დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 05.03.2007
საქმის ნომერი
ას-16-371-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-16-371-07 5 მარტი, 2007 წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჟ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 31 აგვისტოს ჟ. მ-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - ქუთაისის სანოტარო ბიუროს ... , თ. მ-ის, მიმართ და აღნიშნა, რომ მოპასუხის დაუდევრობის გამო, მისი აწ გარდაცვლილი ქალიშვილის _ მ. მ-ის პირადი ვალის გადაუხდელობის მოტივით, მის საკუთრებაში არსებული ოროთახიანი ბინა _ მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ.¹26/113-ში, უკანონოდ გადაეცა ბანკ “ .. .. ..”, რის გამოც იგი გამოასახლეს საკუთარი ბინიდან და მარტოხელა, მეორე ჯგუფის ინვალიდი, ხანდაზმული პენსიონერი ყოველგვარი მატერიალური სახსრების გარეშე დარჩა უბინაოდ, რის გამოც დაირღვა მისი კანონიერი ინტერესები და უფლებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟ. მ-მ მოითხოვა თ. მ-სათვის, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, რაც დადასტურებულია ქუთაისის საქალაქო პროკურატურის 2003 წლის ... დეკემბრის დადგენილებით, მასზე მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 10 000 ლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ჟ. მ-ის სარჩელი, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ჟ. მ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ჟ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ თ. მ-ის ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს _ აპელანტის ბინიდან გამოსახლებას შორის, არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. კერძოდ, დაადგინა, რომ ჟ. მ-ის აწ გარდაცვლილმა შვილმა მ. მ-მ, მ. ჩ-სთან შეთანხმებით, დედის სახელით თ. მ-სთან გააფორმა ყალბი გირავნობის ხელშეკრულება და ბანკი “ .. .. ..” სესხის სახით გაიტანა 600 აშშ დოლარი, ხოლო ვალის გადაუხდელობის გამო საცხოვრებელი სახლი გაიყიდა აუქციონზე და მოსარჩელე გამოსახლებულ იქნა ბინიდან.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბანკმა ჟ. მ-ის წინააღმდეგ სარჩელი სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შეიტანა, რომელიც სასამართლო სხდომაზე ჟ. მ-მ ცნო და გადაწყვეტილება თანხის დაკისრების თაობაზე არ გაუსაჩივრებია. აგრეთვე დაადგინა, რომ გადაწყვეტილება, ე.წ. “შეთანხმების ოქმით” ნაკისრი ვალდებულების შეუსრულობლობის გამო ჟ. მ-ის ბინიდან გამოსახლების შესახებ, აპელანტს ასევე არ გაუსაჩივრებია და მხოლოდ მას შემდეგ მიმართა სასამართლოს სარჩელით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რაც გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო. აღნიშნულიდან დადასტურდა ის გარემოება, რომ ჟ. მ-მ თავისი მოქმედებებით აღიარა დამდგარი შედეგების _ ვალის დაკისრებისა და ბინის რეალიზაციის, მართლზომიერება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. მ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

ჟ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოპასუხე თ. მ-მ წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.