შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გადაწყვეტილების ტექსტი
№396აპ-15 თბილისი
მ-ი ნ,396აპ-15 12 იანვარი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენით ნ. მ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ნ. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 0,0940 გრამი „ჰეროინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა პირადად და მისგან ამოღებულ იქნა ქ. რუსთავში, 2015 წლის 20 თებერვალს.
2. აღნიშნული ქმედებისათვის ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2015 წლის 20 თებერვლიდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. მ-მა და მოითხოვა განაჩენის შეცვლა - დანიშნული სასჯელის შემცირება.
4. პროკურორმა შესაგებლით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენი შეიცვალა: ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2015 წლის 20 თებერვლიდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. მ-მა და მოითხოვა განაჩენის შეცვლა - მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ნ. მ-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განაჩენი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ: ნ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილს. ამასთან, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის შეიცვალა დანაშაულის კატეგორია და შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
4. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ნ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).
6. რაც შეეხება სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლის მიერ მნიშვნელოვნად შემსუბუქდა მსჯავრდებულ ნ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა, პალატას მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ნ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია), რისთვისაც მას სასჯელის სახით განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2015 წლის 20 თებერვლიდან.
3. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. მეიშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე