დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-262-593-07 21 მაისი, 2007 წ.
q. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე შპს “საქართველოს რ...ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 19 ოქტომბერს გ. ზ-მ, ზ. კ-მ, მ. ჩ-მ და სხვებმა სარჩელით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “საქართველოს რ...ის” მიმართ ხელფასზე 30-პროცენტიანი დანამატის ანაზღაურებისა და სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის თაობაზე. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მუშაობენ ტექკანტორის ...ად და ...ად, რომლებიც ძირითად სამუშაოსთან ერთად ასრულებენ დამატებით სამუშაოებს, რის სანაცვლოდაც იღებდნენ 30-პროცენტიან დანამატს ხელფასზე. ადმინისტრაციამ ადრეც შეუწყვიტათ დანამატის გადახდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტიებით გაუგრძელდათ ხელფასზე დანამატის მიღება. მოსარჩელეთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღემდე ასრულებენ დამატებით სამუშაოებს, მოპასუხემ 2005 წლის პირველი იანვრიდან უკანონოდ მოუხსნა 30-პროცენტიანი დანამატი ხელფასზე, რის გამოც მოითხოვეს მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ 2004 წლის პირველი იანვრიდან 2005 წლის სექტემბრის ჩათვლით, ხელფასზე 30-პროცენტიანი დანამატის დაკისრება, თითოეულისათვის 472 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ზ-ის, ზ. კ-სა და სხვების სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “საქართველოს რ...მ” და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეები ყოველთვიური სარგოს სახით დანამატთან ერთად რა თანხასაც იღებდნენ, იგივე ხელფასს იღებენ ახალი ბრძანების შემდეგაც და შესაბამისად, მათი ყოველთვიური სარგოს რაოდენობა არ შემცირებულა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით შპს “საქართველოს რ...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მოსარჩელეები შპს “საქართველოს რ...ის” თანამშრომლები არიან და გარდა ძირითადი სამუშაოებისა, ასრულებენ დამატებით სამუშაოს. აღნიშნულის გამო, შპს “საქართველოს რ...ის” ხაშურის სადგურის დირექტორის ბრძანებით დამატებითი სამუშაოებისათვის განესაზღვრათ ყოველთვიურად ხელფასზე დანამატი 30%-ის ოდენობით.
სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დაადგინა, რომ მოსარჩელეები 2005 წლის პირველ იანვრამდე და მას შემდეგაც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად სამუშაოსთან ერთად დამატებით სამუშაოსაც, ხოლო ის გარემოება, რომ 2005 წლის პირველი იანვრიდან დამატებითი სამუშაოები შრომითი ხელშეკრულებით მოსარჩელეების ძირითად სამუშაოდ განისაზღვრა, შპს “საქართველოს რ...მ” შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “საქართველოს რ...მ” და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით შპს “საქართველოს რ...ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “საქართველოს რ...ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება შრომით დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს “საქართველოს რ...ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “საქართველოს რ...ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (331 ლარის) 70% _ 231,7 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.