საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №162აპ-16 ქ. თბილისი
გ-ი ე, 162აპ-16 14 სექტემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების – ა. გ-ის, ე. გ-ისა და დ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ე. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (გ-ის რაიონის სოფელ თ-სა და ყ-ში არსებული საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და ლ. შ-აზე გასაღების ნაწილში). ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: ე. გ-ს, ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 11 წლით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ე. გ-ვს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით; მასვე 20 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, 5 წლით – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები; ა. გ-ვს, – დაბადებულს 1985 წლის 16 მარტს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 10 წლით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით, ხოლო 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ა. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 20 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, 5 წლით – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები; დ. კ-ეს, ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.
ამავე განაჩენით დამტკიცდა პროკურორ ვ. ც-სა და ბრალდებულ ლ. შ-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ლ. შ-ა, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი – 2014 წლის 13 ნოემბრიდან იმავე წლის 14 ნოემბრის ჩათვლით. ლ. შ-ას დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი და 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის თანახმად, იგი სრულად გათავისუფლდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევისაგან.
გაუქმდა ლ. შ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულებს – ე. გ-სა და ა. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2014 წლის 19 ნოემბრიდან, ხოლო დ. კ-ეს – იმავე წლის 13 ნოემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ დ. კ-ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მსჯავრდებულ ა. გ-ისათვის – სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო ე. გ-ისათვის – სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების – ა. გ-ის, ე. გ-ისა და დ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე