საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.04.2017
საქმის ნომერი
2კ-653აპ.-16
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.04.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№653აპ-16 ქ. თბილისი

ბ-ი რ, 653აპ-16 7 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის განაჩენით რ. ბ-ი, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის განჩინების საფუძველზე. რ. ბ-ს 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, ასევე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ე. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე -ში, მ-ის ქ. №-, ბინა -, ზონა –...ი 05, სექტორი – .., კვარტალი – .., ნაკვეთი – .., კოდი – ..., საკადასტრო კოდი –.....) 4000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

· რ. ბ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 6,12 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას“, რაც 2015 წლის 4 ოქტომბერს ამოიღეს რ. ბ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და რ. ბ-ისათვის საექიმო საქმიანობის უფლების შენარჩუნებას ან საქმის განხილვის შეჩერებას და საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვას საექიმო საქმიანობის ჩამორთმევის კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნით. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში რ. ბ-ისათვის 10 წლით საექიმო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა გაცილებით მკაცრი სასჯელია, ვიდრე მის მიმართ 6 თვით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იქნებოდა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ რ. ბ-ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რასაც არც მხარე უარყოფს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. #483აპ-16, #616აპ.-15), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

10. რაც შეეხება ადვოკატის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ. ბ-ისათვის საექიმო საქმიანობის უფლების აღდგენის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ რ. ბ-ისათვის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის, მათ შორის – საექიმო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ნაწილში, განაჩენის უცვლელად დატოვება კანონიერია, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საერთოდ არ ეხება ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობის საკითხს. (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი №20აგ-16). თუ მხარეს მიაჩნია, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციურია, შეუძლია, თვითონ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩამორთმეული უფლებების აღდგენა, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სცილდება საკასაციო პალატის კომპეტენციას.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე