დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 08.10.2008
საქმის ნომერი
ას-118-396-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.10.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-118-396-08 8 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),მაია სულხანიშვილი (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ დ. კ-აიას უფლებამონაცვლე

შ. ქ-ვაძე

წარმომადგენელი- რ. ფ-აძე

მოწინააღმდეგე მხარეები – ვ. დ-იძე

წარმომადგენელი –ა. ბ-აია

ნოტარიუსი ---თ. ჩ-ბა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა--გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. კ-აიამ და შ. ქ-ვაძემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნეს, რომ მათ დაუკავშირდა ვ. დ-იძე და მოითხოვა მისთვის მიეყიდა ოროთახიანი ბინა 40 000 აშშ დოლარად, რის შემდეგაც მოსარჩელე იყიდდა ერთოთახიან ბინას და დარჩენილ თანხას გამოიყენებდა სამკურნალოდ. მოსარჩელის განმარტებით, ხელვაჩაურის ნოტარიუს თ. ჩ-ბასთან გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება იმ პირობით, რომ როდესაც დაბრუნდებოდა შ. ქ-ვაძე სოფლიდან, მასზე მოხდებოდა ანგარიშსწორება. მოპასუხემ თანხა არ გადაიხადა.

მოსარჩელის განმარტებით, ვ. დ-იძემ მოტყუებით მოახდინა გარიგების დადება, ასევე გარიგების დადებისას არ იყო შალვა ქარცივაძის თანხმობა. სანოტარო ხელშეკრულებით ბინის ფასი მითითებული იქნა 10 000 დოლარი, მაშინ როცა ბინა გაიყიდა

40 000 აშშ დოლარად.

მოსარჩელემ მოითხოვა 2006 წლის 10 მაისს დ. კ-აიასა და ვ. დ-იძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 10 მაისს ვ. დ-იძესა და დ. კ-აიას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ-იძის წარმომადგენელმა ა. ბ-აიამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. დ-იძის წარმომადგენლის ა. ბ-აიას სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 10 მაისს დ. კ-აიასა და ვ. დ-იძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით დ. კ-აიამ ვ. დ-იძეს მიყიდა ბათუმში ...ის ქუჩა ¹47-ში მდებარე ოროთახიანი ბინა ¹40 10 000 დოლარად.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მითითებული მოტყუების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.

პალატამ განმარტა, რომ მოტყუების არარსებობას ადასტურებდა კვიცინსკაიას მიერ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სახელზე დაწერილი და მის მიერვე ხელმოწერილი განცხადება სადავო ბინის გაყიდვის თაობაზე.

პალატას ასევე მიიჩნია, რომ სადავო ბინა არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, შესაბამისად ბინის გასხვისებისას არ იყო საჭირო მეუღლის თანხმობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ქ-ვაძემ.

კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. კასატორმა განმარტა, რომ სასამართლოსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში დ. კ-აიამ განაცხადა, რომ მისი მეუღლის სახლში არყოფნის დროს მასთან მივიდა მეზობელი ვ. დ-იძე, დაალევინა სპირტიანი სასმელი და რადგან ავადმყოფობის გამო მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო მოტყუებით წაიყვანა ნოტარიუსთან, თითქოს ანდერძის შესახებ საკითხის მოსაგვარებლად. ნოტარიუსს არაფერი აუხსნია მისთვის, ისე მოაწერინეს ხელი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე.

კასატორის აზრით, სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ კვიცინსკაია საერთოდ არ ფლობდა ქართულ ენას და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა ხელშეკრულების შინაარსი. სანოტარო ხელშეკრულებაზე კი ხელი მოწერილი აქვს რუსულ ენაზე.

კასატორის განმარტებით, არ შეიძლებოდა ნოტარიუსს ეჭვი არ შეპარვოდა კვიცინსკაიას ნების გამოვლენის ნამდვილობაში, როცა ხელშეკრულების ფასად ნაჩვენები იყო 10000 აშშ დოლარი, მაშინ როცა ოროთახიანი ბინები ქალაქში და მითუმეტეს ჯავახიშვილის ქუჩაზე გაცილებით ძვირი ღირს. ამასთან დ. კ-აიას სადავო უძრავი ქონების გარდა სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა და მისი გაყიდვის შემთხვევაში აღმოჩნდებოდა ქუჩაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი საკასაციო პრეტენზიად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები შეაფასა არასწორად. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებანი ვერ ქმნის მოტყუებით გარიგების დადების ვარაუდის საფუძველს. რადგან საქმეში არ არსებობს ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი, ან ამ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლებელია ჩამოყალიბდეს რწმენა იმისა, რომ მხარეთა შორის გარიგება დადებულია დ. კ-აიას მოტყუების შედეგად. ის გარემოება, რომ ბათუმში მცხოვრებ კვიცინსკაიამ ხელვაჩაურის ნოტარიუსთან დაწერა ანდერძი და ან თუნდაც ის, რომ ნოტარიუსი და ვ. დ-იძე არიან ახლობლები (თუნდაც ეს დადასტურებული იყოს საქმის მასალებით), არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დ. კ-აია მოატყუეს გარიგების დადებისას. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოებაც, რომ დ. კ-აია ეტანებოდა სპირტიან სასმელებს. აღნიშნულ გარემოებათა უარსაყოფად შეიძლება მიეთითოს ის გარემოებაც, რომ დ. კ-აია კუთვნილი საცხოვრებელი ბინის თაღლითური დაუფლების ფაქტზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და მითითებული ფაქტები გამოძიების დროს არ დადასტურებულა. ვერ იქნება გაზიარებული ის მოსაზრებაც, რომ დ. კვიცინსკაიამ არ იცოდა ქართული ენა და ისე მოაწერა ხელი ქართულ ენაზე შესრულებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულების რუსული ტექსტიც, რომელსაც დ. კვიცინსკაია აწერს ხელს, ხელმოწერა კი სადავოდ არ არის გამხდარი მხარეთა მიერ.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ მოსაზრებასაც, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი და ვინაიდან თანხა მყიდველის მიერ არ იქნა გადახდილი ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. მითითებული ნორმის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებიდან გამყიდველს წარმოეშობა ვალდებულება მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ნივთზე, მყიდველი კი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება. ასეთი სახის გარიგებით ძალით მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ აქ მითითებული ვალდებულებათა შესრულება და იგი არ წარმოადგენს გარიგების ბათილობის საფუძველს, მითუმეტეს იგი არ იძლევა ისეთი სახის გარიგების მოტყუებით გარიგებად მიჩნევის საფუძვლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. კ-აიას უფლებამონაცვლის შ. ქ-ვიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.