დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 23.04.2009
საქმის ნომერი
ას-133-463-09
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-133-463-09 23 აპრილი, 2009წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ. ჩ-იანი

მოწინააღმდეგე მხარე – სს ‘თ. ს. ა.»

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 18 დეკემბერს ვ. ჩ-იანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს «თ. ს. ა.» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ წამახალისებელი გასამრჯელოს სახით გასაცემი თანხის გადახდის დაკისრება 6564 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის _ 197 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებითYვ. ჩ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს «თ. ს. ა.» ვ. ჩ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 69,98 ლარის გადახდა, ვ. ჩ-იანის მოთხოვნა სს «თ. ს. ა.» 6469 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 197 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ვ. ჩ-იანი მუშაობდა სს «თ. ს. ა.» იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. იურიდიულ სამსახურში ასევე მუშაობდა კიდევ ორი თანამშრომელი, აღნიშნული მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აეროპორტის უფროსის მიერ 1995 წლის 29 დეკემბერს დამტკიცებული ქ. თბილისის აეროპორტის სააქციო საზოგადოების იურიდიული სამსახურის დებულების მე-11 პუნქტით იურიდიული სამსახურის ხარისხიან და საქმეთა თანადროულ განხილვაში დაინტერესების მიზნით დადგინდა მოგებულ საქმეთა მიხედვით გასამრჯელოს გადახდა;

ქ. თბილისის აეროპორტის იურიდიული სამსახურის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების შესახებ 1995 წლის 16 ოქტომბრის ¹72 ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, აეროპორტის მთავარ ბუღალტერს დაევალა 1995 წლის პირველი ოქტომბრიდან ყოველთვიურად ეწარმოებინა იურიდიული სამსახურის მეშვეობით სამართალდამცავი ან სხვა სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, აეროპორტის სასარგებლოდ ამოღებული სადავო თანხების ან გადასახადებისაგან დაცული თანხების აღრიცხვა და ყველა მოგებული თანხიდან იურიდიული სამსახურისათვის გამოეწერა წამახალისებელი გასამრჯელო კონტრაგენტიდან მიღებული თანხების შემცირების ხარჯზე.

სს «თ. ს. ა.» მიერ იურიდიული სამსახურის მეშვეობით ჩატარებული ქმედებების შედეგად 2003 წლის თებერვლის თვიდან 2004 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით ამოღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 311 281,43 ლარი. ვ. ჩ-იანმა სასამართლოს სარჩელით მიმართა 2007 წლის 18 დეკემბერს, ამდენად, სასამართლომ სარჩელი მოპასუხის მიერ 2003 წლის თებერვლის თვიდან 2004 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით ამოღებული თანხებიდან მოსარჩელის სასარგებლოდ აეროპორტის უფროსის 1995 წელს დამტკიცებული თბილისის აეროპორტის სააქციო საზოგადოების იურიდიული სამსახურის შესახებ დებულებით დაწესებული გასამრჯელოს გადახდევინების ნაწილში ხანდაზმულად მიიჩნია.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მასზედ, რომ მისთვის უცნობი იყო მოპასუხე მხარის მიერ თანხების მიღების ფაქტი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოედქსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობრივი ფუნქციებიდან გამომდინარე, ვ. ჩ-იანს გააჩნდა შესაძლებლობა გამოეთხოვა და მიეღო ინფორმაცია იურიდიული სამსახურის მიერ ჩატარებული ქმედებების შედეგად სს «თ. ს. ა.» სასარგებლოდ ამოღებული თანხების შესახებ. შესაბამისად, რამდენადაც მის უშუალო ფუნქციებში შედიოდა საწარმოს ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო თანხების ამოღების ფაქტი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჩ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება მის მიერ მოთხოვნილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, სს «თ. ს. ა.» მის სასარგებლოდ 6564 ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ვ. ჩ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია 2007 წლის 18 დეკემბერს აღძრული სარჩელი ხანდაზმულად 2003 წლის თებერვლის თვიდან 2004 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით ამოღებული თანხიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 1995 წელს დამტკიცებული თბილისის აეროპორტის სააქციო საზოგადოების იურიდიული სამსახურის შესახებ დებულებით დაწესებული გასამრჯელოს გადახდევინების ნაწილში.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სს «თ. ს. ა.» დირექტორის მიერ 2007 წლის 3 იანვარს დამტკიცებული იურიდიული ჯგუფის თანამდებობრივი ინსტრუქციის 3.6 პუნქტით მოპასუხემ აღიარა ფაქტობრივად ვალდებულება და არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული ინსტრუქცია სასამართლომ არ მიიჩნია მოპასუხის მიერ კონკრეტულად ვ. ჩ-იანის წინაშე კონკრეტული ოდენობით თანხის გადახდის ნების აღიარებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჩ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ სს «თ. ს. ა.» 6465 ლარის დაკისრება.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი და არასწორად განმარტა იგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის განჩინებით ვ. ჩ-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

ვ. ჩ-იანის საკასაციო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ჩ-იანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ჩ-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.