დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
69აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №69აგ-16 28 ივლისი, 2016 წელი

ხ. ლ., 69აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის განაჩენით ლ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 28 სექტემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2016 წლის 25 იანვარს მსჯავრდებულმა ლ. ხ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში განხორციელებული 2015 წლის 8 ივლისის ცვლილების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: მსჯავრდებულ ლ. ხ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – მსჯავრდებული ლ. ხ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენის გადასინჯვას და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენით ლ. ხ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), ხოლო დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად, ვინაიდან ახალი რედაქციის სანქციის ფარგლებშია (ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას).

4. პალატა მიუთითებს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე, დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზე და შეამციროს მისი ზომა.

5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე