საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№67აპ-17 ქ. თბილისი
ჩ-ე ლ., 67აპ-17 22 მაისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ გენადი ბაღდასაროვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. ჩ-ს ბრალი დაედო ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 21 აპრილს თბილისში, ….. ქუჩაზე მდებარე მაღაზია „…..“, ლ. ჩ-მ ხელი ერთხელ გაარტყა მ. ვ-ს, ხოლო ორჯერ - ნ. ზ-ს, რის გამოც მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ლ. ჩ-ე, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
მითითებული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა გენადი ბაღდასაროვმა, რომელიც საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და ლ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზემდგომმა სასამართლომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაზარალებულების - ნ. ზ-სა და მ. ვ-ს ჩვენებები ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე საქმეში არსებულ სხვა მოწმეთა, კერძოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების - ვ. ხ-სა და ვ. შ-ს ჩვენებებს, ასევე სამედიცინო ბარათსა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რის გამოც სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა დაზარალებულების - ნ. ზ-სა და მ. ვ-ს მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებების სანდოობა, მათი მიუკერძოებლობა და მითითებულიდან გამომდინარე, არ გაიზიარა ისინი.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა გენადი ბაღდასაროვმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ლ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულების - ნ. ზ-სა და მ. ვ-ს ჩვენებები ობიექტურად არ აისახა განაჩენებში, სასამართლომ მათი ჩვენებების არასწორი და უკანონო ინტერპრეტაცია მოახდინა, რადგან როგორც მათ, ასევე მათსა და სხვა მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა არ არსებობს. გარდა ამისა, დაზარალებულების ჩვენებები შეესაბამება სამედიცინო ბარათსა და ექსპერტიზის დასკვნებს, რასაც ადასტურებს უტყუარი მტკიცებულება - სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერი.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ ის დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
10. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად.
11. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, კასატორი - ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ლ. ჩ-ს უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ. ჩ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება #397აპ-14).
12. ასევე, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე გამოტანილ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ ექნება არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
13. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ გენადი ბაღდასაროვის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი