დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-267-597-07 29 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “-- -- --” გენერალური დირექტორის – გ. ჟ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ნ. მ-ის სარჩელის გამო მოპასუხე შპს “-- -- --” მიმართ ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. მ-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შპს „-- -- --“ მიმართ და განმარტა, რომ 2005 წლის 7 ივლისის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო მუშაობა მოპასუხე საწარმოში იურისტად. იგი სამუშაოდ მიღებულ იქნა სამთვიანი საგამოცდო ვადით. შრომის ხელშეკრულების 2.2.2 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ერთი დღითაც კი გააგრძელებდა ამ საწარმოში მუშაობას, იგი ჩაითვლებოდა ამ სამუშაოზე მუდმივად მიღებულად. შპს „-- -- --“ დირექტორის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება ¹391, რომლითაც საწარმოს მუშაკებს, მათ შორის, მოსარჩელეს, გაუგრძელდა საკონტრაქტო ვადა ერთი თვით. აღნიშნული ბრძანების თაობაზე მოსარჩელემ არაფერი იცოდა. მან (მოსარჩელემ) ამის შესახებ შეიტყო 2005 წლის 26 ოქტომბრის პროფკომიტეტის სხდომაზე, როცა განიხილებოდა მუშაკთა დათხოვნაზე თანხმობის მიცემის საკითხი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მასთან ერთვიანი სამუშაო კონტრაქტი არ დადებულა და ამდენად, იგი ითვლებოდა სამუშაოზე განუსაზღვრელი ვადით მიღებულად. ნ. მ-მ სარჩელით მოითხოვა შპს „-- -- --“ გენერალური დირექტორის 2005 წლის 1 ნოემბრის ¹421 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს „-- -- --“ გენერალური დირექტორის 2005 წლის 1 ნოემბრის ბრძანება ¹421 ნ. მ-სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; ნ. მ-ე მიღებულ იქნა შპს „-- -- --“ იურისტის თანამდებობაზე; შპს „-- -- --“ ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2520 ლარის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება; გადაწყვეტილება ნ. მ-ის სამუშაოზე აღდგენისა და სამი თვის ხელფასის - 630 ლარის მიკუთვნების ნაწილში მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებლად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „-- -- --“ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განჩინებით შპს „-- -- --“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ნ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „-- -- --“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს „-- -- --“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „-- -- --“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.