დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-186-513-09 4 მაისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,დ. ჯ.” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,დ. ჯ.” მიმართ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანის _ 11219,16 ლარის გადახდევინების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 8 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო ¹370101/112 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეს მოსარჩელის დავალებით უნდა ჩაეტარებინა ქ.თბილისში, ... ¹6-ში მდებარე შენობის რემონტი. სამუშაოები შეფასდა 206 687 ლარად, ხოლო შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2006 წლის 31 დეკემბერი. აღნიშნულის მიუხედავად, შპს «დიზაინ ჯგუფმა» ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დათქმულ ვადაში ვერ დაასრულა, რის გამოც უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოსა და მისი დროულად გადაუხდელობისათვის დარიცხული პროცენტი.
მოპასუხემ სარჩელი 1014,61 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან პირგასამტეხლოს სახით თანხის 1%-ის დადგენა არასწორია და მსგავს შემთხვევაში გარიგებით დგინდება მხოლოდ 0,1%-ის გადახდის ვალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,დ. ჯ.” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1014,61 ლარის გადახდა, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს ,,დ. ჯ.” შორის 2006 წლის 8 ნოემბერს გაფორმდა ¹3701001/112 ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,დ. ჯ.” ვალდებულება იკისრა, აპელანტის სასარგებლოდ ჩაეტარებინა ქ.თბილისში, ... გამზირის ¹6-ში მდებარე შენობა-ნაგებობზე 206 687 ლარის სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 31 დეკემბერი. 2008 წლის 7 დეკემბერს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 338 206 ლარით და სამუშაოს შესრულების ვადა კი _ 2007 წლის 31 იანვრით. 2007 წლის 31 იანვარს დაიდო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხე შპს ,,დ. ჯ.” ვერ უზრუნველყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დაესრულებინა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2007 წლის 4 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 338 206 ლარი. სააპელაციო პალატის მითითებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ შპს „დიზაინ ჯგუფმა“ ვალდებულების შესრულების ვადას 4 დღით გადააცილა, სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისას არ გაარკვია უმთავრესი გარემოება, სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ბრალეულად გადააცილა თუ არა მხარემ ვალდებულების შესრულების ვადას. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ სამუშაოს შეფერხება გამოიწვია ობიექტურმა პირობებმა _ ზამთრის სიცივემ, გათბობის სისტემის დაუმონტაჟებლობამ, რომელსაც აწარმოებდა სხვა კომპანია და წინ უსწრებდა სარემონტო სამუშაოებს, გაუთვალისწინებელი სამუშაოების საჭიროებამ და სხვა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვით, ვერ დადასტურა მოპასუხის მხრიდან ვადის ბრალეული გადაცილების ფაქტი და არ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა, ვინაიდან მოპასუხე მხარეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ხოლო პალატა არ არის უფლებამოსილი, საუარესოდ შეაბრუნოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შეიცავს რა მითითებას, თუ რა გარემოებების საფუძველზე შეიძლება შემცირდეს პირგასამტეხლო, იმავდროულად, უფლებას ანიჭებს სასამართლოს, თვითნებურად შეამციროს საჯარიმო სანქცია, ისე რომ არ დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება. გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს არანაირ მითითებას, თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები დაედო საფუძვლად მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შემცირებას. ამასთან, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2006 წლის 8 ნოემბრის ¹370101/112 ხელშეკრულების საერთო პირობების 16.1 შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა არ უნდა შემცირდეს, ვინაიდან შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა ფორსმაჟორული პირობების გარდა. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენებოდა საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განსაზღვრული იყო ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ სამუშაოთა შეფერხება გამოწვეული იყო ობიექტური პირობებით, რაც, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალეს პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს. ყველა ხელშემშლელი პირობა ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს განსაკუთრებული ინტერესი ობიექტის დასრულებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების დროს მოვალესათვის ცნობილი იყო. გასაჩივრებული განჩინება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას კასატორის მოთხოვნაზე მოპასუხისათვის ეროვნული ბანკის მიერ ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის შესაბამისი პერიოდისათვის ფიქსირებული პროცენტის დაკისრების შესახებ, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მისი დროულად გადაუხდელობის გამო პროცენტის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ემყარება სამოქალაქო კოდექსის 401-ე და 417-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.