დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-123-466-07 7 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ვ. ჩ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ა-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ჩ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელემ საჯარო აუქციონზე სს “ბ...საგან” შეიძინა ქ.თბილისში, ... ქ.¹119-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხა თავის სახელზე. მოპასუხე უკანონოდ ცხოვრობს სადავო ბინაში, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას და ქირის გადახდაზეც უარს აცხადებს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოიპოვა მისი ბინის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, ხოლო დანარჩენი ფართი კვლავ ვ.ჩ-ის საკუთრებას წარმოადგენს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. ა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ. ჩ-ე სადავო ბინიდან გამოსახლდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ... ქ.¹119-ში მდებარე სახლის 32/826 ირიცხებოდა სს “ბ...ს” სახელზე, რომელმაც 2004 წლის 7 ივლისს იგი გაასხვისა ვ. ა-ზე. სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება აღირიცხა საჯარო რეესტრში. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ვ.ა-ს მოთხოვნა მოპასუხის ბინიდან გამოსახლების შესახებ საფუძვლიანია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ვ.ჩ-ის მოსაზრება, რომ ვ.ა-ი სადავო ბინის მხოლოდ ნაწილის მესაკუთრეა, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ. ჩ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ვ.ა-ს მიეკუთვნება ვ.ჩ-ის კუთვნილი სადავო ბინის 96,4 კვ.მ-დან 32 კვ.მ შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ.ჩ-მ სს “ქ-თან” იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას დატვირთა მისი ოჯახის საერთო საკუთრების ბინიდან მხოლოდ თავისი ნაწილი _ 32 კვ.მ, რომელიც შემდგემ ვ. ა-მა შეიძინა. ამდენად, ვ.ჩ-ის მთელი ბინიდან გამოსახლების შესახებ სასამართლოს განჩინება უკანონოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მარტის განჩინებით ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ვ. ჩ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.