საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №59აპ-17 ქ. თბილისი
ა-ე ვ., 59აპ-17 22 მაისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ კონსტანტინე ცაცუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განაჩენით ვ. ა-ე, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
ვ. ა-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა; ამასთან, გაუქმდა გირაოს - 10.000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით მ. წ-ს (პ/ნ …..) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (1/7 ნაწილი - იზოლირებული საცხოვრებელი - 17.78 კვ.მ, ხოლო დამხმარე - 6 კვ.მ ფართი), მდებარე თბილისში, ….. (ყოფილი ….. ქუჩა) ქუჩა N….., საკადასტრო კოდი N ….. გირაოს თანხის პროპორციულ ნაწილზე დადებული ყადაღა.
ვ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 17 დეკემბრიდან - 2016 წლის 2 თებერვლის ჩათვლით.
განაჩენით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ვ. ა-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 17 დეკემბერს თბილისში, ….. ქ. N…..-ში მდებარე ვ. ა-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი, ქარხნული წესით დამზადებული „AKC-74” და „AKM“ მოდელის 2 ავტომატი, რომლებიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ჩხრეკისას ასევე ამოიღეს ქარხნული წესით დამზადებული „РПГ-18“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნი, რომელიც წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და 176 ვაზნა, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა კონსტანტინე ცაცუამ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების კუთხით.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზემდგომმა სასამართლომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განაჩენი უცვლელად დატოვა.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
მსჯავრდებულ ვ. ა-ს მიმართ შეფარდებულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განაჩენში აღნიშნა, რომ ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ამასთან, წარსულში ნასამართლევი არაა, მოცემული მუხლით განსაზღვრული სანქციის უმაღლესი ზომის რეალურად მოსახდელად განსაზღვრა ეჭვქვეშ დააყენებდა განაჩენის სამართლიანობას. ამასთან, პალატამ ასევე მიუთითა, რომ იგი ვერ იმსჯელებდა მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის რეალურად, ხოლო ნაწილის პირობითად შეფარდების შესახებ, რადგან მსჯავრდებულს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა კონსტანტინე ცაცუამ. კასატორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში იმ მოტივით, რომ ვ. ა-თვის ბრალად შერაცხული ქმედება ითვალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მხოლოდ პირობითი მსჯავრის გამოყენება, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მსუბუქია.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით, რადგან:
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. ა-თვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ მსჯავრდებულ ვ. ა-თვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება მატერიალური სისხლის სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცია, ასევე - საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც სასამართლომ უნდა დაიცვას მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ვ. ა-ს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები) და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. #125აპ-16).
10. ამავე დროს, მოცემული საქმის შესწავლით არ დგინდება, რომ ამ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დაუშვა რაიმე სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
11. ასევე არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, ასეთი საქმეების თაობაზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
12. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ კონსტანტინე ცაცუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი