დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.06.2007
საქმის ნომერი
ას-398-748-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-398-748-07 22 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ.თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ქ-ის წარმომადგენელ ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 10 თებერვალს თ. ქ-მ სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ქ...ის” მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 1999 წლის 3 ნოემბერს მოპასუხესთან სამი წლის ვადით გააფორმა შრომითი კონტრაქტი და დაინიშნა შპს “ქ...ის” ფილიალის “ჯ...ს” დირექტორის მოადგილედ. კონტრაქტის თანახმად, თ. ქ-ს ევალეობდა კახეთის რეგიონში ვენახების განაშენიანების პროცესის უზრუნველყოფა; შრომითი ანაზღაურების სახით დაენიშნა თვეში 641 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარი და ასევე დამატებით ყოველ განაშენიანებულ ერთ ჰექტარ ვენახზე უნდა ანაზღაურებოდა 256 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2000 წლის ნოემბრიდან მოპასუხემ ცალმხრივად დაარღვია კონტრაქტი და გაუფორმა სხვა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გადაიყვანეს ექსპერიმენტული ვენახების ... თანამდებობაზე. კონტრაქტის მიხედვით, შრომითი ანაზღაურება უცვლელი დარჩა, ხოლო დამატებითი ანაზღაურების პუნქტი კონტრაქტში არ იქნა შეტანილი. შემდგომი ერთწლიანი კონტრაქტი კიდევ უფრო გაუარესდა, ვინაიდან თანხა შეუმცირეს 284 აშშ დოლარის შესაბამისი ლარით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ქ-მ მოითხოვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულება და კომპანიისათვის მის სასარგებლოდ 23053 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 სექტემბრის წინასწარი (შუალდური) გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა თ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის არსებობა, ხოლო მოთხოვნის მოცულობა დადგინდა, რომ განისაზღვრებოდა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ქ...მ”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ქ...ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 სექტემბრის წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ქ-ის სარჩელი შპს “ქ...ის” მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლა მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე თ. ქ-ის წარმომადგენელმა ნ. დ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინებით, თ. ქ-ის წარმომადგენელ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ქ-ის წარმომადგენელ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება სახელშეკრულებო ვალდებულებასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ქ-ის წარმომადგენელ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ქ-ის წარმომადგენელ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.