საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.06.2017
საქმის ნომერი
2კ-127აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №127აპ-17 ქ. თბილისი

თ-ე ხ., 127აპ-17 29 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ხ. თ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე ასევე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

განაჩენით ხ. თ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ხ. თ-ე მართავდა „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილს და მოძრაობდა უკუსვლით თბილისში, ....., ქ...... მხრიდან ..... მიმართულებით. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე მსვლელობისას ხ. თ-მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეით მ. მ-ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ხ. თ-მ და ითხოვა მართვის უფლების ჩამორთმევის 6 თვემდე შემცირება, ჯარიმის ნაწილში - გაუქმება, ხოლო პირობითი მსჯავრის 3 წლამდე შემცირება.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ხ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი.

მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა და ერთმანეთთან შეაჯერა ისინი. განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მსჯავრდებულ ხ. თ-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაციაც ასევე სწორად არის დადგენილი.

ხ. თ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი და მას მსჯავრდებულის მიმრთ პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ამასთან, სააპელაციო პალატამ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელ გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ხ. თ-თვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა არის მკაცრი და უნდა მოეხსნას, ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, რაც ჩათვლილია პირობითად და დამატებითი სასჯელი - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა - სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ხ. თ-მ.

6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მსჯავრდებული ხ. თ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მართვის უფლების ჩამორთმევის 6 თვემდე შემცირებასა და პირობითი მსჯავრის 3 წლამდე შემცირებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. მსჯავრდებულ ხ. თ-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ შემამსუბუქებელ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს გაითვალისწინა თითოეული მათგანი და მსჯავრდებულ ხ. თ-ს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა სამართლიანი და პროპორციული სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ხ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი