დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 11.06.2007
საქმის ნომერი
ას-248-579-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-248-579-07 11 ივნისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ რა., ა. და რ. ჟ-ები

წარმომადგენელი _ რ. პ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. და რ. ჟ-ები

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, ქონების მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. და რ. ჟ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბათუმის ... ბიუროს მიმართ, თუმცა მოგვიანებით არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მხარით _ რა. და ვ. ჟ-ებით. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ.ბათუმში, ... ქ.¹57-ში მდებარე ¹15 ბინიდან მათი კუთვნილი წილის გამოყოფა და ყადაღის მოხსნა.

რ. ჟ-ი (მოსარჩელე რ.ჟ-ს შვილიშვილი) საქმეში ჩაება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად და ასევე მოითხოვა სადავო ბინიდან წილის გამოყოფა და მასზე ყადაღის მოხსნა.

მოცემული საქმე არაერთხელ განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ჟ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს სადავო ბინიდან გამოეყო 1/3 იდეალური წილი, რომელიც ყადაღისაგან გათავისუფლდა; რ. ჟ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მას გამოეყო ბინის 1/6 იდეალური წილი, რომელზეც ყადაღა მოიხსნა; რ. ჟ-ს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მას გამოეყო სადავო ბინის 1/3 იდეალური წილი, რომელიც ყადაღისაგან გათავისუფლდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რა., ა. და რ. ჟ-ებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება რა., ა. და რ. ჟ-ებმა, ასევე მათმა წარმომადგენელმა რ. პ-მ გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის, მისი ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და აღნიშნულის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად. კასატორებმა ხარვეზი მხოლოდ დასაბუთებული საკასაციო საჩივრის ნაწილში გამოასწორეს და იშუამდგომლეს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის განჩინებით ზემოხსენებული შუამდგომლობა მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და კასატორებს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდათ 5 დღით. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ რა., ა. და რ. ჟ-ებს სასამართლო გზავნილი 2007 წლის 16 მაისს ჩაბარდათ, თუმცა მათ ხარვეზი არ გამოუსწორებით. რ.პ-მ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მიუთითა, რომ კასატორები სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში ხარვეზის გამოსწორებას ვერ ახერხებენ, რის გამოც მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის კიდევ 20 დღით გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რა., ა. და რ. ჟ-ების, ასევე მათ წარმომადგენელ რ. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ კასატორებს 2007 წლის 30 მარტის განჩინებით კასატორებს დაუდგინა ხარვეზი, ხოლო ამავე წლის 7 მაისის განჩინებით ხარვეზის შესავსებად ვადა გაუგრძელა. რ., ა., რ. ჟ-ებსა და მათ წარმომადგენელ რ. პ-ს დაევალათ 5 დღის ვადაში სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის გამოსწორება.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ რა., ა. და რ. ჟ-ებს სასამართლო გზავნილი 2007 წლის 16 მაისს ჩაბარდათ. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორებს სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, რაც ზემოხსენებული ნორმით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს რ.პ-ის მოთხოვნას ხარვეზის შესავსებად ვადის კვლავ გაგრძელების შესახებ, ვინაიდან მხარეს მითითებული ვადის გაგრძელების აუცილებლობა სათანადოდ არ დაუსაბუთებია, ამასთან, საკასაციო სასამართლომ იგი ერთხელ უკვე უშედეგოდ გაუგრძელა კასატორებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რა., ა. და რ. ჟ-ების, ასევე მათ წარმომადგენელ რ. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რა., ა. და რ. ჟ-ების, ასევე მათ წარმომადგენელ რ. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.