დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 12.03.2007
საქმის ნომერი
ას-34-388-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-34-388-07 19 მარტი, 2007 წ

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ჟ. (დ.) ყი-ი, თ. შ-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – მ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე – .. .. (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. შ-ი მუშაობდა .. .. ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე. 2002 წლის 11 ოქტომბერს თბილისი-ბაკურიანის მონაკვეთზე საკუთარი მანქანით მოხვდა ავტოავარიაში და გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ - დ. ყი-მა 2004 წლის 10 თებერვალს აღძრა სარჩელი .. .. მიმართ და მიუთითა, რომ ვინაიდან მისი მეუღლე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოპასუხე ვალდებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების შესაბამისად გადაეხადა მისთვის ყოველთვიური სარჩო. მოსარჩელემ მოთხოვნა მარჩენალის დაკარგვის გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 550 აშშ დოლარის, ერთჯერადი დახმარების სახით 66000 აშშ დოლარისა და ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ზიანის სახით 300 ლარის გადახდა.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ განცდილ ზიანში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის ანუ მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებია და შესაბამისად არც ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს – .. ..ს თ. შ-ის გარდაცვალების გამო, თ. შ-ის მეუღლე ჟ. (დ.) ყი-ის, თ- შ-ის შვილების – დ. შ-ისა და თ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისათვის თვეში 137,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 450 ლარის გადახდა ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ზარალის გამო. ერთჯერადი ანაზღაურების (დახმარების) შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა .. .. დირექტორმა ნ. ს-მა.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით .. .. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების 1.1 პუნქტი შეიცვალა და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხე .. .. გარდაცვლილი თ. შ-ის მეუღლის ჟ. (დ.) ყი-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს სახით ყოველთვიურად 137,5 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს .. .. წარმომადგენელმა და ჟ. (დ.) ყი-ის წარმომადგენელმა მ. ც-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განჩინებით .. .. წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ჟ. ყი-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით .. .. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების 1.1 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ჟ. (დ.) ყი-ის სარჩელს მისი და მისი შვილის თ. შ-ის სასარგებლოდ მარჩენალის დაკარგვის გამო სარჩოს დანიშვნის თაობაზე, უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გარდაცვლილი მარჩენალი (მეუღლე) თ. შ-ი შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე დაწესებულებასთან, კერძოდ, წარმოადგენდა .. .. ოფისის მენეჯერს. ასევე, დადგენილია, რომ თ. შ-ი გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად მივლინებაში ყოფნის დროს, 2002 წლის 11 ოქტომბერს.

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას და დადასტურებულად თვლის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თ. შ-ი გარდაიცვალა შრომითი მოვალეობის შესრულების დროს.

ასევე პალატამ მიიჩნია, რომ თ. შ-ის მიერ მივლინებაში მყოფი თანამშრომლებისათვის კუთვნილი ავტომანქანით მომსახურება წარმოადგენს მის მიერ შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას, ვინაიდან თ. შ-ის შრომითი ხელშეკრულების დანართის მიხედვით, რაც წარმოადგენს თ. შ-ის სამუშაოს აღწერას, ის არ იყო შეზღუდული იმით, რომ საჭიროების შემთხვევაში მომსახურებოდა ფონდის თანამშრომლებს პირადი მანქანით, როგორც თბილისში, ისე მის გარეთ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. (დ.) ყი-ის წარმომადგენელმა მ. ც-მ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი და რომ სასამართლომ დაარღვია ნორმები, რადგან ნორმების დარღვევად ჩაითვლება არასწორი კანონის განმარტება თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის „გ“ პუნქტისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. (დ.) ყი-ის წარმომადგენლის მ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით .

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ჟ. (დ.) ყი-ის წარმომადგენლის მ. ც-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჟ. (დ.) ყი-ის წარმომადგენლის მ. ც-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.