარჩელის და სტატიაში მითითებული პირების მოსაზრებებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.

კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

კასატორი ვერ უთითებს ისეთ გარებოებებზე, რომლებიც კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, მიუთითებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობაზე. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.