დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 23.04.2007
საქმის ნომერი
ას-194-529-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-194-529-07 23 აპრილი, 2007 წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 12 ივლისს თ. ვ-მ სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. კ-ს მიმართ და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, მარტვილის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის განაჩენით, ა. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, ხოლო სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად აღნიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით. სამოქალაქო სარჩელი კი დარჩა განუხილველად. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე წარმოადგენდა დაზარალებულს. ა. კ-ს დანაშაულებრივი ქმედების გამო მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რის გამოც გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას, როგორც მარტვილის რაიონულ საავადმყოფოში, ასევე ქუთაისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 2000 ლარი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გარდა ფიზიკური ზიანისა, განიცადა მორალური ზიანიც, რის გამოც მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზრაურებლად _ სულ 7000 ლარის მოპასუხეზე დაკისრება მის სასარგებლოდ.

მოპასუხე ა. კ-მ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა რაიმე დოკუმენტი მისი მკურნალობის ხარჯების დასადასტურებლად, ასევე აღნიშნა, რომ თ. ვ.ს არანაირი იურიდიული და მორალური უფლება არ ჰქონდა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ვ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა. კ-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზრაურების მიზნით 2000 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ა. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მარტვილის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ა. კ-მ თ. ვ-ს მიმართ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებით, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დაადგინა, რომ თ. ვ-ს მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 347,65 ლარი, ხოლო ჯანმრთელობის მოშლის, სხეულის დაზიანებით გამოწვეული დისკომფორტისა და სულიერი ტანჯვის გამო განიცადა მორალური ზიანი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს პოზიცია მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ა. კ-სათვის 2000 ლარის დაკისრების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით ა. კ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ა. კ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. კ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.