დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-15-370-07 6 ივნისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს “ .. ..” ლიკვიდატორი მ. ტ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ჭ-ეE
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 30 აგვისტოს სს „ .. ..“ ლიკვიდატორმა ჭიათურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა კ. ჭ-ის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ კ. ჭ-სა და სს „ .. ..“ შორის 2000 წლის 31 მაისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ბანკმა მოპასუხეს სამი თვის ვადითა და წლიური 36%-იანი სარგებლით გამოუყო კრედიტი 24 600 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება და დაფარა მხოლოდ სესხის ნაწილი.
მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება სს „ .. ..“ წინაშე შეადგენდა 816 აშშ დოლარს.
2000 წლის 31 მარტის ხელშეკრულებით .. .. გირავნობის უფლება წარმოეშვა მოპასუხის კუთვნილ მოძრავ ნივთებზე.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 816 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება და ვალდებულების შესასრულებლად აღსრულების მიქცევა მოპასუხის მიერ დაგირავებულ ქონებაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხი მთლიანად გადახდილი აქვს და დავალიანება აღარ გააჩნია.
2005 წლის 24 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა კ. ჭ-მ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე 2005 წლის 24 ნოემბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სს „ .. ..“ ლიკვიდატორ გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე და იმავე სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრი შეიტანა სს “ .. ..” ლიკვიდატორმა გ. გ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 მაისს აპელანტის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სს “ .. ..” ლიკვიდატორმა გ. გ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა და განახლდა საქმის წარმოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კ. ჭ-ის წრამომადგენელ მ. ს-ს შუამდგომლობა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, სს “ .. ..” ლიკვიდატორ გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა Eსს “ .. ..” ლიკვიდატორმა მ. ტ-მა.
კასატორმა მიუთითა, რომ პროცესის დღეს ჰქონდა მამის ორმოცი, რის შესახებაც ტელეფონით აცნობა მოსამრთლის თანაშემწეს. სს “ .. ..” იურისტი იმავე დღეს ორ სხვა პროცესზე გამოდიოდა. აღნიშნულის თაობაზე 2006 წლის 13 ნოემბერს სასამართლოს გაუგზავნეს დეპეშა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს “ .. ..” ლიკვიდატორ მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 14 ნოემბერს, რის შესახებაც აპელანტს კანონის სრული დაცვით გაეგზავნა უწყება სასამართლო პროცესზე მოწვევის შესახებ. მითითებული უწყების შესაბამისად, იგი გაფრთხილდა გამოუცხადებლობის შედეგებზე, კერძოდ, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ მიღებული იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მითითებული უწყება ადრესატს ჩაჰბარდა, სს “ .. ..” ლიკვიდატორი არ გამოცხადებულა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სასამართლო პროცესზე სს “ .. ..” სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევდა უფლებას, გამოუცხადებელი მხარის, აპელანტის წინააღმდეგ გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სს “ .. ..” სასამართლო მთავარ სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ .. ..” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.