დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.06.2009
საქმის ნომერი
ას-130-460-09
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-130-460-09 25 ივნისი 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. ჩ-ირი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ-ირი

გასაჩივრებული გადაწყვეტილებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მცხეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა გ. ჩ-ირმა მოპასუხე ნ. ჩ-ირის მიმართ და მოითხოვა მცხეთაში, ... ქ.¹11-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ქონება მცხეთის აღმასკომის 1972 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მამამ ზ. ჩ-ირმა მას აჩუქა, ხოლო მისმა დამ უკანონოდ, როგორც მამის სამკვიდრო, მიიღო ეს ქონებაც.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. ჩ-ირის სარჩელი, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე მხარემ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 2008 წლის 13 ნოემბერს 11.00 საათზე, არ გამოცხადდა გ. ჩ-ირი. აპელანტი სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარის მიერ აღნიშნულ სხდომაზე დაყენებულ იქნა შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის გამოუცხადებლობის გამო არ დაკმაყოფილდა გ. ჩ-ირის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა გ. ჩ-ირმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.

პალატამ გამოარკვია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების 241-ე და 233-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.

პალატამ დაადგინა, რომ გ. ჩ-ირს ჩაბარდა უწყება 2008 წლის 13 ნოემბრის სხდომასთან დაკავშირებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გზავნილის მის მეუღლეზე – დ. ა-ურზე გადაცემით 2008 წლის 05 ნოემბერს. გზავნილის ჩაბარების შესახებ სასამართლოში დაბრუნებული შეტყობინების ბარათიდან ირკვევა, რომ აპელანტის მეუღლის – დ. ა-ურის ხელმოწერით დადასტურებულია მისთვის უწყებისა და შესაგებლის გადაცემის ფაქტი. ადრესატის მეუღლეზე გზავნილის გადაცემა კი უნდა იქნეს მიჩნეული გზავნილის ადრესატზე ჩაბარებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად. აქედან გამომდინარე, გ. ჩ-ირის მითითება იმაზე, რომ მისთვის სასამართლოდან მოსულ კონვერტში არ იდო უწყება, არ შეიძლება დადასტურებულად ჩაითვალოს, ვინაიდან საქმეში არსებობს აღნიშნულის საპირისპირო გარემოებაზე მეტყველი მტკიცებულება. ამასთან, 13 ნოემბრის სხდომის შესახებ უწყება და სააპელაციო პასუხის ასლი ასევე ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს – ნ. ჯ-ევას გზავნილის მის მეუღლეზე – გ. დ-იაზე გადაცემით 2008 წლის 23 ოქტომბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოტივად სხდომის შესახებ აპელანტის სათანადო წესით გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებით გარემოებაზე მითითება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გ. ჩ-ირის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ჩ-ირმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარზე 2008 წლის 5 ნოემბერს მის ფაქტობრივ მისამართზე მივიდა სასამართლო გზავნილი, რომელიც სასამართლო კურიერისაგან ჩაიბარა მისმა მეუღლემ დ. ა-ურმა, რა დროსაც სახლში იმყოფებოდნენ ის და მისი ქალიშვილი. მეუღლემ სახლში შემოიტანა გაუხსნ. კონვერტი და გახსნა ქალიშვილის თანდასწრებით, სადაც კასატორის თქმით აღმოჩნდა მოპასუხე მხარის შესაგებელი სარჩელი. ამ შესაგებელ სარჩელს, მისი განმარტებით, თან არ ახლდა არცერთი სხვა დოკუმენტი ან ფურცელი, არც სასამართლო უწყება და არც სხვა რამე გარდა შესაგებლისა მასში არ ყოფილა, რასაც წერილობით ადასტურებენ მისი ოჯახის წევრები. კასატორის განმარტებით, მას არც შემდგომ მისვლია სხვა რამე შეტყობინება სასამართლოში სხდომაზე მოწვევის შესახებ.

კასატორი მიუთითებს, რომ იგი არის ხანშიშესული პენსიონერი ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი, არანაირი ქონება. ერთადერთი მამისეული სახლი რომელიც ჯერ კიდევ მამამ აჩუქა სიცოცხლეში არის ქ.მცხეთაში ... ქუჩა ¹11-ში მდებარე ერთსართულიანი სახლი, რის მესაკუთრედ ცნობასაც ითხოვდა სასამართლოში. კასატორის განმარტებით, სწორედ ამ სახლზეა დამოკიდებული მისი და მისი ოჯახის ბედი. მათ დიდი მოლოდინი ჰქონდათ ამ პროცესის და სასამართლოთ უწყების ჩაბარების ან პროცესის დანიშვნის შესახებ მას რომ სცოდნოდა, აუცილებლად გამოცხადდებოდა პროცესზე.

კასატორმა მოითხოვა ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის გამოუცხადებლობის გამო არ დაკმაყოფილდა გ. ჩ-ირის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები განჩინების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა.

როგორც კასატორი უთითებს, სასამართლოდან გზავნილი ჩაიბარა მისმა ცოლმა დ. ა-ურმა და კონვერტის გახსნის შედეგად ნახეს, რომ იგი იყო ცარიელი. აღნიშნული გარემოება კასატორის მიერ დადასტურებული რომც იყოს, მას შეეძლო უმოკლეს ვადაში გაერკვია სასამართლოში კონვერტში არსებული დოკუმენტების რაობის თაობაზე. აღნიშნული გზავნილის მიღება მისთვის მოულოდნ. არ უნდა ყოფილიყო, რადგან სასამართლოში სწორედ მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა მიმდინარეობდა. გარდა ამისა, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციაც იმის თაობაზე, რომ უწყება და სააპელაციო საჩივრის პასუხი ჩაბარდა მის წარმომადგენელს ნ. ჯ-ევასაც. ამდენად კასატორის მიერ მითითებული გარემოებანი ვერ იქნება მიჩნეული სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმება დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ჩ-ირის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.