დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-138-468-09 20 მაისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე რ. ნადირიანი
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ტ. ტ-ძის წარმომადგენელ თ. ც-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
2009 წლის 16 მარტს ტ. ტ-ძის წარმომადგენელ თ. ც-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება ორი კვირით, რაც საკასაციო პალატის 2009 წლის 17 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა.
2009 წლის 14 აპრილს ტ. ტ-ძის წარმომადგენელ თ. ც-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით ტ. ტ-ძის წარმომადგენელ თ. ც-ძეს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 3 დღით. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განჩინება ტ. ტ-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 2 მაისს (ს.ფ.295). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არც კასატორმა და არც მისმა წარმომადგენელმა ხარვეზი არ გამოასწორეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ტ. ტ-ძის წარმომადგენელ თ. ც-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.