დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-179-516-07 13 ივლისი 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ შპს ”... სახლის” დირექტორი ბ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – სს ”თ...ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა--- გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში
დავის საგანი – ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის აქტების ბათილად ცნობისა და დარიცხული თანხებისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „... სახლის“ წარმომადგენელმა, 2004 წლის 7 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სს „თ...ის“ მიმართ თანხის ჩამოწერის თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს „... სახლი“ წარმოადგენს სს „თ...ის“ აბონენტს, რომელიც მის მიმართ ახორციელებს უკანონო ქმედებებს, რაც გამოიხატა შემდეგში: აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით მონაცემები შპს „... სახლის“ მიმართ მოიცავს პერიოდს 2001 წლის 3 ოქტომბრიდან 2004 წლის 4 აგვისტომდე. დარიცხვები აბონენტზე განხორციელებულია რამდენჯერმე. ერთ-ერთი აქტი შედგენილია 2003 წლის მარტს, რომლითაც შპს „... სახლს“ დაერიცხა 2456,42 ლარი, ხოლო 2004 წლის 12 ივლისს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. რის გამოც, იძულებული გახდა 2004 წლის 15 ივლისს გაეფორმებინა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ აღიარა 2400 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა. შესაბამისად შედგა დავალიანების გადახდის რვათვიანი გრაფიკი თვეში 300 ლარის ოდენობით და 2004 წლის 16 ივლისს ობიექტს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება.
2004 წლის 17 ივლისს, სს „თ...ის“ წარმომადგენელმა შეამოწმა ობიექტი, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მრიცხველი არ მუშაობდა და გამორთული იყო ძაბვის ავტომატი. სს „თ...ის“ წარმომადგენელმა შეადგინეს ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი ¹... . 2004 წლის 19 ივლისს სს „თ...ის“ წარმომადგენლის მიერ შედგენილ იქნა ¹... აქტი, რომელშიც აღინიშნა, რომ მრიცხველს არ მიეწოდებოდა „ბ“ ძაბვა. არ დაფიქსირდა კარადის, მისი საკეტების, მრიცხველისა და ბრჯენების დაზიანების ფაქტები.
სს „თ...ისგან“ გამოთხოვილ იქნა დარიცხვის აქტი, რომელიც შედგენილია 2004 წლის 20 ივლისს და რომლითაც დაეკისრა 27299,72 ლარი.
მოსარჩელე თვლის, რომ დარიცხვა განხორციელდა სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით, რადგან 2004 წლის 17 და 19 ივლისის დარიცხვის აქტების საფუძველზე შპს „... სახლს“ დაეკისრა 2003 წლის 3 სექტემბრიდან 2004 წლის 19 ივლისამდე პერიოდისთვის ელექტროენერგიის საფასური, რაც უკვე გადახდილი აქვს.
მოსარჩელემ მოითხოვა სს „თ...ის“ მიერ 2004 წლის 17 და 19 ივლისს შედგენილი ¹... და ¹... ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შედგენილი დარიცხვის აქტის (27299,72 ლარზე) გაუქმება.
იმავე სასამართლოში 2004 წლის 25 ნოემბერს მოსარჩელემ შეიტანა დამატებითი სასარჩელო განცხადება და მოითხოვა ელექტროენერგიის გამორთვით გამოწვეული ზარალის 8192 ლარის ოდენობით, მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2004 წლის 12 და 16 ივლისს ელექტროენერგიის შეწყვეტისას და მის აღდგენისას, აქტები არ შედგებოდა, ვინაიდან ასეთ მოთხოვნას არც ერთი ნორმატიული აქტი არ იცნობს შპს „... სახლის“ მიმართ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის საფუძველი იყო 2003 წლის 18 მარტს შედგენილი აქტი და ამ აქტით დადგენილი დარღვევა, რომელიც 2004 წლის 17 ივლისის აქტით გამოვლენილი დარღვევის ანალოგიურია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელე სისტემატურად იყენებდა ამ მეთოდით ელექტროენერგიის დატაცებას. მოსარჩელის მხრიდან ელექტროენერგიის დატაცების ფაქტს ადასტურებს დარღვევის გამოსწორების შემდგომ მრიცხველის აღრიცხული ელექტროენერგიის მაჩვენებლები. აბონენტის ბრუნვის ისტორიით აშკარად ჩანს, რომ აბონენტის ერთი თვის ხარჯი გაიზარდა ხუთჯერ აღრიცხვიანობის გამოსწორების შემდეგ.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „... სახლის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
გაუქმდა სს „თ...ის“ 2004 წლის 17 ივლისის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტებიდან მოსარჩელე გათავისუფლდა ამ აქტების საფუძველზე 2004 წლის 20 ივლისს დარიცხული თანხის 2792,72 ლარის გადახდისაგან. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „თ...ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში.
სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დანიშნული იყო 2006 წლის 19 სექტემბერს, რა დროსაც მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს „... სახლის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა და მის მოთხოვნაზე უარის თქმა.
საჩივრის განხილვისას, მომჩივანმა მიუთითა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგ გარემოებებზე: სასამართლოს განცხადებით აცნობა შპს „... სახლის“ წარმომადგენელმა დირექტორის საქართველოში არ ყოფნის შესახებ და მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადების, სასამართლო ვალდებული იყო სხდომა გადაედო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილი. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა აპელანტის არაუფლებამოსილი წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე. შპს „... სახლის“ წარმომადგენელს არ ჰქონდა შპს „... სახლის“ ახალი დირექტორის მიერ გაცემული უფლებამოსილება პროცესზე მონაწილეობის მისაღებად. ამასთან, იგი მონაწილეობას იღებდა სხვა პროცესზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „... სახლის“ წარმომადგენლის საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ უწყება ჩაბარდა შპს “... სახლს” 2006 წლის 30 ივლისს, ხოლო 2006 წლის 28 ივლისს მის წარმომადგენელს ლ. ქ-ეს. სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ 2006 წლის 19 სექტემბერს სხდომა დაიწყო 11 საათსა და 20 წუთზე და საქმის განხილვის პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი შპს “... სახლის” მენეჯერის გ. მ-ის განცხადება სასამართლო სხდომის გადადების შესახებ, რადგან აღნიშნული განცხადება სააპელაციო სასამართლოს მისაღებში მიღებულია 2006 წლის 19 სექტემბერს 11 საათსა და 55 წუთზე. ლ. ქ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი 2006 წლის 19 სექტემბერს ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე, რადგან ამ დროისათვის შპს “... სახლის” დირექტორი იყო შეცვლილი და იგი ვერ იმოქმედებდა 2004 წლის 20 აგვისტოს, უკვე არაუფლებამოსილი დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობით, სააპელაციო პალატამ აღნიშნული არ გაიზიარა, რადგან 2004 წლის 20 აგვისტოს შპს “... სახლის” დირექტორის მიერ ლ. ქ-ზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობა არავის გაუუქმებია და იგი წარმოადგენდა შპს “... სახლის” წარმომადგენელს. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მან 2006 წლის 13 სექტემბერს განცხადებით მომართა საქმის მასალების გაცნობის თაობაზე, რომელიც დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებს გაეცნო, როგორც შპს “... სახლის” წარმომადგენელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ”... სახლის” დირექტორმა ბ. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
კასატორის აზრით, 2006 წლის 19 სექტემბერს საქმის მომხსენებელი მოსამართლის სახელზე სასამართლოში შეტანილი იყო შპს ”... სახლის” განცხადება იმის თაობაზე, რომ ”... სახლის” წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, კერძოდ, დირექტორი არ იმყოფებოდა საქართველოში და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. ხსენებული განცხადება გადაეცა მოსამართლის თანაშემწეს, რათა იგი წარედგინა მოსამართლისათვის. პალატამ არასწორად იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე, რაც იმაში გამოიხატა, რომ გ. მ-მ განცხადება ჩააბარა არა სასამართლოს მისაღებში, არამედ გადასცა მოსამართლის თანაშემწეს, რათა მას განცხადება გადაეცა მოსამართლისათვის. როგორც ჩანს მოსამართლესთან შეთანხმებით თანაშემწემ ჩააბარა ხსენებული განცხადება სასამართლოს მისაღებში, რომელზეც ჩაბარების დროდ დაფიქსირდა 11 საათი და 55 წუთი. იმ გარემოებამ, რომ განცხადება გადაეცა თანაშემწეს მოსამართლეზე გადასაცემად, ხოლო შემდეგ იგი ჩაბარებული იქნა მის მიერ სასამართლოს მისაღებში, გამოიწვია განცხადების დაგვიანებით ჩაბარება. აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გ. მ-ის მიერ დროულად იქნა წარდგენილი განცხადება სასამართლოში.
კასატორმა განმარტა, რომ სასამართლოს მიერ გარკვეული უზუსტობებია დაშვებული, კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში, საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეების ჩამონათვალში, მოსამართლეთა ხელმოწერებში და გასაჩივრებული გადაწყვეტილების თარიღებში, რის გამოც გადაწყვეტილების თარიღად ზოგან 18 თებერვალია მითითებულია, ხოლო ზოგან 28 თებერვალი. ასევე საქმეში წარმოდგენილი არ არის ი. პ-ის მიერ ა. ა-ზე გაცემული რწმუნებულება, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საჩივარი სასამართლოში შეტანილი იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის განჩინებით შპს “... სახლის” დირექტორის ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის მიერ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო 2006 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „... სახლის“ წარმომადგენლის საჩივარი. უცვლელად დარჩა 2006 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება..
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა საჩივარში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ 2006 წლის 19 სექტემბერს ლ. ქ-ე ვერ გამოცხადდებოდა სხდომაზე რადგან ამ დროისათვის შპს ,,... სახლის დირექტორი შეცვლილი იყო და იგი ვერ იმოქმედებდა ყოფილი დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობით, ვინაიდან კასატორის წარმომადგენელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობა არავის გაუქმებია და შესაბამისად იგი უფლებამოსილი იყო მიეღო მონაწილეობა სააპელაციო საჩივრის განხილვაში.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ,,შპს ,,... სახლის“ დირექტორი გასული იყო ქალაქიდან სააპელაციო პალატას უნდა გადაედო 2006 წლის 19 სექტემბერს დანიშნული სხდომა, ვინაიდან უწყება სასამართლო სხდომის დღის შესახებ მათ ჩაბარდათ გონივრულ ვადაში, შესაბამისად შპს ,,... სახლს“ შეეძლო უზრუნველყო სასამართლოში წარმომადგენლის წარდგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწტრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს საქმის განხილვა განახლდეს თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან შპს ,,... სახლის” სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი საქმის მასალებით არ დასტურდება.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება რადგან სააპელაციო საჩივარი შეტანილია ი. პ-ის მიერ, ხოლო საქმეში წარმოდგენილი არ არის სს ,,თ...ის” გენერალურ დირექტორად ი. პ-ის დანიშვნის დამადასტურებელი მტკიცებულება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან კასატორს აღნიშნული ფაქტი სააპელაციო სასამართლოში საჩივრის წარდგენისას სადავოდ არ გაუხდია. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ სს ,,თ...ის” გენერალური დირექტორი არ არის ი. პ-ი.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასტორის განმარტებას, იმის თაობაზე რომ ა. ა-ზე მინდობილობა გაცემული იყო მაშინდელი დირექტორის დანგირას მიკალაიუნასის მიერ და მას არ ჰქონდა უფლება ს/ს «თ...ის» სახელით მოეთხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან ა. ა-ისათვის 2004 წლის 11 აპრილის რწმუნებულება გაცემული იყო განუსაზღვრელი ვადით და ის გარემოება, რომ ს/ს «თ...ის» დირექტორი შეიცვალა ვერ გახდებოდა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რადგან ამ გარემოებაზე დაყრდნობით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტას სსკ 109-ე მუხლი არ ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დაცვითაა გამოტანილი და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “... სახლის” დირექტორის ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.