გაუქმდა და შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-202-537-07 18 სექტემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
სხდომის მდივანი _ ეკა ხაჩიძე
კასატორი – შპს “ .. ..” დირექტორი ა. ქ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ვ. ნ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ა-ე (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “ .. ..” დირექტორმა ა. ქ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: რ. მ-ის, პ. ბ-ის, ვ. ზ-სა და თ. ა-ის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1997 წლის 2 აპრილს შპს “ .. ..”-ის დირექტორ ა. ქ-სა და მოსკოვის ღია სააქციო საზოგადოება “... ცენტრს” შორის დაიდო ხელშეკრულება 8160 ქილა ტომატ-პასტისა და 24696 ქილა ქართული “კეტჩუპის” მიწოდების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, 1997 წლის 27 მაისს შპს “ .. ..”-მა შპს „ლ...საგან“ მიიღო ზემოაღნიშნული პროდუქცია. ზეპირი დავალების ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ .. ..“ დირექტორმა ა. ქ-მ მოპასუხე თ. ა-ს დაავალა, რომ 2856 აშშ დოლარის ღირებულების 8160 ცალი ტომატ-პასტა და 24696 ცალი „კეტჩუპი“ ღირებული 8643,60 დოლარად, სულ საერთო თანხით _ 11499,60 აშშ დოლარი, უნდა ჩაეტანა ქ. მოსკოვში და ჩაებარებინა ღია სააქციო საზოგადოება „... ცენტრისათვის“. პროდუქციის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა კი თ.ა-ს უნდა ჩამოეტანა და გადაეცა შპს „ .. ..“ დირექტორ ა.ქ-ისათვის. თ.ა-მ ზემოაღნიშნული პროდუქცია ჩააბარა არა ხელშეკრულების მხარეს – ქ.მოსკოვის ღია სააქციო საზოგადოება მოსკოვის „... ცენტრს“, არამედ 1997 წლის 3 ივნისს, თავისი სახელით, შესანახად ჩააბარა ქ.მოსკოვის ერთ-ერთ საწყობს სახელწოდებით „ზ....“. თ.ა-ს პროდუქციის არც რეალიზაციით მიღებული თანხა და არც პროდუქცია შპს „ .. ..“ არ დაუბრუნებია, რითაც შპს „ .. ..“ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ .. ..”-ის დირექტორის ა. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ. ა-ს შპს “ .. ..”-ის დირექტორი ა.ქ-ის სასარგებლოდ გადახდა 27575 ლარი; პ.ბ-ის, ვ.ზ-ისა და რ.მ-ის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-მ.
მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “ .. ..”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს .. ..”-ს დაეკისრა 200 ლარის გადახდა თ. ა-ის სასარგებლოდ, მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; შპს “ .. ..”-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 625 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე წარმოებისათვის. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “ .. ..”-ის დირექტორის ა.ქ-ის ზეპირი დავალების ხელშეკრულების საფუძველზე თ.ა-მ იკისრა ვალდებულება გაჰყოლოდა ქ.მოსკოვში შპს “ .. ..”-ის ავტომანქანით გადასაზიდ პროდუქციას და აღნიშნული პროდუქცია შპს “ .. ..”-სა და ღია საზოგადოება “... ცენტრს” შორის დადებული 1997 წლის 2 აპრილის ხელშეკრულების შესასრულებლად ჩაებარებინა მოსკოვის ღია საზოგადოება “... ცენტრისათვის” შპს “ .. ..”-ის სახელით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ თ.ა-მ დავალების ხელშეკრულების დარღვევით ა.ქ-ისათვის შეტყობინებისა და მასთან შეთანხმების გარეშე გადაზიდული პროდუქცია თავისი სახელით ჩააბარა არა ადრესატს სს “... ცენტრს”, არამედ სხვა შესანახ საწყობს. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ მოსკოვში გადაზიდული პროდუქცია დაიკარგა და თ. ა-ს მისი ღირებულება ა.ქ-ისათვის არ დაუბრუნებია, რის გამოც ა.ქ-ე თ.ა-საგან ითხოვს გადაზიდული პროდუქციის ღირებულების 27 175 ლარის გადახდას, როგორც მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “ .. ..”-ს 2001 წლის 21 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს 27 175 ლარის გადახდა შპს “ლ...ს” სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ მოსკოვში გადასაზიდად მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლებზე მითითებით ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში ობიექტური მომენტი, როცა დაირღვა მოსარჩელის უფლება და სუბიექტური მომენტი, როცა მოსარჩელემ შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ, ემთხვევა ერთმანეთს. საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის, რომ პროდუქცია თ.ა-ის მიერ მოსკოვში გადაზიდული იქნა 1997 წლის ივნისში, ხოლო ის გარემოება, რომ მან პროდუქცია არ ჩააბარა ადრესატს და მისი ღირებულება შეთანხმებისამებრ არ ჩამოიტანა თბილისში, ა. ქ-სათვის ცნობილი გახდა რამდენიმე დღეში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ა.ქ-მ 1997 წლიდანვე იცოდა თ.ა-ის მიერ დავალების ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მისი უფლების დარღვევის შესახებ და მისთვის სარჩელის აღძვრის სამწლიანი ვადის დენა დაიწყო 1997 წელს და დამთავრდა 2000 წელს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა.ქ-ის მიერ სარჩელი აღძრული იქნა 2003 წელს, ე.ი. სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მითითებული გარემოებები არ არის დასაბუთებული და ჩათვალა, რომ მოპასუხის შესაგებელი ხანდაზმულობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არის დასაბუთებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ .. ..”-ის დირექტორმა ა. ქ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ა-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისთვის ა.ქ-ის სასარგებლოდ 27 175 ლარის გადახდისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ მათი მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებები, უგულვებელყო კასატორის დასაბუთებული არგუმენტები იმის თაობაზე, რომ მათი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. კასატორმა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საქმის მასალების თანახმად თ. ა-ე და მასთან ერთად პროდუქციის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმეში მონაწილე პირები არ უარყობდნენ პასუხისმგებლობას პროდუქციის დაკარგვასთან დაკავშირებით და პირდებოდნენ ბ.ბოჭორიშვილს თანხის გადახდას. თ.ა-ე აღიარებდა, რომ აღნიშნული თანხა მისი გადასახდელია. კასატორის მითითებით, სასამართლო პროცესზე მათ მიერ ხაზგასმული იქნა ის გარემოება, რომ თ. ა-ე რამდენიმე წლის განმავლობაში აღიარებდა, რომ სადავო თანხა მისი გადასახდელია და ითხოვდა დროს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში მოთხოვნის უფლება არ წარმოშობილა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო მხოლოდ მაშინ, როცა რამდენიმე წლის დაპირების შემდეგ თ.ა-მ უარი განაცხადა ვალის გადახდაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე კასატორმა შპს „ .. ..“ დირექტორმა ა.ქ-მ წარმოადგინა განცხადება იმის შესახებ, რომ 2007 წლის 14 სექტემბერს იგი მოურიგდა თ.ა-ს, რის შედეგად თ.ა-ის წარმომადგენელმა ბ. ბ-ს გადაუხადა 7000 დოლარი. ამიტომ კასატორს მოწინააღმდეგე მხარე თ. ა-ის მიმართ არა აქვს არანაირი პრეტენზია; მან მოითხოვა მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტა და საქმეზე მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, შპს „ .. ..“ დირექტორი ა.ქ-ის განცხადების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე კასატორმა შპს „ .. ..“ დირექტორმა ა.ქ-მ წარმოადგინა განცხადება იმის შესახებ, რომ 2007 წლის 14 სექტემბერს იგი მოურიგდა ა-ს, რის შედეგად თ.ა-ის წარმომადგენელმა ბ.ბ-ს გადაუხადა 7000 დოლარი. ამიტომ კასატორს მოწინააღმდეგე მხარე თ. ა-ის მიმართ არა აქვს არანაირი პრეტენზია; მან მოითხოვა მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტა და საქმეზე მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის უფლება წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებას და იგი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. იმავე კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის შედეგი. ამ ნორმის თანახმად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავის ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ .. ..“ დირექტორი ა.ქ-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
დადგენილია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა. ქ-ის მოთხოვნა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ.ხაშურში, ... ქ. ¹74-ში მცხოვრებ რ. მ-ის, ქ.ხაშურში, ... ქ. ¹92-ში მცხოვრები პ. ბ-ის, ქ.ხაშურში, ... ქ. ¹3-ში მცხოვრებ ვ. ზ-ის და დ.სურამში ... ¹9-ში და სოფელ ... მცხოვრებ თ. ა-ის კუთვნილ ქონებას (იხ. ტ.IV ს.ფ.3).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ .. ..“ დირექტორმა ა.ქ-მ სარჩელზე უარის თქმის განცხადებაში მოითხოვა ასევე მოცემულ საქმეზე მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. ამდენად, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 დეკემბრის განჩინების საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ.ხაშურში, ... ქ. ¹74-ში მცხოვრებ რ. მ-ის, ქ.ხაშურში, .... ქ. ¹92-ში მცხოვრები პ. ბ-ის, ქ.ხაშურში, ... ქ. ¹3-ში მცხოვრებ ვ. ზ-ის და დ.სურამში ... ¹9-ში და სოფელ ... მცხოვრებ თ. ა-ის კუთვნილ ქონებაზე დადებული ყადაღა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 1991-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ .. ..“ დირექტორი ა. ქ-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 დეკემბრის განჩინების საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ.ხაშურში, ... ქ. ¹74-ში მცხოვრებ რ. მ-ის, ქ.ხაშურში, ... ქ. ¹92-ში მცხოვრები პ. ბ-ის, ქ.ხაშურში, ... ქ. ¹3-ში მცხოვრებ ვ. ზ-ის და დ.სურამში ... ¹9-ში და სოფელ ... მცხოვრებ თ. ა-ის კუთვნილ ქონებაზე დადებული ყადაღა.
შპს „ .. ..“ დირექტორს ა. ქ-ს სარჩელზე უარის თქმის გამო დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 678 ლარი.
განემარტოთ მხარეებს, რომ მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის გამო სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და საფუძველზე არ შეიძლება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.