გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 18.06.2007
საქმის ნომერი
ას-119-463-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-119-463-07 18 ივნისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ტ. ბ-ი (მოპასუხე, მოსარჩელე _ შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ღ-ე (მოსარჩელე, მოპასუხე _ შეგებებულ სარჩელში)

დავის საგანი:

სარჩელში _ ბინიდან გამოსახლება

შეგებებულ სარჩელში _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ღ-მ 2004 წლის ნოემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ტ. ბ-ს მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ... 103 კორპუსი, ბინა ¹13-დან ტ. ბ-ს თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლება. მოსარჩელის მითითებით, მასა და მოპასუხეს შორის 2003 წლის 8 მაისს სანოტარო წესით დაიდო უძრავი ქონების, ქ.თბილისში, ... 103 კორპუსი, ბინა ¹13-ის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების თანახმად ტ. ბ-ი იღებდა ვალდებულებას, ნასყიდობის საგანი გამოესყიდა სამი თვის ვადაში. ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 6050 აშშ დოლარს შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში. მოსარჩელის მითითებით, გამოსყიდვის ვადის გასვლის მიუხედავად მოპასუხეს აღნიშნული თანხა არ გადაუხდია. მოსარჩელის მითითებით, ... 103 კორპუსში მდებარე ბინა ¹13 ირიცხება მის სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის სააგენტოდან 2004 წლის 1 ნოემბერს გაცემული ამონაწერით. დღეისათვის იგი წარმოადგენს აღნიშნული ფართის მესაკუთრეს. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, არ გამოისყიდა ნასყიდობის საგანი და დღემდე განაგრძობს ფართით სარგებლობას.

ტ. ბ-მა 2005 წლის თებერვალში შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მასა და გ. ღ-ს შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმება. შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, მან 2003 წლის მაისში მოპასუხისაგან ისესხა 5000 აშშ დოლარი ყოველთვიური სარგებლით 7%-ის ოდენობით, რაც თვეში შეადგენდა 350 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხა სამ თვეში შედაგენს 1050 აშშ დოლარს და ამიტომ არის აღნიშნულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული 6050 აშშ დოლარი. იგი გ. ღ-ს უხდიდა სარგებელს და სწორედ ამიტომ მიმართა მან სასამართლოს არა ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, არამედ თითქმის ორი წლის შემდგომ.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის განჩინებით სამოქალაქო საქმე ¹2/105-05-ში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოსარჩელის მხარეზე ჩაბმული იქნა ნოტარიუსი თ. გ-ი.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ტ. ბ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ.თბილისში, ... 103 კორპუსში მდებარე ¹13 ბინიდან; ტ. ბ-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლს 23 თებერვლის სხდომაზე აპელანტ ტ. ბ-ს გამოუცხადებლობის გამო გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ბ-ს წარმომადგენლის დ. შ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ტ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ტ.ბ-ს წარმომადგენლის დ.შ-ს საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დადგინდა სააპელაციო საჩივრის განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ტ. ბ-ს წარმომადგენლის დ. შ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ტ. ბ-ი და მისი წარმომადგენელი, რომელთაც ეცნობათ სხდომის დროისა და ადგილის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით საფუძვლიანად ჩათვალა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელის შუამდგომლობა მოცემულ საქმეზე განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ტ. ბ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “ბ” პუნქტზე და 241-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად სასამართლოს ეცნობა სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის მიზეზი, კერძოდ, სასამართლოს მიმართა თხოვნით საქმის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მხარეები თანხმდებოდნენ მორიგების თაობაზე. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ტ.ბ-ი სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, რაც წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ტ. ბ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2006 წლის 23 თებერვალს აპელანტისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ტ. ბ-ს წარმომადგენლის დ. შ-ს სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება (ს.ფ. 118-119; 123-124). დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ტ. ბ-ს წარმომადგენელმა დ. შ-მა.

საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ სასამართლოს სხდომაზე, რომელზეც არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი, განხილულ იქნა ტ. ბ-ს საჩივარი იმავე სასამართლოს 2006 წლის 23 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე; სასამართლომ ადგილზე თათბირით დაადგინა ტ.ბ-ს წარმომადგენლის დ.შ-ს საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე, გააუქმა იმავე პალატის 2006 წლის 23 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაადგინა სააპელაციო საჩივრის განხილვა. სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იმავე სხდომაზე გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე ტ. ბ-ს გამოუცხადებლობის გამო (ს.ფ. 157-164).

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. ამ ნორმის თანახმად საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საჩივარი, რომელიც მიღებულია განსახილველად შეიძლება განხილულ იქნეს მხარეთა (ერთ-ერთის ან ორივეს) გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, მაგრამ ეს წესი ვერ გავრცელდება სარჩელის, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, ე.ი. თუ საჩივრის განხილვაზე არ გამოცხადდა ერთ-ერთი ან ორივე მხარე, სასამართლო განიხილავს მხოლოდ საჩივარს და ვერ განიხილავს სარჩელს ან სააპელაციო საჩივარს, რადგან მხარეები მოწვეულები იყვნენ საჩივრის და არა სააპელაციო საჩივრის განხილვაზე. ამასთან, საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმის განხილვა შეიძლება იმავე სხდომაზე გაგრძელდეს, თუ ამ სხდომაზე გამოცხადებული მხარეები ან ერთ-ერთი მხარე მოტივირებულ უარს არ აცხადებს ამის წინააღმდეგ და სასამართლოს აზრით თუ არსებობს საქმის განხილვის ყველა პირობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ტ. ბ-ი სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საჩივრის და არა სააპელაციო საჩივრის განსახილველად; ტ. ბ-სათვის არ იყო ცნობილი სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების, კერძოდ, მისი სააპელაციო საჩივრის განხილვის შესახებ, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია ისეთი საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ტ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.