დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 02.04.2007
საქმის ნომერი
ას-129-472-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-129-472-07 2 აპრილი, 2007 წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 19 სექტემბერს ო. ქ-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე მ. ჩ-ის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და უკანონო მფლობელობიდან საკუთრების გამოთხოვის თაობაზე. ასევე მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე თბილისი, ... , IIIკვ. ბინა-47, ყადაღის დადება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ო. ქ-ის სასარჩელო განცხადება მ. ჩ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან საკუთრების გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნასთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

მოსარჩელის განმარტებით, შპს “ტ...ს” მიმდებარე ტერიტორიაზე, მის კუთვნილ მიწაზე, მოპასუხე მ. ჩ-ს უკანონოდ აქვს ჩადგმული სავაჭრო ჯიხური და ეწევა სამეურნეო საქმიანობას. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, მოპასუხე არ ათავისუფლებს ფართს, რის გამოც მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან საკუთრების გამოთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ო. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ. ჩ-ს აეკრძალა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში მოსარჩელე ო. ქ-ზე საკუთრების უფლებით აღრიცხული, ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, შპს “ტ...თან” მდებარე 200 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობა და აღეკვეთა მისგან მესაკუთრისათვის ხელშემშლელი მოქმედებები. მოპასუხეს ჩამოერთვა უძრავი ნივთი და გამოთავისუფლებული ქონება დაუბრუნდა მოსარჩელეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მ. ჩ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 05 დეკემბრის განჩინებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, შპს “ტ....ს” მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 200 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ო. ქ-ს, რაც აღრიცხულია საჯარო რეესტრში კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ასევე დაადგინა, რომ მ. ჩ-ე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დიდი ხნის განმავლობაში ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების შეჩერება ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის განჩინებით მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში ო. ქ-მ წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი:220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.